Motor racing-Red Bull and Newey agree new deal
10 ივნისი
ფორმულა ერთის ყველაზე გამორჩეულმა ინჟინერმა
ედრიან ნიუიმ „რედ ბულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, მალე
მისი სამოქმედო არეალი მხოლოდ ფ1 აღარ იქნება. ავსტრიული გუნდის ბოლო წლების დომინაციის
შემოქმედი მომავალი სეზონისთვისაც მოამზადებს ბოლიდს, რის შემდეგაც, „რედ ბულ ტექნოლოჯის“
პროექტებზე იმუშავებს და პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ფ1-ის საჯინიბოს შემდგომი
სეზონებისთვის ახალი მანქანების მომზადებისას რჩევებით დაეხმრება.
ნიუი „რედ ბულში“ 2006 წელს გადავიდა. მანამდე ის
საჩემპიონო ბოლიდებს „უილიამსისა“ და „მაკლარენისთვის“ ქმნიდა. ყველაზე მეტ წარმატებას
კი სწორედ მილტონ კინსში გადასვლის შემდეგ მიაღწია - მის მიერ შემუშავებული ბოლიდით,
სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი ტიტული მოიპოვა და გუნდმაც ზედიზედ ოთხჯერ შეძლო
კონსტრუქტორთა თასის აღება.
ნიუიმ მონაკოშივე უარყო გავრცელებული ხმები იმის
შესახებ, რომ ის „ფერარის“ მრავალმილიონიან შეთავაზებას დათანხმდა და მალე მარანელოში
გადავიდოდა სამუშაოდ. მან ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ „რედ ბულში“ მუშაობის
გაგრძელება სურდა. სხვათა შორის, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ფ1-დან აფროსნობაში
გადასვლა და ამერიკის თასისთვის სარბოლი აფროსნის დამზადება სურს. თუმცა, „რედ
ბულში“ გადასვლის შემდეგ, მისი ეს გატაცება თითქოს დავიწყებას მიეცა.
საინტერესოა, რომ მრავალმილიონიანი (სხვადასხვა ვარაუდით,
სეზონზე 20 მილიონი ევრო) კონტრაქტის გარდა, „ფერარი“ ნიუის სრულ შემოქმედებით თავისუფლებას
სთავაზობდა, რაც ფ1-ის გარდა, მისი სხვა გატაცებების (მათ შორის, აფროსნობაშიც) ხელის
შეწყობასაც გულისხმობდა. ამასთან, 55 წლის ნიუი ჩართული იქნებოდა ლე მანის
პროექტშიც (ესეც მისი ინტერესის სფეროში შედის), რომლის შესახებაც იტალიური კომპანია
განცხადების გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
No comments:
Post a Comment