Ferrari promises it won't be underdog in 2013
Formula 1 title race
30 დეკემბერი
„ფერარიში“ დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ სეზონში
მდევრის როლში ყოფნა აღარ მოუწევთ. გუნდს ახალი სტრატეგია აქვს არჩეული და იმედოვნებს,
რომ ფერნანდო ალონსოს თავიდანვე კონკურენტუნარიანი მანქანით უზრუნველყოფს, რაც
ესპანელს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება.
ალონსომ გასული სეზონის დიდი ნაწილი ლიდერის რანგში
გაატარა, თუმცა ბოლოს მაინც სამი ქულა წააგო სებასტიან ფეტელთან, რომელიც „რედ
ბულთან“ ერთად, ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მარანელოში
დარწმუნებულები არიან, რომ სწორი სტრატეგია და ოპერატიული შესაძლებლობების
გაუმჯობესებით, სასურველ შედეგს მიაღწევენ.
გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი (ფოტოზე) თვლის,
რომ ზოგიერთი ახალი წესი, ყველაზე მეტად კი ის, რომელიც კვალიფიკაციის დროს DRS-ის
გამოყენებას ზღუდავს, ასევე მის გუნდს შეუწყობს ხელს: „ჩვენ ვცადეთ, ის ქულები
დაგვეთვალა, რომლებიც მანქანის მცირე კონკურენტუნარიანობის გამო დავკარგეთ. და
როგორც მოსალოდნელი იყო, აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ კვალიფიკაციის შედეგები. DRS-ის
წესის შეცვლა, ამ მხრივ გამოგვადგება. სწორედ ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ იმაში,
რომ მომავალ სეზონს სულ სხვა პოზიციაში დავიწყებთ“.
დომენიკალის სჯერა, რომ გასული სეზონის ბოლოს, მისი
გუნდის მანქანა გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ
დასახული მიზნის მიღწევა რეალობას შეესაბამება: „არ დაგავიწყდეთ, რომ ბოლო ოთხ
რბოლაში, ჩვენმა გუნდმა ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა. სტრატეგიის არჩევის და
პიტსტოპების შესრულების მხრივაც, საუკეთესოები ვიყავით და ჩვენი მანქანაც ერთ-ერთი
ყველაზე გამძლე და საიმედო იყო. დასაწყისში უსწრაფესი მანქანა არ გვქონდა და
როგორც გამოჩნდა, ვერც სეზონის მეორე ნახევარში შევძელით მისი მნიშვნელოვნად
გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ვიცით, სად და რა დაგვაკლდა. ასევე ვიცით, რომ
კვალიფიკაციაში ნაჩვენები ცუდი შედეგები, რბოლაშიც ხელს გვიშლიდა“.
„ფერარიმ“
ცოტა ხნის წინ, ინჟინერთა ორი ჯგუფი ჩამოაყალიბა. მათგან ერთი მომავალი სეზონისთვის
ამზადებს მანქანას, მეორეს კი 2014 წლის სეზონის მანქანის მომზადება ევალება.
ამასთან, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მომავალი სეზნისთვის მანქანის აეროდინამიკას
კიოლნში, „ტოიოტას“ ყოფილი ფ1-ის გუნდის აეროდინამიკურ მილში დაამუშავებენ და
სრულყოფენ. ეს მილი კი მაღალი სიზუსტითაა ცნობილი, რაც აუცილებლად დადებითად
იმოქმედებს მარანელოელთა კონკურენტუნარიანობაზე.
No comments:
Post a Comment