Fernando Alonso returns with McLaren in 2015
11 ოქტომბერი
ესპანური გამოცემა „F1 ალდია“ იტყობინება, რომ ფერნანდო
ალონსო 2015 წლის სეზონიდან „მაკლარენში“ დაბრუნდება. გამოცემა ირწმუნება, რომ
მხარეებს შორის კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. თუმცა, „მაკლარენის“ შეფ მარტინ
უიტმარშს სურს, რომ ესპანელი მასთან მომავალი სეზონიდანვე გადავიდეს. ამის მიზეზი
კი ისაა, რომ ბრიტანულ გუნდთან სპონსორობას აპირებს დაუსახელებელი კომპანია,
რომელიც უოკინგელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუ მათ პილოტად ალონსო
ეყოლებათ.
ჯერჯერობით ყველაფერი გაურკვეველია. „მაკლარენს“ არ
სურს სერხიო პერესის შენარჩუნება, ჯენსონ ბატონს კი კონტრაქტის დასრულებამდე, ესე
იგი, ორი სეზონით დაიტოვებს. არც ისაა გამორიცხული, რომ „მაკლარენი“ ორივემ
დატოვოს. მართალია, მექსიკური სატელეკომუნიკაციო გიგანტი „ტელმექსი“ და მისი
მფლობელი, მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი კვლავ აგრძელებს პერესის მხარდაჭერას,
მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენმა“ შესაძლოა ტიტულოვან სპონსორად „ჯილეტი“
აირჩიოს.
გავრცელებული ინფორმაციით, „მაკლარენისგან“ ალონსოს
დაბრუნებას „ჰონდაც“ მოითხოვს, რომელიც სწორედ 2015 წლის სეზონიდან გუნდს ძრავებით
მოამარაგებს. თუ „მაკლარენის“ სპონსორი „ტელმექსი“ გახდება, მაშინ პერესი გუნდში
დარჩება და ალონსოს დაბრუნების შემთხვევაში, მისი თანაგუნდელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ალონსო „მაკლარენში“ 2007 წელს
გამოდიოდა. მაშინ მისი თანგუნდელი ახალბედა ლუის ჰამილტონი გახდა. ორივემ საბოლოოდ
თანაბარი ქულები დააგროვა და თითო ქულა წააგო კიმი რაიკონენთან, რომელიც ჩემპიონი
გახდა. უფრო მეტი მეორე ადგილების წყალობით, ჰამილტონმა ვიცე ჩემპიონის წოდება
მოიპოვა. იმავე სეზონში, გუნდსა და ესპანელს შორის მომხდარი სკანდალის გამო,
ალონსომ „მაკლარენი“ დატოვა და „რენოში“ დაბრუნდა.
No comments:
Post a Comment