დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 20, 2013

დათა ქაჯაია ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

20 ოქტომბერი
დათა ქაჯაიამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიის ჩემპიონის ტიტული. ქართველი მრბოლის შარშანდელ ევროპულ გამოსვლებს თუ „ვენი, ვიდი, ვიჩის“ (მივედი, ვნახე, გავიმარჯვე) ხასიათი ჰქონდა, წელს ის იქ აშკარა ფავორიტი იყო და ეს სტატუსი სრულად გაამართლა. დღეს მან საფრანგეთის ნოგაროში სეზონის ბოლო, მეშვიდე ეტაპის ენდურენს რბოლაც მოიგო და საჩემპიონო თასიც აღმართა!
ნოგაროში რბოლის წინ, ქაჯაია 70 ქულას უგებდა უახლოეს მდევარს, ფრანგ სიმონ ესკალიეს, რომელმაც ლედენონში გამართული წინა ეტაპი მოიგო. ჩვენებურს შეეძლო, თავი დიდად არ შეეწუხებინა და მაინც ჩემპიონი გახდებოდა. მაგრამ ქაჯაიამ ბოლომდე ბრძოლა და სეზონის გამარჯვებით დასრულება ამჯობინა და მიზანსაც მიაღწია - ენდურენსის გარდა, ერთი სპრინტიც მოიგო, მეორე სპრინტში კი, ავარიის გამო, კვარცხლბეკზე ასვლა ვეღარ მოახერხა. მოკლედ, საჩემპიონო აკორდი მოიწყო!
ბოლო ეტაპზე, ტრავმის მიუხედავად გავიდა კონსტანტინე კოლიაშვილიც, მაგრამ გარდა იმისა, რომ წინა ეტაპზე მომხდარ სერიოზულ ავარიაში მოტეხილი მხარი ბოლომდე მოშუშებული არ ჰქონდა, სათადარიგო მანქანით მოუწია ტრასაზე გასვლამ. და რაღა გასაკვირია, ათეულში რომ ვერ მოხვდა. მისი ტრასაზე გასვლა უკვე გამარჯვების ტოლფასი იყო!
ქართველმა მრბოლებმა მორიგი ევროპული სეზონი კვლავ ტრიუმფით დაასრულეს. მომავალ სეზონში ჩვენები ისევ გამოვლენ ევროპულ ლეგენდებში. და ისევ იქნებიან ლიდერებში. ოღონდ, კარგი იქნება, თუ ქაჯაია უფრო მაღალ კლასში (ასეთი უამრავია, მათ კენწეროში კი ლე მანი და ტურინგის მსოფლიო ჩემპიონატია) გადაინაცვლებს, მის ადგილს კი ლეგენდებში სხვა დაიკავებს - ასეთები ბევრი გვყავს და იქნებ, ლეჯენდსის კლასის რბოლები, ქართველებისთვის დიდი და წარმატებული აღმავალი გზის დასაწყისად იქცეს...

No comments:

Post a Comment