Range Rover Evoque Convertible Debuts At The Right Place
23 ნოემბერი
შტატი კალიფორნია და მისი უდიდესი ქალაქი ლოს
ანჯელესი არის ამ ავტომობილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი, რადგან აქ არის
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პლიაჟები, აქ არის ჰოლივუდი და აქვე ახლოსაა აზარტული
თამაშების მსოფლიო ცენტრი. აქ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ გართობაზე, აქ ყველაზე
მეტ ფულს ხარჯავენ ფუფუნებასა და გამორჩეულ ავტომობილებზე. და სწორედ ასეთი
ავტომობილია „ლენდ როვერის“ უახლესი უგზოობის ავტომობილი, თანაც ღია - „ევოუკ
კონვერტაიბლი“.
და მაინც, უგზოობის ღია ავტომობილი დიდი რისკია. ასეთი
სხვებსაც უცდიათ, ბოლოს „ნისანმა“ გამოუშვა, მაგრამ წარუმატებლად და ყველაფერი
ასეთი ავტომობილის წარმოების ნაადრევად შეწყვეტით მთავრდებოდა. სკეპტიკოსები ღია „ევოუკსაც“
არ აკლია, მაგრამ „ლენდ როვერმა“ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ
სტანდარტული „ევოუკი“ ძალიან პოპულარული ავტომობილია. ეს არის ბრიტანული კომპანიის
ახლანდელ გამაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი. და მეორეც, მის კონცეპტუალურ ვერსიას
შესაშური გამოხმაურება ჰქონდა.
არის კიდევ სხვა მიზეზებიც, მაგალითად ის, რომ როცა
დახურულია, „ევოუკ კონვერტაიბლი“ ისეთივე კომფორტული ავტომობილია, როგორიც
ჩვეულებრივი. ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე, სადაც მისი მსოფლიო პრემიერა გაიმართა,
ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პოპულარული ექსპონატი გახდა. და არც ის უნდა
დაგვავიწყდეს, რომ „ლენდ როვერი“ ამ ავტომობილის შეზღუდული ტირაჟით წარმოებას
აპირებს.
გარდა იმისა, რომ ღია „ევოუკი“, როცა დახურულია, გარე
ხმაურისგან ისევეა დაცული, როგორც ხუთკარიანი მოდელი, არც მისი საბარგული არის დიდად
შემცირებული. არადა, სწორდ იქ განლაგდა სეგმენტი, სადაც დაკეცილი სახურავი (ქსოვილისგან
დამზადებული) ინახება. დანარჩენი კი, იქნება ეს აღჭურვილობა, თუ სალონის
გაფორმება, იგივეა, რაც ჩვეულებრივ „ევოუკზე“.
ლოს ანჯელესში „ევოუკ კონვერტაიბლის“ მსოფლიო და
ამერიკული პრემიერა გაიმართა და შესაბამისად, იქ მისი ამერიკული ბაზრისთვის
გათვალისწინებული მონაცემები გამოქვეყნდა. კერძოდ, ავტომობილი აღჭურვილია ოთხცილინდრიანი
2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავით, რომელიც 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან
წყვილში კი 9-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს. ევროპელ მყიდველს ამ
აგრეგატის გარდა, TD4 დზელსაც შესთავაზებენ.
No comments:
Post a Comment