დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 6, 2013

ფორმულა 1-ში იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწიო

ექსკლუზიური ინტერვიიუ კიმი რაიკონენთან
6 მარტი
აისმენი პადოკში
კიმი რაიკონენი თანამედროვე ფორმულა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული პილოტია. 2007 წლის ჩემპიონი, ადამიანი, რომელიც ფ1-ში პირდაპირ დაბალი ფორმულიდან (ბრიტანული ფორმულა რენოდან) მოვიდა, სადაც პირველივე ოთხი რბოლა მოიგო. ფინეთის გარეთ პირველად 15 წლისამ იასპარეზა - მონაკოში.
ეს იყო კარტინგის რბოლა, რომლის დროსაც საჭე გაუტყდა. მაგრამ მაინც არ გაჩერდა და თავისი გადაწყვეტილება მექანიკოსს საჭის ქნევით გააგებინა... მონაკოში მისი მეორე რბოლაც გამორჩეული იყო. პირველივე წრეზე მომხდარი შეჯახების შემდეგ, ის უსაფრთხოების ზონაში აღმოჩნდა. ამას მაშინ მიხვდა, როდესაც გზა გათავდა. აუღელვებლად გადმოვიდა კარტიდან, ასწია და ტრასაზე გადაიტანა, შემდეგ დაჯდა და გზა გააგრძელა. მის მექანიკოსს ეგონა, რომ კიმი რბოლას გამოეთიშა, მან კი ფინიშის ხაზი მესამემ გადაკვეთა!
რაიკონენი აბუ დაბიში გამარჯვებას ზეიმობს

ფ1-ის მოყვარულებს ალბათ შარშანდელი ბრაზილიის დიდი პრიზის დროს მომხდარი ინციდენტი გაგახსენდათ, როდესაც რაიკონენს მსგავსი კურიოზი შეემთხვა. ერთ-ერთ მოსახვევში გზას ასცდა და როგორღაც დამცავი ზღუდის მიღმა, დამხმარე გზაზე გავიდა. სარბოლო რეჟიმში ცოტა მანძლი გაიარა და დაკეტილ ჭიშკარს რომ მიადგა, მაშინღა მიხვდა, რომ სხვაგან იყო. მაგრამ ამჯერადაც, აუღელვებლად მიაგნ ტრასას, რბოლა გააგრძელა და ფინიშთან მეათე მივიდა.
გამოთქმა, „თავი დამანებეთ, ვიცი, რასაც ვაკეთებ“, - კიმის სამარკო ნიშანი გახდა. ამ სიტყვებით მან აბუ დაბის შარშანდელი რბოლის დროს, თანაგუნდელებს რადიოთი მიმართა, როდესაც ისინი ტემპის მომატებას ურჩევდნენ. მან ის რბოლა მოიგო...
ამ სეზნში რაიკონენისგან ყველა ტიტულისთვის ბრძლას აპირებს და ბუნებრივია, ასეთ ადამიანთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომლის აღებაშიც კომპანია „რენო“ დაგვეხმარა, ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება...

- ტესტების შემდეგ უკვე გაქვთ წარმოდგენა ახალ E21-ზე. რას ფიქრობთ, ის შარშანდელ მანქანაზე უკეთესია?
ვფიქრობ, კი. რა თქმა უნდა, ეს შარშანდელი სეზონის მანქანასთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯია. რამდენად კარგია ეს მანქანა? ჯერ არ ვიცი, სეზონი გვიჩვენებს. ის ძალიან გრძელი იქნება და უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება უკეთ დავიწყოთ, უკეთ, ვიდრე გასულ სეზონში. მერე კი ვნახოთ...

- რას იტყვით რომენ გროჟანზე? როგორ ფიქრობთ, ამ სეზონში შეძლებს თავის გამოჩენას?
რომენი საკმაოდ სწრაფია და ეს შარშან დაამტკიცა. რბოლებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა გაცილებით გამოცდილია. ვინ იცის, ამ სეზონში იქნებ უკეთაც იაროს, ან უარესად... ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს. არაფრის დაპირება შეგვიძლია. ჩვენ მარტო ის შეგვიძლია, რომ ასი პროცენტით დავიხარჯოთ;

- ბავშვობაში, ფ1-ის მრბოლებიდან ვინ იყო თქვენი საყვარელი მრბოლი?
კერპები არ მყავს. ყოველთვის ფინელებს ვქომაგობდი. მაგრამ საყვარელი პილოტი არასდროს მყოლია, რომელსაც სხვებზე მეტად ვუსურვებდი გამარჯვებას. მე უფრო რბოლების სპორტული მხარე მაინტერესებს;

- რალის მსოფლიო ჩემპიონატში გადასვლით რა მოიგეთ და რა დაკარგეთ? რით განასხვავდება ეს ორი სახეობა? რომელი უფრო საინტერესოა?
ისინი ძირეულად განსხვავდება და ორივე მომწონს. რალის რბოლებში მონაწილეობა მიყვარს. იქ თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან გამოცდილება მაკლდა. საშუალება რომ მქონდეს, ახლავე სიამოვნებით ვიასპარეზებდი რალის ტრეკზე. მაგრამ ფორმულა ერთის და რალის შედარება შეუძლებელია. ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება;

- რომ არა „ლოტუსი“, ისევ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე იქნებოდით?
მე რბოლები მომწონს. და როდესაც რამე მოგწონს, გინდა ამ საქმეში საუკეთესო იყო. ამ მხრივ, ფ1 საუკეთესო ადგილია. ფორმულაში დავბრუნდი, რათა ისევ შევძლო საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლა;


