19 თებერვალი
ასეთ სენსაციურ ვარაუდს აქვეყნებს გერმანულ
გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტის“ პოპულარული რეპორტიორი მიხაელ შმიდტი, რომელიც
წერს, რომ შესაძლოა, „რედ ბულმა“ საკუთარი ფ1-ის გუნდი „აუდის“ მიჰყიდოს და თავად
ბერნი ეკლსტოუნისგან ფ1-ის სერია შეიძინოს. ამასთან, შმიდტი თავადვე აღიარებს, რომ
ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომელსაც კულუარებში მაინც ინტენსიურად
განიხილავენ.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „რედ ბული“ უკმაყოფილოა
„რენოს“ ძრავებით, თუმცა არც ძრავების სხვა მწარმოებლებთან საქმის დაჭერითაა
დაინტერესებული. თუ ფრანგული კომპანია საქმეს ვერ გამოასწორებს, შმიდტი ვარაუდობს,
რომ ავსტრიული კომპანია თავის გუნდს, რომელიც თავის დროზე „იაგუარისგან“
გამოისყიდა, „აუდის“ მიჰყიდის. და ეს შესაძლოა 2017 წლამდე მოხდეს. ამასთან, მისი
აზრით, ლე მანის რბოლის არაერთგზის გამარჯვებულს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის
შეძენა 300 მილიონი ევრო დაუჯდება.
როგორც „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, ფ1-ში „აუდი“
მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს მონაწილეობას, თუ ბერნი ეკლსტოუნთან ურთიერთობა არ
მოუწევს. და თუ სერიას „რედ ბული“ შეიძენს, ბერნი გარეთ დარჩება. ბერნისადმი გერმანული
კომპანიის უარყოფითი დამოკიდებულება, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე ფერდინანდ პიხთან დაძაბული ურთიერთობის შედეგია. არაოფიციალური
ინფორმაციით, გასული სეზონის ბოლოს, პიხს ფ1-ში „აუდის“ ჩართვა ჰქონდა
გადაწყვეტილი, მაგრამ ეკლსტოუნი ამის წინააღმდეგ წასულა.
კომპანია „რედ ბულის“ მფლობელმა, ავსტრიელმა დიტრიხ
მატეშიცმა უარყო ხმები მის მიერ გუნდის გაყიდვის თაობაზე. ფ1-ში „ფოლკსვაგენის“ და
მის ჯგუფში შემავალი „აუდისა“ და „პორშეს“ მოსვლის შესახებ კი ხმები პერიოდულად
ვრცელდება, თუმცა ავტომწარმოებლები მათ ყოველთვის უარყოფენ. ჯერჯერობით ასეა...
No comments:
Post a Comment