Newey sees Honda as a threat for 2016
22 დეკემბერი
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ვარაუდობს,
რომ მომავალ სეზონში „ჰონდა“ და მასთან ერთად „მაკლარენიც“, გაცილებით უკეთეს
ფორმაში იქნებიან და შესაძლოა, „რედ ბულიც“ უკან მოიტოვონ. ნიუი ამბობს, რომ მის
გუნდს კვლავ რთული სეზონი ელის, რადგან ისევ „რენოს“ აგრეგატზეა დამოკიდებული, რომელიც
მეტოქეებისას სიმძლავრით ჩამორჩება.
ნიუი დასძენს, რომ „რედ ბულის“ შასი, რომელზეც
თვითონ მუშაობს, კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც ოპტიმიზმის საბაბს აძლევს. თუმცა
ეს საკმარისი არ იქნება, რადგან მოწინავეთა შორის დასაბრუნებლად, „რენოს“ ნახტომისებრი
განვითარება იქნება საჭირო, რისი იმედიც არ აქვს.
„ჩემი აზრით, წინ ძალიან რთული სეზონი გველის. თუ
ჩვენს განკარგულებაში იგივე სიმძლავრე იქნება, რაც წინა სეზონებში, მაშინ ლიდერებს
კიდევ უფრო ჩამოვრჩებით. ჩვენმა კვლევამ მოგვცა იმის საშუალება, რომ შასი კიდევ
უფრო გაგვეუმჯობესებინა. მაგრამ საქარხნო გუნდები, „ფერარი“ და „მერსედესი“, კიდევ
უფრო წინ წავლენ“, - ამბობს ნიუი, ვინც დარწმუნებულია, რომ „რედ ბულს“ მომავალ სეზონში
„ტორო როსო“ და „მაკლარენიც“ გაასწრებენ.
„ჩვენი ნათესავი გუნდი „ტორო როსო“, „ფერარის“ ამ
სეზონის ძრავით ისარგებლებს, რაც გაცილებით სჯობს „რენოს“ აგრეგატს. ვფიქრობ, „ჰონდაც“
განვითარდება. ჩემი აზრით, მათი შიდაწვის ძრავი ძალიან კარგია. მათი პრობლემა ის
იყო, რომ ტურბოს თბური ენერგიის აღდგენის სისტემა (MGU-H) ძალიან პატარა გააკეთეს.
მაგრამ ეს ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა და მას ახალ სეზონამდე მიხედავენ. ასე
რომ, მომავალი სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. მერე კი გამოჩნდება, უნდა თუ
არა ფედერაციას, რომ კერძო გუნდებს, როგორიც ჩვენია, კონკურენტუნარიანი აგრეგატი
ჰქონდეს“, - დასძენს ნიუი.
No comments:
Post a Comment