14 დეკემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, ვინც
გასულ სეზონში ზედიზედ მესამედ დაეუფლა ფორმულა ერთის ტიტულს, მსოფლიოს საუკეთესო
სპორტსმენის წოდებაზეა წარდგენილი. ფეტელს კონკურენციას ბრიტანელი ველომრბოლი
ბრედლი ვიგინსი, ამერიკელი სუპერ მოცურავე მაიკლ ფელპსი, მძლეოსნები - იამაიკელი სენსაცია
უსაინ ბოლტი და ბრიტანელი მო ფარა, ასევე არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი
უწევენ.
წლის საუკეთესო გუნდის წოდებაზე ნომინირებულია
ფეტელის გუნდი „რედ ბულ რეისინგი“, რომელმაც გერმანელი პილოტის მსგავსად, ზედიზედ
სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ავსტრიულ გუნდს კონკურენტებად ჩინელ
მაგიდის ჩოგბურთელთა ოლიმპიური ნაკრები, საკალათბურთო კლუბი „მაიამი ჰიტი“,
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები, ევროპის გოლფმენთა ნაკრები და ამერიკის
საკალათბურთო ოლიმპიური ნაკრები ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ ფეტელიც და „რედ ბულიც“ შარშანაც
ნომინირებული იყვნენ, მაგრამ გერმანელ პილოტს სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა
აჯობა, ავსტრიულ საჯინიბოს კი - საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“.
ფორმულა ერთიდან წლის საუკეთესოს სახელისთვის კიდევ
ერთი ნომინანტია - ესაა იტალიელი ალესანდრო ძანარდი, ვინც ლონდონის წლევანდელ
პარალიმპიურ თამაშებზე, ხელის ველოსიპედით ასპარეზობისას, ოქროს ორ და ვერცხლის
ერთ მედალს დაეუფლა.
კონკურსი
„ლორეუს“ წლის სპორტსმენი, 2000 წლიდან ტარდება. ორჯერ - 2002 და 2004 წლებში,
მისი გამარჯვებული მიხაელ შუმახერი გახდა, 2006 წელს საუკეთესო გუნდად „რენო“ აღიარეს,
2002 წელს, წლის გარღვევის ჯილდო ხუან პაბლო მონტოიას გადაეცა, 2008 წელს იგივე
წოდება ლუის ჰამილტონმა, 2010 წელს კი ჯენსონ ბატონმა მიიღო. 2005 წელს, წლის
დაბრუნების ჯილდო ძანარდის ერგო.
No comments:
Post a Comment