McLaren F1 team considers radical approach for
later in season
13 მაისი
„მაკლარენი“ მზადაა, თავისი სარბოლი ბოლიდის
განვითარების რადიკალური გზა აირჩიოს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ
სიტუაცია ბრიტანულ ეტაპამდე არ გამოსწორდება. ბარსელონაში უოკინგელებმა ზედიზედ
მესამე რბოლა დაასრულეს უქულოდ, ჯენსონ ბატონი და კევინ მაგნუსენი კი მთელი
სარბოლი სარბოლი უიკენდის განმავლობაში, მანქანის სიჩქარის ნაკლებობას უჩიოდნენ.
ბრიტანული გუნდი ავტომობილის დახვეწაზე მუშაობს და
როგორც საქარხნო ტესტებმა გამოავლინა, შემდგომი ეტაპებისთვის მომზადებული
ტექნიკური სიახლეები, რომელთა უმეტესობაც, ჩაჭიდების გაზრდას ემსახურება,
სასურველი შედეგის მომტანია. მთავარია, მათი წყალობით, ავტომობილი უფრო
კონკურენტუნარიანი გახდეს. გუნდის დირექტორი ერიკ ბუიე იმედოვნებს, რომ ბრიტანული
ეტაპისთვის, ინჟინრებს ექნებათ პასუხი იმაზე, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს
მანქანის სრულყოფის პროცესი.
„ფაქტია, რომ ლიდერებს საკმაოდ ჩამოვრჩებით, მაგრამ
განვითარების მხრივ, საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. მონაკოსა და კანადაში,
კონფიგურაციის მხრივ, ძალიან სპეციფიკური ტრასებია. ამიტომ, პასუხს კითხვაზე,
რეალურად რა შედეგის მომტანია ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო, ავსტრიაში და
სილვერსტოუნზე მივიღებთ. არ ვამბობ, რომ სილვერსტოუნზე მოვიგებთ, მაგრამ იქ ზუსტად
გავიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლიდერების დაწევა შევძლოთ“, - ამბობს
ბუიე.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, ბრიტანეთში
სასურველი შედეგის მიუღწევლობის შემთხვევაში, გუნდი სეზონს ხომ არ ჩამოწერს და
მთელ რესურსებს მომავალი სეზონისთვის მზადებისკენ ხომ არ მიმართავს, ბუიე პასუხობს:
„არ მგონია, ჩვენი ყურადღება მთლიანად მომავალ სეზონზე გადავიტანოთ. მართალია,
აეროდინამიკურ მილში მუშაობის მხრივ, ძველებურად შეუზღუდავები აღარ ვართ, მაგრამ
იმის უნარი კი შეგვწევს, რომ სილვერსტოუნის შემდეგ, მანქანის სრულყოფის უფრო
რადიკალური, აგრესიული კონცეპციები შევიმუშაოთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მომავალი
სეზონისთვის მანქანის კონცეპციაზე უკვე ვმუშაობთ“.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, გუნდებს აეროდინამიკურ
მილში კვირაში მხოლოდ 30 საათი შეუძლიათ მუშაობა. ადრე მათ არავინ აკონტროლებდა და
თუ ამის საშუალება იყო, შესაბამისი სამუშაოები ყოველდღიურად სრულდებოდა. შეზღუდვით
გამოწვეულ დანაკლისს კომპიუტერული ჰიდროდინამიკის (CFD) გამოყენებით აქვსებენ.
დაბოლოს, ბუიე დარწმუნებულია, რომ „მაკლარენის“
მანქანის მახასიათებლებს ნელი ტრასები უკეთ შეეფერება. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა,
მონაკოს დიდ პრიზზე, უოკინგელებმა სიურპრიზი შემოგვთავაზონ.
No comments:
Post a Comment