Aston Martin to resist electric power
16 ოქტომბერი
„ასტონ მარტინის“ შეფი ულრიხ ბეცი აცხადებს, რომ
მისი კომპანია ჯერჯერობით უარს ამბობს ჰიბრიდული სუპერ ავტომობილების წარმოებაზე
და კვლავაც V12 ძრავების გამოყენებას გააგრძელებს. ის თვლის,
რომ ჰიბრიდულ სისტემებში გამოყენებული ელემენტები ძალიან ამძიმებს ავტომობილს, რაც
სუპერქარებისთვის მიუღებელია.
„ჩვენ ჰიბრიდები არც მომავალ წელს გვექნება და არც
იმის შემდეგ. ჰიბრიდიზაცია მხოლოდ ორ შემთხვევაშია სასარგებლო: ფორმულა ერთში,
სადაც ამ სისტემას გასწრებისას იყენებენ, ასევე საწვავის ხარჯის შესამცირებლად.
პირველი ვარიანტი მიუღებელია საგზაო ავტომობილისთვის, მეორე კი - კარგია, მაგრამ
თუ ნელა ივლი, საწვავს ისედაც ნაკლებს დაწვავ. მე ვთვლი, რომ სპორტული ავტომობილი
მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, რაც ჰიბრიდიზაციის შემთხვევაში შეუძლებელია. არ
მგონია, გამართლებული იყოს მანქანის 100 კილოგრამით დამძიმება იმისთვის, რომ დამატებითი
100 ცხენის ძალა მიიღო“, - ამბობს ბეცი.
სხვათა შორის, ახლახანს ბრიტანულმა კომპანიამ, „ბოშის“
ინჟინრებთან ერთად, DB9-ს ჰიბრიდული ვერსია შეიმუშავა. ამ პროექტის დანიშნულება,
ბენზინ-ჰიბრიდული სისტემების შესაძლებლობათა დემონსტრირება იყო, რომელიც „ბოშის“
აზრით, სპორტული ავტომობილის დინამიკას და მართვადობას მცირედითაც კი არ
აუარესებს. სხვათა შორის, ჰიბრიდული სისტემის „წყალობით“, DB9 300 კილოგრამით
დამძიმდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ადგილიდან ასის ასაკრეფად, სერიულ ვერსიაზე 20 პროცენტით
ნაკლები დრო სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ „ფერარი“, „მაკლარენი“ და „პორშე“
უკვე უშვებენ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილ სუპერ ავტომობილებს (შესაბამისად,
ლაფერარის, P1-ს და 918 სპაიდერს). ამათგან ყველაზე სუსტი გერმანული სუპერია,
რომლის სიმძლავრეც 887 ცხენის ძალას შეადგენს. ყველაზე ძლიერი კი - იტალიური,
რომლის სიმძლავრეც 963 ცხენის ძალაა. „მაკლარენ P1-ის“ ჰიბრიდული სისტემის ჯამური
სიმძლავრე კი 916 ცხენის ძალაა.
ყველაზე
საინტერესო ისაა, რომ ბეცი კვლავაც V12 ძრავების ერთგული რჩება. არადა, სუპერ
ავტომობილების მწარმოებლების უმეტესობა, ამ ტიპის აგრეგატების გამოყენებას უკვე
ამცირებს. ერთი შეღავათი ისაა, რომ ბეცი არ გამორიცხავს თავისი V12
აგრეგატების ლიტრაჟის შემცირებას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, „ასტონ მარტინი“ უფრო
ინტენსიურად გამოიყენებს V8 ძრავებს. ამ საქმეში კი „ასტონს“ თავისი გერმანელი პარტნიორი
„მერსედეს-ბენცი“ და მისი შტო AMG დაეხმარებიან.
No comments:
Post a Comment