A Video Tour of the 2013 Geneva International
Motor Show Premieres
7 მარტი
დასრულდა ჟენევის მოტორ შოუს ყველაზე დატვირთული, პრესის
დღეები და მასთან ერთად, ახალი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილების პრემიერები.
ახლა ფართო საზოგადოების ჯერია, რომელსაც საავტომობილო სიახლეების სანახავად ათი
დღე აქვს. როგორც ყოველთვის, ჟენევის პალექსპოს საგამოფენო ცენტრში, რომელიც
ჟენევის საერთაშორისო აეროპორტ კუენტრენიდან ორ ნაბიჯშია, 700 000-ზე მეტ
დამთვალიერებელს ელიან.
ექსპო სენტერის 110 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, 260
კომპანიამ 130 მსოფლიო და ევროპული პრემიერა ჩაატარა. გამოფენას 10 000-ზე მეტი
ჟურნალისტი აშუქებს, რომელთა უმეტესობაც უცხოელია. რაც შეეხება დამთვალიერებლების
რიცხვს, 700 000 ბოლო წლების საშუალო მაჩვენებელია. თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ
მათი რაოდენობა მილიონამდეც კი ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიზიტორთა
დაახლოებით 40 პროცენტი უცხოელია.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოფენის წინ,
პალექსპოს მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ცენტრი ისევ 7 დიდი დარბაზისგან
შედგება, მაგრამ გაიზარდა მათი ფართობი. მე-6 დარბაზის ფართობს 5 000 კვადრატული
მეტრი დაემატა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა მთავარი შესასვლელის უკან არსებულ არეს.
შეიცვალა მესამე დარბაზის კონფიგურაცია.
რაც შეეხება ექსპონატებს, თავი რომ დავანებოთ სუპერ
ავტომობილებსა და ბევრ ძალიან საინტერესო კონცეპტუალურ მოდელს, ჟენევის 83-ე მოტორ
შოუ იმითაცაა საინტერესო, რომ მასზე შედგა ჩინურ-ებრაული კომპანია „ქოროსის“
ევროპული და მსოფლიო პრემიერა. ამ კომპანიას ჩვენც აუცილებლად გაგაცნობთ.
ეს გამოფენა განსაკუთრებით მდიდარია ახალი სუპერ
ავტომობილების პრემიერებით. სხვა თუ არაფერი, სწორედ ჟენევაში გამოჩნდა
ლეგენდარული „ენცოს“ შემცვლელი, „ლაფერარი“. ეს ავტომობილი პირველია „ფერარის“
ისტორიაში, რომელიც ჰიბრიდული და ამ ეტაპზე, მარანელოელთა გამაში უმძლავრესი აგრეგატით
აღიჭურვა. აქვე მისი მთავარი კონკურენტის, „მაკლარენ P1-ის“
მსოფლიო პრემიერა ჩატარდა. თუმცა, ეს ავტომობილი უოკინგელებმა გაცილებით ადრე -
ფორმულა ერთის ახალი ბოლიდის პრეზენტაციაზე გვაჩვენეს. მართალია, ის მანქანა კამუფლაჟით
იყო შენიღბული, მაგრამ ეს მის ფორმებს აბსოლუტურად ვერ მალავდა.
„როლს როისმა“ თავისი მესამე მოდელი - „ვრეიტი“
გვიჩვენა, ავტომობილი, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი გაყიდვები და „ბენტლისთან“
რეალური (რაოდენობრივი თვალსაზრისით) კონკურენციის საშუალება მისცეს. ერთ რამედ
ღირს „ლამბორგინის“ ერთჯერადი (უფრო სწორედ, სამჯერადი) ჰიპერქარი „ვენენო“,
რომელიც კომპანიის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა და მხოლოდ სამი ცალი
დამზადდება. და სამივე უკვე გაყიდულია. არადა, თითოეული 3.6 მილიონი ევრო ღირს...
რა
თქმა უნდა, განსაკუთრებულ აღნიშვნას ეკოლოგიური ტექნოლოგიებიც იქცევს. გამოფენაზე
წარმოდგენილი დაახლოებით 900 ავტომობილიდან, 10 პროცენტზე მეტი, ყოველი კილომეტრის
გავლისას, ატმოსფეროს 100 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებენ. სხვათა
შორის, ამ ავტომობილების სია სპეციალურადაა შედგენილი და ყველა დამთვალიერებელს უფასოდ
ურიგდება!
ვიდეო
No comments:
Post a Comment