Shell and Gordon Murray reveal details of 100mpg city car
9 დეკემბერი
„შელი“ და გორდონ მარის საინჟინრო კომპანია
აგრძელებენ საქალაქო მინი ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას და თანდათან გვაცნობენ
მის თვისებებს. მაგალითად იმას, რომ ავტომობილის წონა 600 კილოგრამზე ნაკლები იქნება
და ის ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, დაახლოებით 2.8 ლიტრ
საწვავს იმყოფინებს.
კონცეპტის სახელია „პროჯექტ M“
და მის მიზანს, ისეთი გლობალური მინი ავტომობილის წარმოება წარმოადგენს, რომლით
სარგებლობაც ძალიან მოსახერხებელი და ეკონომიური იქნება ავტომობილებით
გადატვირთული დიდი ქალაქების ქუჩებში. კონცეპტის სალონში სავარძლების განლაგების
ფორმულაა 1+2, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლის სავარძელი ცენტრშია განლაგებული,
მგზავრებისა კი - უკან.
პროექტში ასევე მონაწილეობს „ჰონდას“ ფ1-ის ძრავების
ყოფილი ინჟინერი ოსამუ გოტო და მისი კომპანია „Geo ტექნოლოჯი“, რომელმაც „მიცუბიშის“
აგრეგატის ბაზაზე სამცილინდრიანი, 660 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავი
შეიმუშავა. ამ ძრავით პირველად მარის კონცეპტი T25 აღიჭურვა, რომელიც „შელის“
ავტომობილის საფუძველი გახდა. სხვათა შორის, „პროჯექტ M-ის“ ძრავი, მისი საზეთი
მასალები და თავად ავტომობილი, პროექტის დასაწყისიდანვე, ურთიერთ ინტეგრირებული
იყო და ერთმანეთის მონაცემების გათვალისწინებით იქმნებოდა.
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გოტოს
კომპანია სამგზავრო ავტომობილზე მუშაობს. სარბოლო ძრავებში დაგროვილი გამოცდილების
წყალობით, მისი აგრეგატის მთავარი თვისება ისაა, რომ მასში მნიშვნელოვნად არის
შემცირებული ხახუნი. შესაბამისად, გაიზარდა ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ძრავის
სიმძლავრე 47 ცხენის ძალას აღწევს (5500 ბრ/წთ-ზე) და ეს საკმარისია იმისათვის,
რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 112 კმ/სთ იყოს.
სატესტო ავტომობილი უკვე გადაეცა „შელს“, რომელიც
ტესტების პროგრამას ჩაატარებს. ავტომობილის საბოლოო ვერსიის პრემიერა კი მომავალი
წლის ზაფხულში იგეგმება. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი წარმოება არ
იგეგმება. როგორც „შელი“ ამბობს, ეს პროექტი „შესაძლებლობების ანალიზის“
ჩასატარებლად შეიქმნა.
ცნობისათვის, მარის და გოტოს ბოლო თანამშრომლობის
შედეგად შეიქმნა ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბოლიდი „მაკლარენ MP4/4“,
რომლითაც აირტონ სენამ და ალენ პროსტმა, 1988 წლის სეზონის 16-დან 15 რბოლა მოიგეს.
No comments:
Post a Comment