Alfa Romeo Gloria Concept is an Audi A5 Sportback-Sized
Sports Sedan, Debuts in Geneva
კრიზისის დაძლევისკენ გადადგმული პირველი სერიოზული
ნაბიჯი, ამერიკის ბაზარზე დაბრუნება იქნება. მეორე კი - სამოდელო გამის მთლიანად გადახალისება
და შესაბამისად, სოლიდური ინვესტიციები. თავისი სახელის წყალობით, „ალფას“ კარგი
პერსპექტივა აქვს. მთავარია, კომპანიამ მყიდველს ახალი ტექნოლოგიები და მისთვის
ჩვეული დახვეწილი დიზაინი შეაგებოს. კომპანია იმდენად ცნობადია, რომ მის
გამოღვიძებას, ჩინეთშიც კი მოუთმენლად ელიან...
15 თებერვალი
„ალფა რომეო“ „ფიატისა“ და „კრაისლერის“ ჯგუფის
მეორე პრობლემური წევრია „ლანჩას“ შემდეგ. მის გაჭიანურებულ კრიზისს ბოლო არ
უჩანს. ამის გამო, მილანურ კომპანიას თვალი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმაც კი დაადგა.
მართალია, ტურინელთა გურუ სერჯო მარკიონე „ალფას“ ასე ადვილად არ შეელევა, მაგრამ
ისიც ფაქტია, რომ ეს კომპანია „ფიატს“ მძიმე ტვირთად აწევს და ის სრულიად იტალიის
ტკივილად იქცა - არავის უნდა სახელოვანი ბრენდის წარსულში დატოვება. მითუმეტეს,
ამას ბევრი ადამიანის უმუშევრობა მოჰყვება.
ჟენევის მოტორ შოუზე, „ალფა რომეო“ ორი ავტომობილით
წარსდგება. ერთია ფართოდ რეკლამირებული პატარა სპორტული 4C-ს სერიული ვერსია,
ავტომობილისა, რომელიც უკვე ორი წელია, ავტომოყვარულს სისხლს უმღვრევს. მეორე კი
არის კონცეპტუალური სპორტ სედანი, იგივე ოთხკარიანი კუპე, სახელად „გლორია“, რომელიც
ტურინის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) სტუდენტების და „ალფა რომეო სტილე
ჩენტრეს“ ერთობლივი ნამუშევარია. ეს ავტომობილი პირველად შვეიცარიაში კი გამოჩნდება,
მაგრამ მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ ის ამერიკული და აზიური ბაზრებისთვისაა
შექმნილი.
ავტომობილი ზორბა გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძეა
4700 მილიმეტრი, სიგანე 1920 მილიმეტრი, სიმაღლე 1320 მილიმეტრი და ბორბლებს შორის
ბაზა 2900 მილიმეტრი. „გლორია“ ოთხკარიანი ავტომობილია. თავისი გაბარიტებით ის
ახლოსაა „აუდი A5 სპორტბეკთან“. იტალიური კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილს
ყველაზე უკეთ მიესადაგება V6, ან V8 ძრავები, რომლებიც ტურბოკომპრესორით იქნება
აღჭურვილი. ეს კი ნიშნავს, რომ მილანელები იმ ძრავების გამოყენებას უმიზნებენ,
რომლებიც პირველად ახლახანს, „მაზერატი კვატროპორტესთან“ ერთად გამოჩნდა.
„სტუდენტებს ვთხოვეთ, რომ შეემუშავებინათ სამუშაო
პროგრამა, რომელიც „ალფა რომეოს“ სედანის მათსეულ, სრულიად დამოუკიდებელი ინტერპრეტაცია
იქნებოდა. პროექტზე მუშაობისას, ჩვენ ვაკეთებდით კომენტარებს, გვქონდა დისკუსიები,
ვაძლევდით რჩევებს, რათა მათი სპონტანური წარმოსახვები მაქსიმალურად ასახულიყო
საბოლოო პროდუქტში“, - ამბობს „ფიატის“ და „კრაისლერის“ დიზაინის შეფი ლორენცო
რამაჩოტი.
კონცეპტუალურ
„გლორიაზე“ უფრო მეტ ინფორმაციას „ალფა რომეო“ ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნობს.
No comments:
Post a Comment