დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 24, 2013

„ფორდი“ 2.0-ლიტრიან „ეკობუსტ“ ძრავებს ოჰაიოში გამოუშვებს

Ford starting up 2.0L EcoBoost engine production in Ohio
24 თებერვალი
„ფორდ ამერიკას“ პრეზიდენტმა ჯოი ჰინრიხსმა (ფოტოზე) გამოაცხადა, რომ მისი კომპანია 2.0-ლიტრიან „ეკობუსტ“ ოთხცილინდრიან ძრავებს, 2014 წლის ბოლოდან კლივლენდის ძრავების ქარხანაში (ბრუკ პარკი, ოჰაიო) გამოუშვებს, რისთვისაც ამ ქარხნის მოდერნიზაცია და ამ საქმეზე 200 მილიონი დოლარის ინვესტირება იქნება საჭირო. ამის შემდეგ კი მასში დამატებით 450 ადმიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.
პარალელურად, ევროპული წარმოების „ფორდებს“, კვლავაც ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანაში წარმოებული „ეკობუსტ“ ოთხცილინდრიანი ძრავებით აღჭურვავენ. კლივლენდური ძრავებით კი მხოლოდ ამერიკაში წარმოებული „ფორდები“ აღიჭურვება. საერთოდ, ამერიკულ კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, რომ მსხვილი რეგიონების ბაზრებისთვის, „ეკობუსტ“ ძრავები ადგილზევე აწარმოოს.
„ეკობუსტ“ ძრავები მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, მარტო ამერიკაში, შარშან ასეთი ძრავებით აღჭურვილი 334 364 ავტომობილი გაიყიდა. წელს ამ მაჩვენებლის ნახევარ მილიონამდე ზრდაა ნავარაუდები. გლობალური მასშტაბით კი ასეთი ძრავებით აღჭურვილი 1.6 მილიონზე მეტი ავტომობილი უნდა გაიყიდოს. უფრო მეტიც, ორ წელიწადში ამერიკული კომპანიის მიერ, მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების 95 პროცენტი „ეკობუსტ“ სერიის ძრავებით უნდა იყოს აღჭურვილი.

გამოცემა „ავტომოტივ ნიუსის“ ინფორმაციით, „ეკობუსტ“ სერიის ძრავით აუცილებლად აღიჭურვება ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგი“, რომელიც ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს. გარდა ამისა, კლივლენდში წარმოებული იგივე სერიის ძრავებით, საშუალო და კომპაქტური ავტომობილების გარდა, „ფორდ ტაურუსი“, „ფორდ ექსპლორერი“, „ლინკოლნ MKZ“ და „ლინკოლნ MKT“ აღიჭურვება.
აღსანიშნავია ისიც, რომ „ეკობუსტი“ უკვე უცხო ხილი აღარაა ისეთი ზორბა მანქანისთვის, როგორიც არის პიკაპი F-150. ამ ავტომობილისთვის 3.5-ლიტრიან V6 ძრავებს იყენებენ. ამ ძრავს კლივლენდში 2009 წლიდან აწარმოებენ. აღნიშნულ პერიოდში იქ უკვე ამ ტიპის ნახევარი მილიონი აგრეგატია გამოშვებული. აღსანიშნავია, რომ კლივლენდის ქარხანა პირველია, სადაც „ფორდმა“ „ეკობუსტ“ ტექნოლოგიით ძრავების წარმოება დაიწყო. მაგრამ ამ ქარხნის სიმძლავრე არასაკმარისია, რის გამოც, აგრეგატების ესპანეთიდან იმპორტია საჭირო, რაც ამერიკულ კომპანიას ძვირი (მყარი ევროს გამო) უჯდება.

No comments:

Post a Comment