Thierry Neuville poised for Hyundai WRC move for 2014
25 ოქტომბერი
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ ინფორმაციით, ბელგიელი
მრბოლი ტიერი ნოივილი, რომელსაც რალის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე
ადგილი მყარად უკავია, მომავალი სეზონიდან „ჰიუნდაის“ გუნდში იასპარეზებს. ნოივილი,
ვინც გუნდ „M-სპორტის“ „ფორდ ფიესტათი“ ასპარეზობს, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
თუმცა ბრიტანული გამოცემა ირწმუნება, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე
მიღწეულია და კონტრაქტამდე ფორმალური მხარის მოგვარებაღა დარჩა.
„ჰიუნდაის“ გუნდის მენეჯერმა ალენ პენასმა აღიარა,
რომ ნოივილმა კორეული კომპანიის ალცენაუს ბაზა მოინახულა, სადაც რალის მსოფლიო
ჩემპიონატისთვის ჰეჩბეკ i20-ის სარბოლ ვერსიას ამზადებენ. თუმცა, მისივე თქმით,
ბაზაზე სხვა მრბოლებიც ჰყავდათ მიწვეული, რომელთა ვინაობასაც ის არ აკონკრეტებს.
„გასაღები მის ხელთაა, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვიცით,
აპირებს, თუ არა ძრავის დაქოქვას. ჩვენ ყველანი ტიერის გადაწყვეტილებას ველით.
თუმცა იმავდროულად, სხვა ბევრ მრბოლთანაც გვაქვს მოლაპარაკება. მათ შორის მხოლოდ „ფოლკსვაგენის“
მრბოლები არ არიან“, - ამბობს პენასი და დასძენს, რომ მრბოლთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებას გუნდი ოქტომბერში მიიღებს.
ნოივილი ამ სეზონის აღმოჩენაა, თუმცა WRC-ში
დბიუტისთანვე, მას ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მრბოლად აღიარებენ. ამის
მიუხედავად, გასული სეზონის ბოლოს, მან „სიტროენის“ ახალგაზრდულ გუნდში ადგილი
დაკარგა, რის შემდეგაც „M-სპორტში“ გადავიდა. აქ კი ორივე თანაგუნდელი, ნორვეგიელი
მადს ოსტბერგი და რუსი ევგენი ნოვიკოვი აშკარად დაჩაგრა. რამდენიმე ეტაპზე,
გამარჯვებისთვისაც იბრძოლა.
მართალია,
25 წლის ბელგიელს რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ რბოლა არ მოუგია, მაგრამ მიმდინარე
სეზონში ოთხჯერ მეორე ადგილი დაიკავა და ორჯერ - მესამე. ასეთი შედეგების გამო, „სიტროენმა“
მას დაბრუნება, „M-სპორტმა“ კი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ასე რომ, ნოივილს
დასაფიქრებელი აქვს.
No comments:
Post a Comment