დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 28, 2015

გამარჯვების სლიპსტრიმი

28 სექტემბერი
რუსთავის ავტოდრომმა, წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის მე-5 ეტაპს უმასპინძლა. კვირას ეტაპის მეორე დღე იყო და ოთხივე კლასში თითო რბოლა გაიმართა. მათგან ყველაზე საინტერესო კი ლეჯენდსის კლასის რბოლა გამოდგა, რომელშიც მონაწილეთა სიმწირის მიუხედავად, ძალიან დაძაბული ბრძოლის მოწმენი გავხდით. რაც შეეხება მონაწილეთა რაოდენობის შემცირებას, ეს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოხატულებაა.

სამწუხაროდ, ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასებს, მათი ლიდერი გუნდი - „MIA ფორსი“ და მისი პილოტები, ირაკლი ჩხეიძე და დათა ქაჯაია გამოაკლდნენ, რომლებსაც ამჯერად, მაყურებლის როლში ყოფნამ მოუწია. არ უასპარეზია შოთა აფხაზავას, რომლის გუნდ „არტლაინის“ უახლეს სარბოლო ავტომობილსაც (არტტექ 395), ფორმულა 3-ის ევროპულ სერიაში, ნურბურგრინგის ტრეკზე ჰქონდა დებიუტი.
შაბათის მსგავსად, სარბოლო დღე ტურინგ ლაითის კლასის რბოლით გაიხსნა. ამ კლასს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს დავით მენთეშაშვილის სახით და თუ მისი მანქანა ფორმაშია, ბრძოლა მხოლოდ მეორე და დანარჩენი ადგილებისთვის მიდის ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა - მენთეშაშვილმა პოულიდანვე შეძლო დაწინაურება და ფინიშის ხაზიც სოლიდური უპირატესობით, პირველმა გადალახა. ამგვარად, ამ სეზონში ჩატარებული 10 რბოლიდან, მას უკვე 9 აქვს მოგებული.

მეორე ადგილისთვის კი იური მანგასაროვმა და ალექს მარღანიამ იბრძოლეს. მე-5 წრეზე მანგასაროვმა პირველ მოსახვევში შესვლისას შეცდომა დაუშვა, რითაც უმალ ისარგებლა მარღანიამ და მეორეზე გადაინაცვლა. თუმცა, პოზიცია დიდხანს ვერ შეინარჩუნა, რადგან მანგასაროვმა მალევე შეძლო საპასუხო წარმატებული მანევრის შესრულება. მარღანია ოდნავ ჩამორჩა და მას რეზო ბიწაძე წამოეწია. მაგრამ მალე მარღანიამ ისევ გაზარდა ტემპი და მანგასაროვის გასწრება სცადა, თუმცა ამაოდ.

ტურინგ ლაითი (8 წრე, წინასწარი შედეგები)
1. დავით მენთეშაშვილი
2. იური მანგასაროვი
3. ალექსი მარღანია
4. რეზო ბიწაძე
5. გოგა გელაშვილი


