13 მაისი
„ბეემვეს“ ჩინურ ბაზარზე ავტომობილები კარგად
ეყიდება და სოლიდურ მოგებასაც ღებულობს, ამ მოგების დიდ ნაწილს კი ელექტრომობილების
ტექნოლოგიების განვითარებასა და ასეთი ავტომობილების გამის გასაფართოებლად
გამოიყენებს. გერმანულ გაზეთ „ჰანდელსბლატის“ ინფორმაციით, საინვესტიციო პაკეტის
მოცულობა 3 მილიარდ ევროს აღწევს. ეს რიცხვი გაზეთმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ
სუისთან“ ერთად გამოითვალა. ბავარიული კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა „ავტომოტივ
ნიუს იუროპთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტიციის დასახელებული მოცულობა რეალურზე
„ცოტათი მეტია“.
სხვა კომპანიების მსგავსად, ელექტრომობილების საკუთარი
პროგრამა „ბეემვესაც“ აქვს, რითაც კომპანია პირველ რიგში ცდილობს, რომ ევროკავშირში,
ამერიკასა და ჩინეთში გამონაბოლქვზე გამკაცრებული რეგლამენტები დააკმაყოფილოს.
სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე, „ბეემვეს“ მიერ წარმოებული ავტომობილების
გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის საშუალო შემცველობა, ყოველ კილომეტრზე 138 გრამია. 2020
წლისთვის მოთხოვნა 95 გრამამდე შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიებს აუცილებლად
მოუწევთ ხარჯიანი ავტომობილების წარმოებაზე უარის თქმა. შესაბამისად, მათს
საწარმოო პროგრამაში ელექტრომობილების წილი სულ უფრო გაიზრდება.
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, რომელიც სექტემბერში
ჩატარდება, „ბეემვე“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილ i3-ს
(ფოტოზე) წარადგენს, რომელიც ევროპის ბაზარზე გამოფენის დასრულებისთანავე გამოვა.
სხვათა შორის, ამ ავტომობილის წარმოება ივნისში უნდა დაიწყოს. პირველ რიგში,
კონვეიერზე მისი ხუთკარიანი ვერსია დადგება. მას მოჰყვება სპორტული პლაგ-ინ
ჰიბრიდული i8, რომლის ფასიც სავარაუდოდ, 100 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment