4 იანვარი
გაყიდვებში ჩინეთი უკვე მსოფლიო ლიდერია. მალე კი
ეს ქვეყანა წარმოების მხრივაც ყველას გადაასწრებს. ლიდერობის გზაზე, ცისქვეშეთელთა
ბოლო მეტოქე ევროპაა. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეკონომიკური კრიზისიც რომ
არა, ძველი კონტინენტი, სწრაფად მზარდ ჩინეთს ლიდერობას მაინც აუცილებლად
დაუთმობდა.
„ფაინენშლ ტაიმსმა“ ხუთი სხვადასხვა ანალიტიკური
ჯგუფის (IHS, LMC ავტო, PwC, ბანკი UBS და ბანკი კრედიტ სუისი) პროგნოზები
შეაჯამა, რომელთა შეჯერებამაც აჩვენა, რომ წარმოებული ავტომობილების რაოდენობით, ჩინეთი
ევროპას წელს პირველად გადაასწრებს.
ჩატარებული ანალიზის შედეგად, გამოცემა ვარაუდობს,
რომ წელს ჩინეთში დაახლოებით 19.6 მილიონ სამგზავრო და მსუბუქ კომერციულ ავტომობილს
გამოუშვებენ. ევროპისთვის კი პროგნოზი 18.3 მილიონი ავტომობილია. არადა, მათი შარშანდლი
მონაცემებია 17.8 და 18.9 მილიონი.
საინტერესოა, რომ ევროპის მონაცემებში თურქული და
რუსული ავტოინდუსტრიის რიცხვებიც გათვალისწინებულია, სადაც წარმოების სწრაფი ზრდა
შეინიშნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინური კომპანიების უმეტესობა,
ავტომობილებს ევროპული, ამერიკული და იაპონური კომპანიების დახმარებით აწარმოებს.
No comments:
Post a Comment