დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 15, 2014

ქართველი მრბოლი ფორმულა 1-ში? რატომაც არა!

ოღონდ, ეს თავისთავად არ მოხდება!
14 მაისი
ახალგაზრდა ქართველი მრბოლის, ნიკო სურგულაძის კარიერაში გადამწყვეტი დრო დგება - მან უნდა დაიწყოს ის გზა, რომელიც ფ1-ის ჩემპიონ კიმი რაიკონენის მენჯერმა, სტივ რობერტსონმა (მანვე ფ1-სკენ გზა ჯენსონ ბატონსაც გაუკაფა) დაუსახა. პირველი სეზონი უნდა ჩაატაროს ფორმულა „რენო“ 2.0-ში, რის შემდეგაც, უფრო მაღალი დონის ფორმულებში და ბოლოს, ფორმულა 1-ში გადასვლის ჯერი დადგება.
17 წლის ქართველ მრბოლს, ვინც სამხრეთ აფრიკაშია გაზრდილი, ამ დასაწყისამდე 11-წლიანი კარიერა აქვს გამოვლილი, რომლის განმავლობაშიც, მოტოქროსში და კარტინგში ასპარეზობდა. ახლა კი ღიაბორბლიანი სარბოლი ავტომობილების (როგორებსაც ფორმულებად მოვიხსენიებთ) ჯერი დადგა. ახლა ყველაფერი ფაქტობრივად ნულიდან იწყება, რადგან თუ ეს ნაბიჯი არ გადაიდგა, მერე უკვე გვიან იდგება, რადგან ავტოსპორტი და კონკრეტულად ფორმულა 1, ძალიან გაახალგაზრდავდა - 19 წლის ასაკში ზემოთ ნახსენები გზის დაწყება უკვე წარმოუდგენელია.
ნიკომ წარმატებით გაიარა ფორმულა „რენო“ 2.0-ის წინასასეზონო ტესტები და სეზონის დაწყებამდე, ესპანურ AVF-სთან გააფორმა კონტრაქტი, რომელთან ერთადაც, „რენო“ 2.0-ის ჩრდილოევროპულ სერიაში, იტალიის მონცას ტრეკზე იასპარეზა. მალე იმავე გუნდის ბოლიდით ბრიტანულ სილვერსტოუნზეც გამოვა. იმისათვის, რომ ეს სეზონი, რომელიც მისთვის გამოცდილების დასაგროვებელია, სრულად გაიაროს, ქართველ მრბოლს ფინანსური მხარდაჭერა ესაჭიროება.
სერიაში მონაწილეობისთვის აუცილებელი თანხის 75 პროცენტი უკვე გადახდილია, რაშიც ნიკოს და მამამისს, გიორგი სურგულაძეს უცხოელი პარტნიორები დახმარნენ. სხვათა შორის, თანხის დიდი ნაწილი თავად სურგულაძის ოჯახმა გაიღო. დარჩა 25 პროცენტი, რომლის საქართველოში მოძიების შემთხვევაშიც, ნიკო ქრთული დროშით იასპარეზებს. სხვათა შორის, გუნდმა და ოჯახმა იმდენი მოახერხეს, რომ „რენო“, რომელიც ჩემპიონატის მთავარი ორგანიზატორია, თანხის განვადებით გადახდაზე დაითანხმეს. ნიკოს მხარდამჭერი გუნდი იმედოვნებს, რომ საქართველოში გამოჩნდება ხუთი ისეთი კომპანია, რომლებიც პერსპექტიულ ქართველ მრბოლს (შესაძლოა, ფ1-ის მომავალი პილოტის), მისი კარიერის ამ მეტად მნიშვნელოვან მომენტში, გვერდზე დაუდგებიან და ამ თანხას გადაუხდიან. თვეში 2 500 ევრო ხომ ბევრი კომპანიისთვის მხოლოდ საშუალო ანაზღაურების მქონე მენეჯერის ხელფასია...
არის კიდევ ერთი გამოსავალი - სპორტის სამინისტრო, რომელსაც ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარება შეუძლია. გასაგებია, რომ სამინისტროს შერჩეული აქვს სპორტის პრიორიტეტული სახეობები, რომლებსაც მილიონებს ახარჯავს (ხშირად სასურველი შედეგის გარეშეც), მაგრამ უმჯობესი ხომ არ იქნება, პრიორიტეტულად ის სახეობა ჩაითვალოს, რომელშიც მეტი პერსპექტივა გამოჩნდება? ან იქნებ, ახალი პერსპექტივის გაჩენისას, როგორთანაც ამჯერად ავტოსპორტში გვაქვს საქმე, თანხების გადანაწილება მაინც მოხდეს...
წარმოიდგინეთ, რომ ნიკომ შეძლო მიზნის მიღწევა... წარმატება გადამდებია და ამის შემდეგ, ქართველ პერსპექტიულ მრბოლებს, როგორებიც ყოველთვის გვყავს, უცხოელი სელექციონერები თავად მიაქცევენ ყურადღებას. საჭიროა ერთი გაელვება, ერთი შანსი და მერე ბევრი ბარიერი უფრო ადვილად დასაძლევი გახდება. ნიკოს რეალური შანსი აქვს, ქართული ავტოსპორტის ლოკომოტივად გადაიქცეს. ეს კი უკვე საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ მას ყურადღება ქართველებმაც მიაქციონ. თორემ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილისა არ იყოს, ვარსკვლავებს უცხოეთში დიდი ხანია აფასებენ ნიკოსაც გამოუჩნდბა მფარველი, რომლის ერთადერთი პირობაც, მანქანაზე მისი გვარის გასწვრივ, მაგალითად, სამხრეთ აფრიკის დროშის მიხატვას მოითხოვს. ეს კი გულდასაწყვეტი იქნება...

No comments:

Post a Comment