დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 23, 2015

„მაკლარენი“ აბუ დაბიში ბევრ სიახლეს გამოსცდის

McLaren to test more 2016 parts in Abu Dhabi
23 ნოემბერი
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი დასასრულს მიუახლოვდა. დარჩა ერთადრთი ეტაპი, რომელსაც აბუ დაბი ამ უქმეებზე უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი ადგილები უკვე დანაწილებულია და გასაკეთებელი ბევრი აღარაფერი დარჩა. ამიტომ, გუნდების უმეტესობა უკვე ატარებს ექსპერიმენტებს, რომლებიც მომავალი სეზონისთვის მზადების პროგრამითაა გათვალისწინებული.
მათ შორისაა „მაკლარენიც“, რომელსაც ბოლო 25 წელიწადში ყველაზე უარესი გამოსვლა ჰქონდა. კონსტრუქტორთა პირველობაზე გარანტირებული მე-9 ადგილი სწორედ ამის დასტურია. გუნდმა ამ სეზონზე უკვე დიდი ხანია, ხელი ჩაიქნია და ახლა იმაზე ზრუნავს, რომ მომავალ სეზონში ისევ გამარჯვებისთვის მებრძოლი „მაკლარენი“ ვიხილოთ.
სწორედ ამ მიზნით, გუნდი აბუ დაბის რბოლას ექსპერიმენტებისთვის გამოიყენებს და იქ არაერთ სიახლეს გამოსცდის, რომლეთა გამოყენებასაც მომავალ სეზონში გეგმავს. ამ სეზონში „ჰონდას“ ძრავი იმდენად სუსტი და არასაიმედო იყო, რომ უოკინგელთა შასის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა, რაც ახალ მანქანაზე მუშაობისას, საქმეს გაართულებს. თუმცა გუნდი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და მონდომებით ემზადება ახალი სეზონისთვის.
„მართალია, ეს ამ სეზონის ბოლო რბოლაა, მაგრამ ჩვენი გუნდი მისთვის მთელი დატვირთვით ემზადება და არაერთ ახალ ნაწილს და დიზაინის ახალ ელემენტს ამზადებს. ტექნიკის სრულყოფასა და განვითარებაზე მუდმივად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება აბუ დაბის შემდეგაც. ამ რბოლასაც სატესტო რეჟიმში ჩავატარებთ, რათა ახალ მანქანაზე მზადების პროცესში, მეტად ღირებული ინფორმაცია მოვიპოვოთ“, - ამბობს „მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე.
„ჰონდას“ ფ1-ის პროგრამის შეფი იასუჰისა არაი იხსენებს, რომ ძრავი პირველად სწორედ აბუ დაბიში, გასული სეზონის ბოლო რბოლის შემდეგ გამოსცადეს, მაგრამ ორ დღეში მხოლოდ ხუთი წრის გავლა მოხერხდა. მართალია, გუნდის გამოსვლებზე ეს ნაკლებად აისახა, მაგრამ აგრეგატი მას შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა. და რაც მთავარია, ძალიან ძნელი და წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, გუნდი ისევ ისეთი ერთიანი და შემართულია, როგორიც „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობის დასაწყისში იყო.
არაი დასძენს, რომ სეზონის განმავლობაში, მანქანაზეც და აგრეგატზეც იმდენი სიახლე გამოსცადს და თან ისე სწრაფად ხდებოდა მათი შემუშავება, რომ თავადაც გაოცებულები არიან. უოკინგშიც და საკურაშიც მუშაობა წუთითაც არ შეწყვეტილა. ის მადლობას უხდის „მაკლარენსაც“ და მის პილოტებსაც იმ შრომისათვის, რომელიც მათ ასეთი წარუმატებელი სეზონის მიუხედავად გასწიეს და იმ ენთუზიაზმისთვის, რომელსაც შემდეგი სეზონისთვის მზადების პროცესშიც ავლენენ.

No comments:

Post a Comment