4 იანვარი
გასულ წელს, ამერიკაში 14.5 მილიონი ავტომობილი
გაიყიდა, ანუ წინა წელთან შედარებით, 13 პროცენტით მეტი. ეს საუკეთესო მაჩვენებელია
2007 წლის შემდეგ. და როგორც ყოველთვის, ამერიკული ბაზრის საუკეთესო გაყიდვადი
ავტომობილის საპატიო წოდება, „ფორდის“ F-სერიის პიკაპს ერგო. ამავე ავტომობილის
დამსახურებაა ისიც, რომ „ფორდი“ ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდია.
სულ წლის განმავლობაში F-სერიის 645 316 ავტომობილი
გაიყიდა. მეორე ადგილზეც პიკაპის ტიპის მსუბუქი სატვირთო ავტომობილი - „შევროლე
სილვერადო“ (418 312) გავიდა. მესამე ადგილი კი „ტოიოტა ქემრის“ (404 886) ერგო,
რომელიც წლების განმავლობაში, სედანების კლასში პირველობას არავის უთმობს. მას „ჰონდას“
ორი ავტომობილი, „აკორდი“ (331 872) და „სივიკი“ (317 909) ჩამორჩა.
უგზოობის კომპაქტურ ავტომობილებს შორის პირველია „ჰონდას“
CR-V (281 652), რომელმაც მცირედით ჩამოიტოვა „ფორდ ისკეიპი“ (261 008). 14 პროცენტით
არის გაზრდილი პრემიუმ სეგმენტის ლიდერ „ბეემვეს“ გაყიდვები (281 480).
ბავარიელებს მცირედით ჩამორჩა „მერსედეს-ბენცი“, რომლის გაყიდვებიც (274 134) 11.8
პროცენტით არის გაზრდილი. „აუდის“ ანგარიშზე მხოლოდ 139 310 გაყიდული ავტომობილია.
თუმცა, „ფოლკსვაგენის“ პრემიუმ ბრენდის გაყიდვები ყველაზე მეტად, 18.5 პროცენტით
გაიზარდა.
ვოლფსბურგელებმა საკუთარი მარკით 90 295 დიზელისძრავიანი
ავტომობილი გაჰყიდეს. ამასთან, მათ მიერ გაყიდული ყოველი ხუთი ავტომობილიდან ერთი
დიზელის ძრავითაა აღჭურვილი.
ჰიბრიდების და ელექტრომობილების ბაზარზე, ლიდერი „ტოიოტა
პრიუსის“ უკვე მრავალწევრიანი ოჯახია, რომლის 236 000 „წევრიც“ გაიყიდა. რაც
მთავარია, „პრიუსის“ ოჯახის გაყიდვები 75 პროცენტით არის გაზრდილი. კარგი შედეგი
ჰქონდა პლაგ-ინ ჰიბრიდულ „შევროლე ვოლტს“, რომლის გაყიდვებიც სამჯერ (!) არის
გაზრდილი. ეს მაშინ, როდესაც მისი უშუალო კონკურენტი, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“
მხოლოდ 9 674 ცალია გაყიდული. ეს კი წინა წლის მაჩვენებელზე მხოლოდ 145-ით მეტია.
კვლავ დაძაბული პაექრობაა ეგრეთ წოდებულ მასქლ
ქარების სეგმენტში, სადაც ისევ ორი გამოკვეთილი ლიდერია - „ფორდ მუსტანგი“ (82 995)
და „შევროლე კამარო“ (84 391). ეს უკანასკნელი უპირატესობას ინარჩუნებს, თუმცა
ისიც უნდა ითქვას, რომ „მუსტანგზე“ გაცილებით ახალგაზრდაა. საინტერესო იქნება მათი
გაყიდვების შედარება, როდსაც ბაზარზე ახალი „მუსტანგი“ გამოვა (2015 წელს).
კომპანიებს შორის, კვლავ პირველია „ჯენერალ მოტორსის“
ჯგუფი, რომლის ანგარიშზეც 2 595 717 გაყიდული ავტომობილია. „ფორდმა“ 2 243 009
ავტომობილი გაჰყიდა და მეორეა, თუმცა ცალკეულ ბრენდებს შორის პირველი ადგილი
დაიკავა. მესამე ადგილზეა „ტოიოტა“ (1 664 660, ზრდა 27 პროცენტი). პირველმა ორმა
გაყიდვები შესაბამისად, 4 და 5 პროცენტით გაზარდა, თუმცა ამის მიუხედავად,
ამერიკის ბაზარზე მათი წილი შემცირდა. სამაგიეროდ, ბაზრის წილი გაზარდა „კრაისლერმა“,
რომელმაც 1 651 787 გაყიდული ავტომობილით (ზრდა 21 პროცენტი), მეოთხე ადგილი
დაიკავა.
საინტერესო
მონაცემები აქვთ „მერსედეს-ბენცის“ ბრენდებს - „სმარტს“ და „მაიბახს“. ჯუჯა
ავტომობილების მწარმოებელმა გაყიდვები თითქმის გააორმაგა (5 208-დან 10 009-მდე,
ზრდა 92 პროცენტი), მეორემ კი, რომელიც მალე წარსულში დარჩება, 28 პროცენტით
გაზარდა, თუმცა მხოლოდ 50 ლიმუზინის გაყიდვა შეძლო.
No comments:
Post a Comment