- რა ძირითად განსხვავებაა საქმისადმი მიდგომის მხრივ „ზაუბერს“, „მაკლარენს“, „ფერარისა“ და „ლოტუსს“ შორის?
ყველა განსხვავებულია. მხედველობაში მაქვს არამხოლოდ სარბოლო ასპექტი, არამედ მათი მუშაობა. შვეიცარიელები, იტალიელები, ინგლისელები... ყველა ერთ საქმეს აკეთებს - საუკეთესო შედეგებისთვის იბრძვიან. მაგრამ ყველას თავისებური მიდგომა აქვს. ვერ ვიტყვი, რომ არსებობს მიზნის მიღწევის სწორი, ან არასწორი მეთოდები. მაგრამ მიდგომა ყოველთვის განსხვავებულია.


- თქვენ აისმენს (ყინულის კაცი) გეძახიან. არსებობს ისეთი რამ, რასაც თქვენი წყობიდან გამოყვანა შეუძლია?
რა თქმა უნდა. და ასეთი რამ ბევრია. ვფიქრობ, ისინი ყველა ადამიანს აქვს;

- ეს მეტსახელი ვინ შეგარქვათ?
ეს დიდი ხნის წინ იყო. მგონი, რონ დენისმა (მაკლარენის შეფი);

- ფ1-ში მსოფლიოს ხუთი ჩემპიონი მონაწილეობს. კიმი რაიკონენს თუ არ ჩავთვლით, ვინ არის მათ შორის ყველაზე გამორჩეული?
უკვე რამდენიმე სეზნია, სებასტიან ფეტელი ზედიზედ ხდება ჩემპიონი. ვფიქრობ, ის ძლიერი მეტოქეა. გასულ სეზონში ჩვენს წინ ორი პილოტი იყო. ვნახოთ, რა იქნება ამ სეზონში. ვიმედოვნებ, უკეთესი შედეგები გვექნება;


- რას გრძნობს ფ1-ის პილოტი, როდესაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დგას? და რას, როდესაც მეორე, ან მესამე საფეხურზეა?
რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესია, როდესაც შუაში (პირველზე) დგახარ. ამ დროს ბედნიერი ხარ, რადგან მიაღწიე იმას, რისთვისაც ამდენს მუშაობდი. მე-2 და მე-3 ადგილებიც არაა ცუდი, მაგრამ ფორმულა 1-ში იმისთვის ვართ, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ამიტომაა, რომ ჩავარდნისას, განწყობაზე ვერ ხარ. და ამ დროს ისღა დაგრჩენია, შემდეგ ჯერზე გამოავლინო საკუთარი თავი.

- რის გამო რისკავთ საკუთარ სიცოცხლეს - ფულის, ადრენალინის, დიდების?
ვფიქრობ, ჩვენგან არავინ თვლის, რომ ჩვენ სიცოცხლით ვრისკავთ. ეს არასწორი იქნებოდა. უბრალოდ, ეს ის საქმეა, რაც ჩვენ მოგვწონს და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ მას.

- ყოველდღიურად რომელ მანქანას ატარებთ?
რა თქმა უნდა, „რენოს“.

- რომელ მოდელს?
„მეგანს“.

- ტრასის გარეთ სწრაფად დადიხართ?
არა. როცა ცოტა ახალგაზრდა ვიყავი, ხანდახან ასეც ხდებოდა, მაგრამ ახლა არა.

- რბოლები რომ არა, რას გააკეთებდით?
ალბათ, სპორტის რომელიმე სხვა სახეობას გავყვებოდი. მაგალითად, მოტოსპორტს. ან მექანიკოსად ვიმუშავებდი.


- ახლა 33 წლის ხართ. ფ1 კი ძალიან გაახალგაზრდავდა. როდემდე აპირებთ ფ1-ში დარჩენას?
არანაირი გეგმები არ მაქვს. შესაძლოა, ეს მომავალ სეზონში მოხდეს, ან იქნებ, ათი წლის შემდეგ, ვინ იცის...

- ამბობენ, რომ ფორმულა 1 აღარ არის ძველებურად მიმზიდველი. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
სპორტის ყველა სახეობა იცვლება. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩემი აზრით, გასული სეზონი ძალიან საინტერესო იყო. ბევრი დაძაბული რბოლა გვქონდა. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. მაგრამ ყოველთვის ყველას არ მოეწონები.

- ფ1-ის შემდეგ სხვა სერიებში თუ ისურვებდით გაგრძელებას. რალის გარდა, თქვენ NASCAR-ის რბოლებშიც იასპარეზეთ... ალბათ საინტერესო იქნება INDYCAR-სა და ლე მანზე გამოსვლა?
ნამდვილად არ ვიცი. არანაირი გეგმები არც ამ სეზონზე და არც შემდგომზე არ მაქვს. ვნახოთ, როგორ აეწყობა საქმეები. იქნებ, რბოლებში მონაწილეობის სურვილი სულაც გამიქრეს. ან იქნებ, სხვაგან ასპარეზობაც მომინდეს. დრო გვიჩვენებს;

- როგორ ფიქრობთ, კარიერის დასრულება პიკში ყოფნის დროს სჯობს?
ზოგს აქვს არჩევანის საშუალება, ზოგს - არა. ბევრი ვერც აღწევს იმ მიზნებს, რომლების მიღწევასაც ცდილობდა. საბოლოოდ, ყველა იმ გადაწყვეტილებას ღებულობს, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს.

No comments:

Post a Comment