VW Risks $18 Billion Fine After US Regulators
Caught It Cheating On Diesel Emissions Tests
22 სექტემბერი
18 მილიარდი დოლარი - ასეთია იმ შესაძლო ჯარიმის
მოცულობა, რომლის გადახდაც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს მოუწევს. მიზეზი მარტივია - აშშ-ის
გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ გერმანული
ჯგუფის წარმოების დიზელის აგრეგატები, არ შეესაბამება ამერიკის გარემოს დაცვის
სტანდარტებს. როგორც აღმოჩნდა, ნორმალურ რეჟიმში მუშაობისას, ძრავის მართვის
ელექტრონული სისტემა, გამონაბოლქვის კონტროლის ფუნქციას თიშავს, მაგრამ როცა გამონაბოლქვზე
ტესტები ტარდებოდა, ეს ფუნქცია გამართულად მუშაობდა. მოკლედ, სახეზეა კარგად
გააზრებული თაღლითობა.
EPA-მ მოწყობილობას, რომელიც მანიპულაციის
საშუალებას იძლევა, „მარცხის მოწყობილობა“ უწოდა. სააგენტოს განცხადებით, ავტომობილის
გამონაბოლქვში, მავნე მინრევების შემცველობა, დასაშვებზე დაახლოებით 40-ჯერ მეტი შეიძლება
იყოს, მაგრამ ეს მოწყობილობა, სტანდარტის დარღვევის დაფიქსირებას გამორიცხავს.
სააგენტო თვლის, რომ გერმანულ ჯგუფს დაახლოებით 18 მილიარდი დოლარის გადახდა
მოუწევს.
ასეთი უზარმაზარი რიცხვი, EPA-მ მარტივი
გააგნარიშებით მიიღო: ყოველ გაყიდულ დიზელისძრავიან ავტომობილზე, რომელიც სტანდარტს
არ შეესაბამება, „ფოლკსვაგენს“ 37 500 დოლარის გადახდა მოუწევს. გერმანულმა კომპანიამ
და მის ჯგუფში შემავალმა „აუდიმ“ კი, 2008 წლიდან მოყოლებული, ამ ტიპის ოთხცილინდრიანი
ძრავით აღჭურვილი დაახლოებით 482 000 ავტომობილი გაჰყიდეს.
EPA-მ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფს ურჩია, უწესივრობის
აღმოსაფხვრელად, ამერიკაში გაყიდული, 2009-2015 წლების „ჯეტა“, „პასატი“, „ჯეტა
სპორტვაგენი“, „ბიტლი“, ასევე „აუდი A3-ის“ ის ვერსიები გაიწვიოს, რომლებიც 2.0-ლიტრიანი
TDI ძრავებითაა აღჭურვილი. თავის მხრივ, გერმანულმა კომპანიამ საქმის შესასწავლად,
შიდა გამოძიების განკარგულება გასცა. ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა მარტინ ვინტერკორნმა
განცხადა, რომ სწუხს შეერთებული შტატების სტანდარტების დარღვევის გამო. შიდა
გამოძიების გარდა, გერმანულმა ჯგუფმა თავის დილერებს მითითება მისცა, შეაჩერონ 2.0-ლიტრიანი
დიზელის ძრავებით აღჭურვილი მოდელების გაყიდვები.
ცნობისათვის, დიზელისძრავიან ავტომობილებზე, „ფოლკსვაგენის“
ამერიკული გაყიდვების 20-25 პროცენტი მოდის. თუმცა „ფოლკსვაგენი“ მხოლოდ ამერიკის
ბაზრით არ შემოიფარგლება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ ტიპის (EA
189) ძრავით აღჭურვილი 11 მილიონი ავტომობილის შემოწმებასაც გეგმავს. ეს აქცია, ზოგადი
გაანგარიშებით, დაახლოებით 6.5 მილიარდი ევრო (დაახლოებით 7.25 მილიარდი დოლარი) დაჯდება.
ამ სკანდალს შესაძლოა თანამდებობიდან ვინტერკორნის
გაშვება მოჰყვეს, რომელიც მთავარი აღმასრულებლის პოსტზე 2018 წლამდე უნდა დარჩენილიყო.
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს ამ საკითხის განსახილველად,
„ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს ექვსივე წევრი შეიკრიბება. სხვათა შორის, ახლახანს
ვინტერკორნის გადაყენება, საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა სცადა, ვინც
ჯგუფის ამერიკულ ბაზარზე საქმიანობით იყო უკმაყოფილო. მაგრამ მაშინ მას
ვინტერკორნმა აჯობა, რომელმაც პიხს თანამდებობა დაატოვებინა.
გერმანული
პრესა, ვინტერკორნის შემცვლელად, „პორშეს“ ახლანდელ შეფ მათიას მიულერს განიხილავს.
No comments:
Post a Comment