ეს რბოლა, ნებისმიერ საერთაშორისო სერიას დაამშვენებდა! მის განმავლობაში, არცერთი წუთი არ ყოფილა ისეთი, რომლის დროსაც ლიდერს სულის მოთქმის და თუნდაც რამდენიმე მეტრიანი ჰანდიკაპის შექმნის საშუალება მიეცემოდა. ამასთან, მოწინავესა და მის მდევრებს შორის სხვაობა მეტწილად, მეტრზე ნაკლები იყო ხოლმე. საინტერესოა ისიც, რომ „ლიბერტი ბანკის“ გუნდის პილოტებმა, არჩილ ბიძინაშვილმა და გოგა არჯევანიძემ, გუნდური პაექრობის ნიმუშიც გვიჩვენეს.
რბოლის სტარტიდანვე დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა ბიძინაშვილს, არჯევანიძეს და გიორგი ბეჟიტაშვილს შორის. მათ მალე დავით აფციაურიც ჩაუდგა კვალში. ეს ოთხეული ისე ახლოს მიჰყვებოდა ერთმანეთს, იფიქრებდით, ვაგონებად არიან ჩაბმულიო. ბეჟიტაშვილმა პირველი წრის მიწურულს შეძლო ბიძინაშვილის გასწრება და პელოტონს სათავეში მოექცა. მაგრამ ლიდერობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა - სტარტ-ფინიშის სწორზე, მას ბიძინაშვილმაც გაასწრო და არჯევანიძემაც. მეორე წრის ბოლოს კი ბეჟიტაშვილს აფციაურმაც გაასწრო.
კარგა ხანს, ამ ოთხეულმა ასე იარა. მათ შორიახლოს დავით კაკაბაძეც მიჰყვებოდა, რომელმაც პირველი რბოლის მსგავსად, ამჯერადაც სიცხიანმა იასპარეზა. დაწინაურებულთა წყობას „ლიბერტის“ პილოტების (ძირითადად არჯევანიძის) მწკრივიდან პერიოდული მცირე გადახრა აღრვევდა, რითაც ისინი მეტოქეებს გასასწრებ ტრაექტორიას უკეტავდნენ. იმავდროულად, მათ შორის ინტერვალი იმდენად მცირე იყო, რომ ნებისმიერ მომენტში მოსალოდნელი იყო ლიდერის ცვლილება.
მე-6 წრეზე, მეორე S-მოსახვევში, ბეჟიტაშვილმა აფციაურის გასწრება შეძლო და ახლა თავად ჩაუდგა ლიდერებს კვალში. მანვე რამდენჯერმე სცადა არჯევანიძის გასწრება, მაგრამ ამაოდ. არაფერი რომ არ გამოუვიდა, ბეჟიტაშვილმა შეტევები შეწყვიტა და ოდნავ ჩამორჩა. მისგან ზეწოლა როგორც კი შეუმცირდა, არჯევანიძემ ბიძინაშვილზე მიიტანა იერიში. ორი წრის განმავლობაში, ლიდერი ახერხებდა პოზიციის დაცვას, მაგრამ ზედ ფინიშის ხაზთან, არჯევანიძემ კლასიკური სლიპსტრიმით შეუტია და მანქანის ნახევარი კორპუსით აჯობა თანაგუნდელს.

ლეჯენდსი (10 წრე, წინასწარი შედეგები)
1. გოგა არჯევანიძე             20:01.535
2. არჩილ ბიძნაშვილი        0.046
3. გიორგი ბეჟიტაშვილი    0.885
4. დავით აფციაური            1.630
5. დავით კაკაბაძე                21.615
6. უშო ნანავა                        30.204



ფორმულა „ალფას“ სასტარტო განლაგებაზე, გავლენა წინა რბოლამ იქონია - მართალია, დავით რამიშვილს გამარჯვება ავარიის შემდეგ შეუნარჩუნდა, მაგრამ მეორე რბოლის სტარტზე სამი ადგილით დაქვეითდა, რადგან იმ ინციდენტში, რომელმაც ყველაზე მეტად თავად დააზარალა, მსაჯებმა მისი ბრალი დააფიქსირეს. რამიშვილის დამტვრეული მანქანის აღდგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც, მან ზაზა დუდაურის ბოლიდით გამოსვლა გადაწყვიტა.
პოულზე ისევ მევლუდ მელაძე დადგა, რომელმაც კვალიფიკაციაში მცირედით აჯობა რუს რომან ლებედევს. სტარტზე სწორედ ეს ორი პილოტი დაწინაურდა. მათ შაკო ციხელაშვილი, თორნიკე კიკნაველიძე და დანარჩენებიც მიჰყვნენ. მალე ტექნიკური პრობლემების გამო, ლებედევი გაჩერდა, რის შემდეგაც, მეორეზე კიკნაველიძემ გადაინაცვლა, რომელმაც მანამდე ციხელაშვილს გაასწრო. მაგრამ ორი წრის შემდეგ, კიკნაველიძეც გაჩერდა და მეორეზე ციხელაშვილმა გადაინაცვლა.
ერთი წრე არ იყო გასული, რომ სიჩქარე თავართქილაძემაც დააგდო, რომელიც ბოქსებში არ შესულა, მაგრამ ხიდის მოსახვევის შემდეგ, მაინც მოუწია გაჩერებამ. მისი მანქანა ჩქაროსნული მოსახვევიდან გამოსასვლელის ტრაექტორიის სიახლოვეს გაჩერდა, რის გამოც, ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. და სანამ პელოტონს ის უძღვებოდა, ასპარეზობას რამიშვილიც გამოეთიშა.

