Bloodhound SSC - 1000mph challenger revealed
29 სექტემბერი
„ბლადჰაუნდ SSC“ - ასე ჰქვია ამ
ჰიბრიდულ-რაკეტისძრავიან ავტომობილის მსგავს აპარატს, რომლითაც მისი შემქმნელები,
ხმელეთზე სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარებას ეცდებიან. თუმცა სანამ ახალ რეკორდს,
ამ 14 მეტრის სიგრძის და 135 000-ცხენისძალიანი მხეცით შეეჭიდება, სამეფო საჰაერო
ძალების პილოტი და ხმელეთზე სიჩქარის ახლანდელი რეკორდის ავტორი ენდი გრინი მას
კორმუოლის აეროდრომზე, გაზაფხულზე გამოსცდის.
მომავალი წლის ოქტომბერში, „ბლადჰაუნდ SSC“
პირველად გამოვა სამხრეთ აფრიკის დამშრალ ტბა ჰაკსკინ პანის ფსკერზე იასპარეზებს.
ეს ადგილი ორი წლის განმავლობაში იწმინდებოდა ქვებისგან და უკვე მზადაა მსოფლიოს
მომავალი რეკორდსმენის მისაღებად. ტრასა, რომელზეც გრინი „ბლადჰაუნდ SSC-ით“
იასპარეზებს, 19 კილომეტრის სიგრძისაა. მიზანი არა უბრალოდ ძველი რეკორდის
გაუმჯობესებაა, არამედ 1000 მლ/სთ-იანი (დაახლოებით 1600 კმ/სთ) ზღვარის
გადალახვა.
რიჩარდ ნოუბლი |
ავტომობილი, რომელიც ერთდროულად სამი ტიპის -
რეაქტიული, შიდაწვის საავტომობილო და რაკეტის ძრავითაა აღჭურვილი, ბრიტანულ
საზოგადოებას ლონდონში, ფინანსურ ცენტრ კანარი ვარფში უჩვენეს. უჩვეულო
ავტომობილის სანახავად, იქ ათასობით ადამიანი მივიდა. მათ წინაშე, „ბლადჰაუნდ SSC“
ნახევრად „გახდილი“ წარსდგა - მას მარცხენა მხარეს ძარის ელემენტები მოხსნილი
ჰქონდა, რათა დამთვალიერებლებს მისი შიდა აგებულება დაენახათ.
ცნობისათვის, სიჩქარის სახმელეთო რეკორდი ბოლოს
1997 წელს დამყარდა. რიჩარდ ნოუბლის მიერ შემუშავებული „ტრასტ SSC“, ამერიკის ბლექ
როკის უდაბნოში (შტატი ნევადა) ენდი გრინმა გამოიყვანა, რომელმაც ორი ცდით 1 228
კმ/სთ სიჩქარე დააფიქსირა. ის რეაქტიული ავტომობილი, „როლს-როისის“ ორი
ტურბორეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი, რომლებიც თავის დროზე, სამხედრო გამანადგურებელ
„F-4 ფანტომს“ ემსახურებოდა.
პროექტის ავტორ ნოუბლის და გრინის პირველი მიზანი,
800 მლ/სთ (1287 კმ/სთ) სიჩქარის აკრეფაა. შემდეგ ეტაპზე, 900-მილიან (1447 კმ/სთ)
ზღვარს გადალახავენ და ბოლო, მთავარი სამიზნე, 1000 მლ/სთ-ია (1608 კმ/სთ). ამ
მიზნის მისაღწევად, ავტომობილი ერთბაშად ორი გამწევი ძრავით აღჭურვეს. ერთია „როლს-როისის“
რეაქტიული ძრავი, რომლითაც უახლესი ავიაგამანადგურებელი „ევროფაიტერ ტაიფუნია“
აღჭურვილი. მეორე კი - ნორვეგიულ კომპანია „ნამმოს“ წარმოების სარაკეტო ძრავი. „ბლადჰაუნდ
SSC-ს“ მესამე ძრავიც აქვს - „იაგუარის“ წარმოების მექანიკურდამჭირხნიანი V8,
რომელიც სარაკეტო ჰიბრიდული ძრავისთვის, საწვავის მიმწოდებელ ტუმბოს ამუშავებს.
პროექტს 200-ზე მეტი სპონსორი უჭერს მხარს. მათი
ლოგოები სარეკორდო ავტომობილის ტანზეა გამოსახული. „ბლადჰაუნდ SSC-ს“ შექმნაზე, 12
წამყვანი უნივერსიტეტის მკვლევარები და ინჟინრები მუშაობდნენ. ეს ყველაფერი ძალიან
ძვირი დაჯდა - ამ ეტაპზე, პროექტზე უკვე დახარჯულია 40 მილიონ გირვანქა სტერლინგზე
მეტი. მომავალი წლის პროგრამის შესასრულებლად კი 17 მილიონია საჭირო. დაახლოებით
ამდენივე დასჭირდება ბოლო ფაზის განხორციელებას, რომლის საბოლოო მიზანიც, სარეკორდო
გარბენის შესრულებაა.
No comments:
Post a Comment