Mini reveals tech details for new 2013 Mini
Cooper
11 ოქტომბერი
ახლოვდება ახალი თაობის „მინი კუპერის“ დებიუტის
დრო და ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც „ბეენვეს“ ჯგუფის წევრია, ახალი ავტომობილის
შესახებ, პირველი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ
ავტომობილის ძრავების გამაში სრულიად ახალი აგრეგატები შევა, რომელთა წყალობითაც,
ავტომობილი ტემპერამენტიანიც იქნება და ეკონომიურიც. გარდა ამისა, „მინის“ სამსახურში
ჩადგება სრულიად ახალი, ადაპტირებადი საკიდარი.
ახალი „მინის“ ძრავების გამაში შევა ბენზინის და დიზელის
სამცილინდრიანი და ბენზინის ოთხცილინდრიანი ძრავები. ორივე ტიპის სამცილინდრიანი
ძრავი 1.5-ლიტრიანია, ოთხცილინდრიანი კი - 2.0-ლიტრიანი. ბენზინის აგრეგატებს
წყვილი ტურბოდამჭიხნი და საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა
ემსახურება. უფრო პატარა 136 ცხენის ძალას და 220 ნიუტონმეტრს ავითარებს, მეორე კი
- 192 ცხენის ძალას და 280 ნიუტონმეტრს. ორივე შემთხვევაში, ძრავები მაქსიმალურ
მომენტს 1250 ბრ/წთ-ზე გამოიმუშავებს. მაქსიმალური ბრუნვები 6500 ბრ/წთ-ს აღწევს.
ამასთან, ორივეზე შესაძლებელია ტურბო ჩაბერვის წნევის მყისიერი გაზრდა, რაც მაბრუნ
მომენტს შესაბამისად, 10 და 20 ნიუტონმეტრით ზრდის.
რაც შეეხება დიზელის აგრეგატს, მისი სიმძლავრე 116 ცხენის
ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 270 ნიუტონმეტრი. ეს აგრეგატი, ახლანდელ 1.6-ლიტრიან
დიზელზე 7.0 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. ცნობისათვის, 1.6-ლიტრიანი დიზელით
აღჭურვილ ახლანდელ „მინის“ ასი კილომეტრის გასავლელად 3.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.
კომპანიის განცხადებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის
შემცველობა და ამ მხრივ, სამივე ძრავი ევრო6 სტანდარტს შეესაბამება.
ახალ ძრავებთან ახალი ტრანსმისიები იმუშავებს. ეკიპირებაში
შევა 6-საფეხურიანი მექანიკური და ავტომატური კოლოფები, რომლებშიც ლილვების
სინქრონზაციის ახალი სისტემებია გამოყენებული და მათი დახმარებით, საფეხურების
შეცვლა სწრაფად და რბილად ხორციელდება. ამასთან, ავტომატური კოლოფის შემთხვევაში,
გამოყენებულია ის ტექნოლოგა, რომელსაც „როლს-როისი“ (!) იყენებს. თუ ავტომობილის
კომპლექტაციაში სატელიტური ნავიგაცია შედის (მყიდველის სურვილის შესაბამისად),
მაშინ მისი GPS სისტემა ტრანსმისიასთანაც „თანამშრომლობს“.
ამ თანამშრომლობის შედეგი ისაა, რომ ტრანსმისია საფეხურს გზის დახრილობის,
მოსახვევის სიმკვეთრის, გზის მდგომარეობის, სიჩქარის შეზღუდვის და სხვა პირობების
გათვალისწინებით არჩევს. მსგავს სისტემას „როლს-როისი“ თავის „ვრეიტზე“ იყენებს,
რომლის ფასიც 237 000 გირვანქა სტერლინგია.
რაც შეეხება საკიდარს, კომპანიის ისტორიაში
პირველად, ის ადაპტირებადია. სისტემას ელექტრონიკა აკონტროლებს, რომელიც
განსაზღვრავს, რა სიხისტე უნდა მიანიჭოს დრეკად ელემენტებს. ამასთან, საკიდარს ორ
რეჟიმში მუშაობა შეუძლია, რომლებსაც სპეციალური ღილაკის მეშვეობით შეარჩევთ. ერთი
კომფორტული მართვისთვისაა განკუთვნილი, მეორე კი - სპორტულისთვის.
ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შევა საჭის მართვის ელექტრო
გამაძლიერებელი, რომელზეც დატვირთვის ცვლაა შესაძლებელი. უსაფრთხოების სისტემებში
სიახლეა ფეხმავალთან შეჯახებისას კაპოტის წამოწევის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც,
იზრდება შეჯახების კუთხე და შესაბამისად, მცირდება ტრავმის ალბათობა. ეს სისტემა
ავტომობილის 20-55 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას მუშაობს.
ახალი „მინი კუპერის“ პრემიერა 18 ნოემბერს
გაიმართება კომპანიის ქარხანაში, რომელიც ოქსფორდში (ბრიტანეთი) მდებარეობს.
No comments:
Post a Comment