დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, September 23, 2015

„ფოლკსვაგენმა“ მთავარი აღმასრულებელი ვინტერკორნი გადააყენა

Breaking News: VW CEO Martin Winterkorn Resigns After Emissions Scandal
23 სექტემბერი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭომ, სპეციალურად ჩატარებულ სხდომაზე, ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი თანამდებობიდან გადააყენა. ვინტერკორნი გახდა იმ სკანდალის მსხვერპლი, რომელშიც აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ, „ფოლკსვაგენი“ დიზელის 2.0-ლიტრიანი ძრავების გამონაბოლქვის მაჩვენებლების გაყალბებაში დაადანაშაულა.
ვინტერკორნმა მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და ამერიკელ მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა, თუმცა იქვე განაცხადა, რომ საქმის კურსში არ იყო და ყველაფერი მისგან დაფარულად მოხდა. სპეციალურ გამოსვლაში, მან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს, გადადგომის თხოვნით თავადვე მიმართა. ვინტერკორნმა იმედი გამოთქვა, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი ამ მძიმე კრიზისს თავს დააღწევს.
მომხდარის გამო, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის აქციები 30 პროცენტით გაუფასურდა. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ვინტერკორნის გადადგომის შემდეგ, აქციების ფასი აიწევს, თუმცა დანაკარგების სრულფასოვანი ანაზღაურება ვერ მოხერხდება. უფრო უარესი კი ისაა, რომ გერმანულ გიგანტს, მარტო ამერიკის ბაზარზე, თაღლითობის გამო, ჯარიმის სახით, დაახლოებით 18 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, კომპანია აღიარებს, რომ ელექტრონული მოწყობილობით, რომლის არასწორ მუშაობასაც სკანდალი მოჰყვა, მთელს მსოფლიოში გაყიდული თითქმის 11 მილიონი ავტომობილი არის აღჭურვილი. გერმანიის პროკურატურამ კი საქმე აღძრა, რომლის მიზანიც, ავტომობილების გამონაბოლქვის მაჩვენებლების მანიპულაციის გამოძიებაა.
„ფოლკსვაგენს“ ჯარიმები სხვა ქვეყნებშიც ელის. მაგალითად, საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა სეგოლენ როიალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ძალიან მკაცრი“ იქნება, თუ „ფოლკსვაგენს“ რაიმე დარღვევაში ამხელს.

No comments:

Post a Comment