დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, March 28, 2013

„ფორდს“ ყველაზე ლოიალური მყიდველი ჰყავს


Ford Passes General Motors and Toyota to Take Top Spot in Corporate Loyalty
28 მარტი
სამარკეტინგო ანალიზზე სპეციალიზებულმა კომპანია „იქსპერიან ავტომოტივმა“ შეადგინა საავტომობილო კომპანიების და ავტომობილების რეიტინგები, რომლებშიც კლიენტთა ლოიალობის მაჩვენებლებია ასახული. რეიტინგები სულ სამ კატეგორიაში შედგა - კომპანიებისთვის, მათი ბრენდებისთვის და მათი ავტომობილებისთვის. გასული წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, სამივეში ცხრილს სათავეში „ფორდი“ ჩაუდგა.

კომპანიების რეიტინგის შედგენისას, „ფორდის“ ავტომობილების მფლობელთა 47.9 პროცენტი ამბობს, რომ ისევ ცისფერი ოვალის ავტომობილს შეიძენს. ამ რეიტინგში „ფორდს“ მცირედით (0.2 პროცენტით) ჩამორჩა „ჯენერალ მოტორსი“. 46.9 პროცენტით, მესამე ადგილზე „ტოიოტაა“.
„მომხმარებელთა ლოიალობა საავტომობილო ბაზარზე კომპანიის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. „ფორდს“ სხვებზე მეტი ლოიალური კლიენტი ჰყავს, რამაც რეიტინგებში დაწინაურების საშუალება მისცა“, - განაცხადა „იქსპერიან ავტომოტივის“ წარმომადგენელმა ჯეფრი ანდრსონმა.
ბრენდებს შორისაც „ფორდს“ (47.1 პროცენტი) მოწინავე პოზიცია უკავია. ამჯერად მეორე ადგილზე „მერსედეს-ბენცია“ (43.7 პროცენტი), მესამეზე კი ისევ „ტოიოტაა“ (42.9 პროცენტი). საინტერესოა, რომ „ჯენერალ მოტორსის“ ბრენდებიდან, საუკეთესო მაჩვენებელი „შევროლეს“ აქვს, რომელსაც 40 პროცენტით, მეხუთე ადგილი უკავია და ოდნავ ჩამორჩა „ჰონდას“.
საბოლოს, ცალკეულ მოდელებს შორის, „ფორდის“ ავტომობილებმა ცხრილის მოწინავე სამეული დაიკავეს, სულ კი მოწინავე ათეულში ცისფერი ოვალის რვა (!) ავტომობილია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დირბორნელთა იდილია „კია ფორტემ“ (55.6 პროცენტი, მე-4 ადგილი) და „შევროლე სონიკმა“ (52.4 პროცენტი, მე-8 ადგილი) დაარღვიეს. ავტომობილებს შორის პირველი „ფორდ ფიუჟნია“ (60 პროცენტი), რომელსაც სამეულში მხარს უმშვენებენ „ფორდ ფლექსი“ (58 პროცენტი) და „ფორდ ეჯი“ (57.1 პროცენტი).
„იქსპერიან ავტომოტივს“ არ დაუზუსტებია, თუ რამდენი ავტომფლობელი გამოკითხა, მაგრამ სამაგიეროდ, საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს: გამოკითხულთა მონაცემებით, ავტომობილის ფლობის საშუალო პერიოდი 66.2 თვეა, რაც წინა გამოკითხვის მაჩვენებელზე 1.9 თვით ნაკლებია.

No comments:

Post a Comment