რბოლა მალევე განახლდა. მელაძემ კვლავ შეინარჩუნა ლიდერობა, მას ციხელაშვილი მიჰყვა, რომელმაც ხიდის შემდგომ მოსახვევში შეძლო ლიდერის უკან მოტოვება. თუმცა ცოტა ხნით - მეორე S-ში მელაძემ მეტოქეს ხურდა დაუბრუნა და ისევ პელოტონის სათავეში გადაინაცვლა. ამჯერად რბოლის ბოლომდე. ციხელაშვილი მეორე ადგილს დასჯერდა, მესამეზე კი დავით ბაგრატიონი გავიდა.

ფორმულა „ალფა“ (10, წინასწარი შედეგები)
1. მევლუდ მელაძე                         19:14.404
2. შაკო ციხელაშვილი                    0.248
3. დავით ბაგრატიონი                    1.905
4. კოტე თაყაიშვილი                      19.689
5გ. დავით რამიშვილი                   4 წრე
6გ. სანდრო თავართქილაძე          6 წრე
7გ. თორნიკე კიკნაველიძე             7 წრე

8გ. რომან ლებედევი                      9 წრე


„ბეემვეს“ მონო სერია კომპაქტის რბოლაც საინტერესო გამოდგა. მის სტარტზევე, ინციდენტი ვასიკო ჭონიშვილს და ვანო მძელურს შეემთხვათ, რომლებმაც წინა დღით, პირველი რბოლის კვარცხლბეკის ორი უმაღლესი საფეხური დაიკავეს და მეორეშიც გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებდნენ. მძელურმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ პირველივე მოსახვევში, ის და ჭონიშვილი ერთმანეთს დაეჯახნენ. ბედად, ორივე დაუბრუნდა რბოლას, თუმცა ამჯერად პელოტონის ბოლოში. რაც მთავარია, გამარჯვების ყოველგვარი იმედის გარეშე.

წინ კი დიმიტრი ქობულია გაიჭრა, რომელსაც კვალში სანდრო ლომაძე და ირაკლი კუხიანიძე მიჰყვნენ. მთელი რბოლის განმავლობაში, მათ შორის სხვაობა მინიმალური იყო, თუმცა მდევრები ვერც ლიდერთან ბრძოლას ახერხებდნენ. ქობულია სწრაფიც იყო და პოზიციასაც ისე არჩევდა, რომ მეტოქეებისთვის მანევრის დაწყების შანსი არ მიეცა.

თითქოს რბოლა ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლომაძემ ბოლო წრეზე დასანანი შეცდომა დაუშვა, რითაც კუხიანიძეს მეორეზე გადანაცვლების შანსი მისცა. მანაც ეს შანსი კარგად გამოიყენა და რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა. ლომაძე კი მესამეს დასჯერდა. მომდევნო ადგილები გიორგი ბაინდურაშვილმა და თურქმა ჩანკატ ჰურმოღლუმ დაიკავეს.


კომპაქტი (8 წრე, წინასწარი შედეგები)
1. დიმიტრი ქობულია                    16:53.743
2. ირაკლი კუხიანიძე                     +1.529
3. სანდრო ლომაძე                          2.453
4. გიორგი ბაინდურაშვილი          3.600
5. ჩანკატ ჰურმოღლუ                     4.370
6. მიხა ტამასიძე                              21.395
7. გიორგი კირვალიძე                     26.495
8. ვანო მძელური                             33.264
9. დავით ისახანაშვილი                33.406
10. გიორგი გამყრელიძე                 35.479
11. ვასიკო ჭონიშვილი                   39.811
12. დავით ლაბარტყავა                  43.586
13. ოთარ ალაშვილი                       1:13.290

No comments:

Post a Comment