დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 29, 2015

სებასტიან ლოები დაკარზე „პეჟოთი“ იასპარეზებს

Sébastien Loeb Joins Peugeot's Dream Team For The 2016 Dakar Rally
29 სექტემბერი
რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი და პაიკს პიკის აღმართზე რბოლის რეკორდსმენი, ფრანგი სებასტიან ლოები, დაკარის 2016 წლის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ამის საშუალებას კი მას ფრანგული საავტომობილო კომპანია „PSA პეჟო სიტროენი“ მისცემს, რომელმაც რბოლისთვის სპეცალურად მოამზადა სარბოლო ავტომობილი „პეჟო 2008 DKR16“.
„პეჟომ“ დაკარის რბოლისთვის ნამდვილი „ოცნების გუნდი“ შეკრა. ლოების გარდა, მასში რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი კარლოს საინსი, დაკარის 11-გზის გამარჯვებული, ფრანგი სტეფან პეტერანსელი და მოტოციკლებში დაკარის 5-გზის გამარჯვებული, ასევე ფრანგი სირილ დესპრე. ლოები და მისი ახალი თანაგუნდელები, 3-9 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ მაროკოს რალიში, რომელიც დაკარისთვის მზადების ბოლო ტესტი იქნება.
„დაკარი სრულიად განსხვავებული ტიპის რბოლაა იმისგან, რასაც ამჟამად ვაკეთებ. ეს ძალიან დიდხანს, ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება. ამიტომ, გამძლეობა არამხოლოდ პილოტს მოეთხოვება, არამედ მანქანასაც. ეს რბოლისადმი სრულიად განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. და მე მას იანვარში აღმოვაჩენ“, - ამბობს 41 წლის ლოები, ვინც „სიტროენის“ საქარხნო გუნდთან ერთად, ამჟამად ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატში ასპარეზობს და მესამე ადგილზე იმყოფება.
ლოებმა „პეჟოს“ მიერ დაკარისთვის მომზადებული სარბოლო ავტომობილი მაროკოში უკვე გამოსცადა. მაროკოს რალიზე ის შარშანდელი სპეციფიკაციის ავტომობილით იასპარეზებს, საინსის განკარგულებაში კი უახლესი 2008 DKR16 იქნება.

„ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ დაკარის ავტომობილი, სრულიად განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩემს ხელთ იყო ავტომობილი, რომელიც მოსახვევში კარგად მემორჩილებოდა. ეს კი სულ სხვაა - მხოლოდ წინ მოძრაობის საშუალებას გაძლევს. ამიტომ, დრო მჭირდება იმისათვის, რომ მას გავუგო და თავდაჯერებული გავხდე“, - დასძენს ლოები.

No comments:

Post a Comment