13 მაისი
„რედ ბულის“ ბოსმა დიტრიხ მატეშიცმა თანამედროვე
ფორმულა ერთი გააკრიტიკა და განაცხადა, ფორმულა 1 რბოლა აღარააო. ამის მიზეზი კი
ის ფაქტორი გახდა, რომ ბოლო ორი სეზონია, რბოლებში საინტერესო სანახაობას და
დაძაბულობას ძირითადად „პირელის“ სწრაფად ცვეთადი საბურავები ქმნის.
მატეშიცი ამბობს, რომ სწრაფად დეგრადირებადი
საბურავები „რედ ბულის“ პილოტების შედეგებზე უარყოფითად აისახება. კერძოდ,
მსიფლიოს სამგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელს მთელი რბოლის განმავლობაში, ძირითადად
საბურავების გაფრთხილებაზე ზრუნვა უწევდა და ნაკლებად მეტოქეებთან ბრძოლაზე. შედეგად,
მან ფინიშს მეოთხემ მიაღწია და თუ ბაჰრეინში პრაქტიკულად უკონკურენციო იყო,
ბარსელონაში „ფერარის“ და „ლოტუსის“ მრბოლებს ვერც მიუახლოვდა.
ბრიტანულმა ჟურნალმა „ავტოსპორტმა“ შეიტყო, რომ მატეშიცს
45-წუთიანი საუბარი ჰქონდა ბერნი ეკლსტოუნთან, რომლის დროსაც აღნიშნა, რომ „პირელის“
მეტისმეტი მოუვიდა, როდესაც გამიზნულად შექმნა სწრაფად ცვეთადი საბურავები. ერთი
მხრივ, ეს სანახაობას ქმნის, მაგრამ მეორე მხრივ, პილოტები ვეღარ ახერხებენ
საკუთარ და მანქანის შესაძლებლობათა გამოვლენას.
„ყველამ იცის, რაც აქ ხდება. ამას რბოლასთან შეხება
საერთოდ აღარ აქვს. ეს სრის შეჯიბრი საბურავების უკეთ გამოყენებაში. მანქანების
რბოლა სულ სხვანაირია. ამ სიტუაციაში კი ჩვენ ვერც პილოტების შესაძლებლობებს
ვიყენებთ და ვერც მანქანებისას. კვალიფიკაციაც სულ სხვანაირია. მთავარი ამ დროს
საბურავების გაფრთხილებაა და არა საუკეთესო დროის ჩვენება. ჩვენ რომ ბარსელონაში მანქანის
შესაძლებლობები სრულად გამოგვეყენებინა, რვაჯერ, ან ათჯერ მაინც მოგვიწევდა
რეზინის შეცვლა“, - ამბობს მატეშიცი.
ავსტრიელი მილიარდერი აღიარებს, რომ „პირელის“
სთხოვეს ისეთი რეზინის შემუშავება, როგორებიც რბოლების სანახაობრივ მხარეს
გააუმჯობესებდა, მაგრამ თვლის, რომ იტალიურ კომპანიას მეტისმეტი მოუვიდა და
მოთხოვნა გადაჭარბებით შეასრულა: „რა თქმა უნდა, ყველას სურდა, რომ უკეთესი
სანახაობა მიგვეღო, რაც მეტი სტოპით იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს მეტისმეტია. ახლა
სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით“.
ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „რედ
ბულის“ მოტორსპორტის მრჩეველი ჰელმუტ მარკო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემაზე
ალაპარაკდა: „საქმე იქამდე მიდის, რომ მრბოლებს მუდმივად საბურავების გაფრთხილეზე
ვუთითებთ. არადა, საბურავის დაზიანებას სერიოზული ავარიის გამოწვევა შეუძლია. ასე
თუ გაგრძელდა, ასეთი ავარიის შანსი გაიზრდება. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ „პირელის“
ამის შესახებ ვუთხრათ“.
სხვათა
შორის, ბარსელონაში „პირელიმაც“ აღიარა, რომ რბოლისას ოთხი პიტსტოპი მეტისმეტია და
ამის გამო, საბურავების შემადგენლობის შეცვლა იგეგმება. ოღონდ, ეს ბრიტანულ
ეტაპამდე ვერ მოესწრება.
No comments:
Post a Comment