დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 9, 2013

დათა ქაჯაიას ჰეთ-თრიკი ბრენდს ჰეჩზე

9 ივნისი
დათა ქაჯაიას, გარდა იმისა, რომ კარგი პილოტია, ერთი კარგი თვისებაც აქვს - მისთვის სრულიად ახალ ტრასაზეც ისე კარგად ასპარეზობს, იფიქრებთ, მთელი ცხოვრება აქ ვარჯიშობსო. შარშან ეს დაამტკიცა, როდესაც ლეჯენდსის კლასის ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის ჩემპიონი დებიუტისთანავე გახდა. ამ სეზონში კი ის ლიდერია, გამოკვეთილი ლიდერი. და ეს ლიდრობა დღეს, ბრიტანეთის ბრენდს ჰეჩზე სამი რბოლის შემდეგ, კიდევ უფრო განიმტკიცა.
ტრასაზე, რომელიც ერთ დროს ფორმულა ერთის რბოლებს მასპინძლობდა, ეროვნებათა თასის მესამე ეტაპი ჩატარდა. ეს ტრასა შარშან კალენდარში არ შედიოდა და ბუნებრივია, ქართველი მრბოლისთვის ახალი ხილი იყო. მაგრამ ის იქ მივიდა, ნახა და გაიმარჯვა! სამი ეტაპი, 9 რბოლა და 9 გამარჯვება. ამ 9 გამარჯვებას კლერმონ ფერანში, გამძლეობაზე რბოლის პიტსტოპზე დაშვებული შეცდომის გამო, ერთი გამოაკლდა, მაგრამ ამან დათას ლიდერის პოზიცია ოდნავაც ვერ შეარყია.
პირველი რბოლა ძალიან ძნელი გამოდგა. როგორც დათას გუნდ „MIA ფორსის“ უფროსი მამუკა ჟორჟოლაძე ამბობს, ტრასა ძალიან რთულია თავისი ვირაჟებით. მაგრამ გაცილებით რთული კლერმონ ფერანის შემდეგ, ჩვენებურმა ამასაც გაართვა თავი და პირველი სპრინტი, ბელგიელ დავიდ დე ზეგერთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. დათამ მეტოქეს ფინიშთან მანქანის ნახევარი კორპუსით მიასწრო.
ქაჯაიამ გაცილებით იოლი გამარჯვება მეორე ოცწუთიან სპრინტში მოიპოვა. როგორც მამუკა ჟორჟოლაძე გვატყობინებს, დათა განსაკუთრებით კმაყოფილი მანქანის მომზადების მაღალი დონით დარჩენილა. სამაგიეროდ, ენდურენსის რბოლა ისევ რთული გამოდგა. დათამ სტარტი პოულიდან კი აიღო, მაგრამ მალე ავარიულ სიტუაციაში აღმოჩნდა და შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მეტოქეების გატარება მოუხდა. ამის გამო, მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა.
თუმცა, მალევე გაიკაფა გზა და რამდენიმე წრეში ლიდერ დე ზეგერს ჩაუდგა კვალში. დათამ ფინიშამდე ექვსი წრით ადრე შეძლო მეტოქის ჩამოტოვება და აქედან მოყოლებული, ლიდერობა აღარც დაუთმია. სწორედ იმ წრეზე, რომელზეც დაწინაურდა, დათამ რბოლის უსწრაფესი წრეც დააფიქსირა.
რაც შეეხება დათას თანაგუნდელ კონსტანტინე კოლიაშვილს, ხელის ტრავმის მიუხედავად, მან მაინც იასპარეზა, თუმცა ტკივილების გამო, თავისი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა და ენდურენსი მეათე ადგილზე დაასრულა.
ეროვნებათა თასის მორიგი, მეოთხე ეტაპი საფრანგეთის მანი კურზე, ივნისის ბოლო უქმეებზე ჩატარდება.

No comments:

Post a Comment