Lotus reveals its
new E21 F1 car
28 იანვარი
„ლოტუსი“ პირველი
გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მომზადებული მანქანა გვიჩვენა. მიუხედავად
იმისა, რომ ახალი რეგლამენტით, მანქანის ცხვირზე კეხის გასწორება სპეციალური დეტალითაა
დაშვებული, „ლოტუსმა“ მის გამოყენებაზე უარი თქვა. ამ მხრივ, ახალი E21 გასული სეზონის
მანქანას ჰგავს. თუმცა, პრეზენტაციაზე ითქვა, რომ შესაძლოა, სეზონის მსვლელობისას,
კეხი მაინც გასწორდეს.
ის დასძენს, რომ მართალია, ახალი მანქანა შარშანდელს ჰგავს, ის მაინც განსხვავებულია და მთავარი სიახლეები შიგნითაა დამალული. ისინი კი მანქანის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. ზოგიერთი სიახლე, რამდნიმე სეზონის განმავლობაში მუშავდებოდა. მაგალითად, პასიური ორმაგი DRS სისტემა, რომელიც გუნდს გასულ სეზონშიც მზად ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენებისგან თავი შეიკავა, რადგან სრულყოფის სრული პროცესი არ გაუვლია.
ახალი სეზონიდან, სისტემა, რომელიც შარშან პირველმა „მერსედესმა“ გამოიყენა და ორმაგი DRS-ის სახელითაა ცნობილი, აიკრძალა. ამ სისტემაში, უკანა ანტი ფრთების ვერტიკალურ სიბრტყეებში ღრიჭოებია დატოვებული, რომლებსაც ჩვეულებრივ, ფრთა ფარავს. მაგრამ როგორც კი DRS ამოქმედდება, ღრიჭოები იხსნება და მათი მეშვეობით აღებული ჰაერის ნაკადი, წინა ანტი ფრთებს მიეწოდება. პასიური ორმაგი DRS-ის ამოქმედება გარკვეული სიჩქარის აკრეფის შემდეგ ხდება და ამ დროს, უკანა ფრთაზე ჰაერის ნაკადის ზეწოლა კლებულობს. ელისონი აღიარებს, რომ ამ სისტემის სრულყოფა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რადგან სისტემის გამორთვა იმავე სიჩქარეზე ვერ ხერხდება, რომელზეც ამოქმედება. თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა სეზონის დაწყებამდე მოგვარდება.
„ამ სისტემით, მანქანის სრულ ტრანსფორმაციას არ ვაპირებთ, ეს შეუძლებელია. მაგრამ მას მანქანის მახასიათებლების გაუმჯობესება შეუძლია. ამიტომ, მასზე მუშაობას გავაგრძელებთ“, - ამბობს ელისონი და დასძენს, რომ სხვა კონცეპციებთან ერთად, პასიური ორმაგი DRS ეფექტური იქნება.
პრეზენტაციაზე, რომელიც „იუთუბიზე“, „ლოტუსის“ კუთვნილი არხით გადაიცემოდა, გუნდის აღმასრულებელმა შეფმა ჟერარ ლოპესმა განაცხადა, რომ ამჯერად კონსტრუქტორთა პირველობაზე ერთი საფეხურით წინ წაწევა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა მინიმუმი მესამე ადგილია. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი გუნდმა მეოთხეზე დაასრულა, კიმი რაიკონენი კი, რომელმაც აბუ დაბიში გამარჯვება შეძლო, მესამე ადგილი დაიკავა. და ეს შესანიშნავი შედგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ფინელი პილოტისთვის, ეს ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი სეზონი იყო.
გუნდის შეფმა ერიკ ბულიემ განაცხადა, რომ რეგლამენტის თიტქმის უცვლელად შენარჩუნების პირობებში, გუნდების შესაძლებლობები არნახულად გათანაბრდება და ეს ყოველი ქულისთვის ბრძოლას გაამწვავებს: „ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ სეზონი მოწინავე სამეულში დავასრულოთ“.
შემდეგი გუნდი,
რომელიც ახალ მანქანას გვიჩვენებს, „მაკლარენია“. უოკინგელები პრეზენტაციას ხუთშაბათს
ჩაატარებენ. მომდევნო დღეს კი „ფორს ინდიას“ და „ფერარის“ ჯერი დადგება...
ვიდეო
No comments:
Post a Comment