Jaguar C-X75 tech boost
30 დეკემბერი
ახლახანს „იაგუარმა“ გააჩერა პროექტი, რომელიც
ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ის გამოშვებას ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, როგორც
გამოცემა „ავტო ექსპრესი“ იტყობინება, იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ფორმულა ერთის
გუნდ „უილიამსთან“ პარტნიორობით შეიმუშავა, ბრიტანული კომპანია თავის სხვა მოდელებზე
დანერგავს.
ეს ტექნოლოგიებია ჰიბრიდული სისტემები და კარბონის
კომპოზიტით შასის წარმოება. გარდა ამისა, ავტომობილები აეროდინამიკური ელემენტებით
აღიჭურვება. „იაგუარმა“ ყველაფერი ეს კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ C-X75-ისთვის
შეიმუშავა. მისთვისვე შეიმუშავეს ალუმინის ჩამოსხმის ახალი ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც,
40 პროცენტით მსუბუქი ბორბლების ჩამოსხმაა შესაძლებელი.
C-X75 აღჭურვილია 17 აეროდინამიკური ელემენტით, რომლებიც
ძარის გარსშემოდენილობის გარდა, ჰაერის შემცირებულ წინააღმდეგობას და ბორბლების აეროდინამიკურ
დატვირთვასაც უზრუნველყოფენ. ამ ელემენტებს შორისაა ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორი,
რომელიც სიძვირის გამო, ფ1-ში აიკრძალა. მისი მეშვეობით, ძრავის მიერ
გამომუშავებული ენერგიის მეტი ნაწილის ათვისებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემას, მასში შედის
1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავი, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას
ტურბინა და მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ის ელექტროძრავისთვის ენერგიის გამომუშავებას
ემსახურება. პირვანდელი პროექტით, შიდაწვის ძრავის ნაცვლად, მიკროტურბინის
გამოყენება იყო გათვალისწინებული.
სხვათა
შორის, C-X75-ზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებული იყო, როდესაც პროექტი შეაჩერეს. ამის
მიზეზი კი მსოფლიოს ეკონომიკის არასტაბილურობა დასახელდა. ამ სუპერ ავტომობილის
ფასი 800 ათასი გირვანქა სტერლინგიდან მილიონ სტერლინგამდე უნდა ყოფილიყო. და მას
მხოლოდ 250 ცალს დაამზადებდნენ. მართალია, C-X75- მცირესერიული წარმოება
გადაიფიქრა, მაგრამ „იაგუარი“ მას ხუთ ცალს მაინც დაამზადებს.
No comments:
Post a Comment