Audi Unites All Le Mans Winning Cars For The First Time
18 მაისი
ერთი თვე დარჩა ლე მანის 24-საათიანი რბოლის 83-ე
სტარტამდე. მისი მთავარი ფავორიტი ისევ „აუდი“ იქნება, რომელსაც ამჯერად არნახული
კონკურენცია ელის ნათესავი „პორშესა“ და ძველი „მტერი“ „ტოიოტასგან“. LMP1-ის
დავაში ახალი მოთამაშე - „ნისანიც“ გამოჩნდა, რომელიც თავისი უცნაური პროტოტიპით
ეცდება გრანდების დამარცხებას.
დიდი ბრძოლის წინ, ინგოლშტადტელებმა თავიანთი იმ მანქანების
მინი აღლუმი მოაწყვეს, რომლებითაც ლეგენდარული რბოლა 13-ჯერ აქვთ მოგებული. ეს
პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანულმა კომპანიამ თავის ჩემპიონებს (დაწყებული
პირველი R8-ით დაწყებული და ჰიბრიდულ მონსტრ R18 e-ტრონ კვატროთი დამთავრებული) ერთად
მოუყარა თავი.„აუდის“ მიღწევა მითუფრო მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 15 სეზონში ლე მანის რბოლა 13-ჯერ მოიგო. მაგრამ „პორშეს“ 16 გამარჯვებამდე ჯერაც ბევრი უკლია. თანაც, ცუფენჰაუზენელებს ლე მანი ზედიზედ 7-ჯერ (1981-1987 წლებში) აქვთ მოგებული, „აუდის“ კი ორჯერ (2004-2008 და 2010-2014 წლებში) ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს.
სარტეს (საფრანგეთი) ტრეკზე „აუდის“ ეპოქა 15 წლის
წინათ დაიწყო. მაშინ დანიელმა ტომ კრისტენსენმა, გერმანელმა ფრანკ ბიელამ და იტალიელმა
ემანუელე პირომ, „აუდი R8-ით“ პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ამ ავტომობილით,
რომელიც ბენზინზე მომუშავე V8 ძრავითაა აღჭურვილი, ლე მანზე სულ ოთხი გამარჯვებაა
მოპოვებული.
2006
წელს ის R10-მა შეცვალა. ეს იყო დიზელის ძრავით აღჭურვილი პირველი ავტომობილი (ლე
მანის თანამედროვე ეპოქაში), რომელმაც ლე მანზე მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც
მოიპოვა. საინტერესო ინფორმაცია: ლე მანზე პირველი დიზელისძრავიანი ავტომობილი „დელეტრაზ
დიზელი“ იყო, რომელმაც 24-საათიან რბოლაში 1949 წელს იასპარეზა.
მოკლედ, R10-მა ზედიზედ სამი რბოლა მოიგო (2006-2008
წლებში), მისი შემცვლელი კი „აუდიმ“ ტრასაზე 2010 წელს გამოიყვანა. ეს იყო R15+
TDi, რომელიც ისევ V10 ძრავით იყო აღჭურვილი, თუმცა მისი პლატფორმა მალე კიდევ
უფრო დომინანტი R18-ის შესაქმნელად გამოიყენეს. R15+ Tdi-მ ლე მანის რბოლის
მაქსიმალური მანძილის რეკორდი დაამყარა - 24 საათში 5 335 კილომეტრი გაიარა.
R18-ს ჯერი 2011 წელს დადგა. კიდევ ერთი წლის შემდეგ
კი ტრასაზე მისი ვერსია „R18 e-ტრონ კვატრო“ გამოვიდა. ამ ავტომობილმა „აუდი“ კიდვ
ერთხელ ჩაწერა ისტორიაში, როგორც ლე მანის ჰიბრიდული ავტომობილით მომგები. ეს
ავტომობილი ამჟამადაცაა ინგოლშტადტელთა „შეიარაღებაში“. ოღონდ, ყოველი ახალი სეზონისთვის
მას მოდიფიკაცია უტარდება.
მოიგებს „აუდი“ ლე მანის მე-14 ტიტულს? ამას 14 ივნისს
შევიტყობთ.
No comments:
Post a Comment