დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 7, 2013

„როლს როის ვრეიტი“ - ლიმუზინი სპორტული ხასიათით


The Wraith is Rolls Royce's Idea of a High-Performance Fastback Coupe
7 მარტი

როგორ შეძლეს „ვრეიტის“ დიზაინერებმა“ ამ გიგანტის ასეთ ელეგანტურ ავტომობილად გამოძერწვა, ეს ალბათ მხოლოდ მათ იციან. „როლს როისმა“ რომ მესამე მოდელის გამოშვების შესახებ, ფოტო ტიზერის გავრცელებით გვაუწყა, ალბათ ყველამ „ფანტომისა“ და „გოსტის“ მსგავსი ოთხბორბლიანი კრეისერი წარმოიდგინა. რა თქმა უნდა, ის გაბარიტებით პირველ ორს არ ჩამორჩება, მაგრამ უფრო ამქვეყნიურიცაა.

რა თქმა უნდა, შეიძლება ეს პირველი შთაბეჭდილებები ბევრისთვის მიუღებელი და გასაკვირიც იყოს, მაგრამ „როლსის“ გამაში რომ „ვრეიტი“ ყველაზე გამორჩეული და ელეგანტურია, ეს ალბათ სადაო არ უნდა იყოს. მითუმეტეს, ფერთა შეხამებაც ძალიან უხდება...
„დღეს ჩვენ ნამდვილი ჯენტლმენების გრან ტურიზმოს გიჩვენებთ, ავტომობილს, რომელიც ჩარლზ სტიუარტ როლსის სულისკვეთებას გამოხატავს. ეს არის „როლს როისის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ავტომობილი. „ვრეიტში“ შერწყმულია კომპანიის დამაარსებლის ლტოლვა თავგადასავლების და სისწრაფისადმი. მაგრამ იმავდროულად, „ვრეიტის“ მთავარი ღირსება სიმდიდრე, დახვეწილი გემოვნება და ხარისხია, ფაქტორები, რომლებსაც დღესაც, ისევე როგორც საუკუნის წინ, „როლს როისის“ მომხმარებლები ყურადღებას ყველაზე მეტად აქცევენ“, - პრეზენტაციაზე განაცხადა „როლს როისის“ მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა.
„ვრეიტი“ ფასტბეკისძარიანი კუპეა. ეს ზორბა ავტომობილი ორკარიანია, ამასთან კარები წინიდან უკან იღება - ეს „როლსის“ საფირმო სტილი გახდა. ავტომობილი აღჭურვილია კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი ძრავით, რომელიც წინაა განლაგებული. ეს არის 6.6-ლიტრიანი V12, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 624 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრია.
ძრავთან დაკავშირებულია ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც GPS-სისტემასთანაა დაკავშირებული. ამ სისტემის დახმარებით, კოლოფი არამხოლოდ თავად ირჩევს საფეხურს, რომელიც კონკრეტულ მომენტში შეეფერება ძრავის მუშაობის რეჟიმს, არამედ იმასაც განსაზღვრავს, შემდგომ მონაკვეთზე რომელი საფეხური იქნება საჭირო და სწრაფად მოუწევს თუ დაბალ საფეხურზე დაბრუნება, რაც საწვავის ზედმეტ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. ამგვარად, ასეთი კოლოფის მეშვეობით, ძრავის შესაძლებლობათა უფრო ეფექტური და რაციონალური გამოყენებაა შესაძლებელი.
ამ შესანიშნავი ტანდმის მეშვეობით, თითქმის ორტონიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა სულ რაღაც, 4.4 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი „როლსმა“ ჯერჯერობით ისევ საიდუმლოდ შეინახა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი სხვა „როლსებთან“ შედარებით, უფრო ხისტი საკიდარითაც აღიჭურვა, რაც სპორტული სტილისთვის გაღებული ხარკია. შეიცვალა საჭის მექანიზმის კალიბრაცია, რისი წყალობითაც, ის უფრო ინფორმატიული (ესეც სპორტული სტილია) გახდა და სიჩქარის ზრდასთან ერთად „მძიმდება“.
რა თქმა უნდა, „ვრეიტის“ ინტერიერში სიმდიდრის ყველა ელემენტსა და სიმბოლოს - კომფორტულ სავარძლებს, რომლებიც მასაჟით გასიამოვნებთ, უხვად ტყავს და ძვირფასი ხისგან დამზადებულ დეტალებს, ყველაზე მაღალი დონის ინფოტაინმენტ სისტემას ნახავთ. ჭერში კი ვარსკვლავები „ანათებს“. მძღოლის განკარგულებაშია ხმოვანი მართვის ტექნოლოგია.
მთელი ეს ავლადიდება, სახელად „ვრეიტ“, მყიდველს 320 000 დოლარი დაუჯდება, დაახლოებით 100 000 დოლარით ძვირი, ვიდრე მისი უშუალო კონკურენტი, „ბენტლი კონტინენტალ GT სპიდი“.

No comments:

Post a Comment