დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 11, 2014

„მერსედესი“ ფორმულა ერთიდან წასვლით დაიმუქრა

Mercedes to quit if F1 revives V8 engines – Lauda
11 ნოემბერი
„მერსედესი“ აცხადებს, რომ V8 ატმოსფერული ძრავების დაბრუნების შემთხვევაში, ფორმულა ერთს დატოვებს. ეს განცხადება მოჰყვა ლაპარაკს იმაზე, რომ ბერნი ეკლსტოუნი V8 ატმოსფერულ ძრავებზე გადასვლას საჭიროდ მიიჩნევს. თავის დროზე, ის V6 ჰიბრიდული აგრეგატების წინააღმდეგი იყო და დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ძრავის ხმის „დაკარგვა“, ფ1-ის რბოლების დასწრებაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
„ჩვენ რეგლამენტის შეცვლა გვჭირდება. უნდა ვცადოთ და თავიდან მოვიშოროთ ეს (V6) ძრავები. მათ არავისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. ისინი ფორმულა ერთი არაა“, - ტელეკომპანია „სკაისთან“ საუბრისას განაცხადა 84 წლის ეკლსტოუნმა, ვისაც ძრავებთან დაკავშირებულ საქმეში, ბევრი მოკავშირე ჰყავს, მათ შორის, პრომოუტერებიც.
ხმაურიანი ძრავების დაბრუნებას, ავტოდრომების მფლობელებიც მიესალმებიან. მათ შორისაა ოსტინის ტრეკის პრომოუტერი ბობი ეპშტეინიც: „არ მგონია, სასტარტო რიგში ავტომობილების რიცხვის ნაკლებობა პრობლემა იყოს. მთავარია, წინა რიგებში იყოს კარგი კონკურენცია, საერთო რიცხვს კი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ ძველი ძრავების ხმას ისევ გავიგებთ“. მანქანების რაოდენობაში ეპშტეინი იმ ფაქტს გულისხმობს, რომ ახლახანს, აშშ-ის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე 18 მანქანა იდგა.
რა თქმა უნდა, ატმოსფერულ ძრავებზე დაბრუნების წინააღმდეგია „მერსედესი“, რომელმაც საუკეთესო ჰიბრიდული აგრეგატი შეიმუშავა და მეტწილად მისი წყალობით, ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა „საშინაო საქმედ“ აქცია. მის კონკურენტებს კი შექმნილი სიტუაციის შეცვლა სურთ და პირველ რიგში, ძრავების რეგლამენტის „გაყინვის“ წესის შერბილებას ითხოვენ, რათა ახალი სეზონის წინ, გერმანულ გუნდთან ჩამორჩენის შემცირება სცადონ.
„ხუთი სეზონი გვანელებდნენ აეროდინამიკის შეზღუდვებით. ერთადერთი, რასაც „მერსედესისგან“ ვითხოვთ ისაა, რომ მიახლოების შანსი მოგვცენ“, - გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორრ უნდ შპორტთან“ საუბრისას ამბობს „რედ ბულის“ მრჩეველი, დოქტორი ჰელმუტ მარკო. „მერსედესი“ მცირე კომპრომისზეა თანახმა, ოღონდ „ფერარის“ და „რენოს“ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს.
მაგრამ „ფერარი“ და „რენო“ იმუქრებიან, რომ თუ „მერსედესი“ დათმობაზე არ წავა, მაშინ 2016 წლის სეზონისთვის, ძრავების რეგლამენტის ტოტალურ გათავისუფლებას, ხმების უმრავლესობით მიაღწევენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, ძრავები ძალიან გაძვირდება და პატარა გუნდები ვეღარ შეძლებენ მათი საფასურის გადახდას, რის გამოც, ბიზნესიდან გასვლა მოუწევთ. ამ შემთხვევაში, ოქროს შუალედად ბევრი V8 ძრავებზე დაბრუნებას მოიაზრებს, რომლებიც გაცილებით იაფიც ჯდება და მომსახურების მხრივაც უფრო მარტივია.
„უკან დაბრუნება არავის სურს, მაგრამ როდესაც რამეს არასწორად გააკეთებ, ეს დროზე უნდა აღიარო და საქმე გამოასწორო“, - ამბობს „რედ ბულ რეისინგის“ შეფი კრისტიან ჰორნერი. და ის ერთადერთი არაა, ვინც ასე ფიქრობს. „ლოტუსი“, „ზაუბერი“ და „ფორს ინდია“ სიამოვნებით დათანხმდებიან ატმოსფერული ძრავების დაბრუნებას. „ლოტუსის“ მფლობელი ჟერარ ლოპესი ამბობს, რომ ახალ ძრავებზე გადასვლა არავის სურდა და დასძენს, რომ ახალი ტიპის ძრავების რეგლამენტს მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება „ჰონდას“, რომელიც ფ1-ს მომავალი სეზონიდან უბრუნდება, ის პირველ რიგში იმის გამო დაბრუნდა, რომ ტურბო ძრავების შემუშავებისას დაგროვილი გამოცდილება უკეთ გამოსაყენებელია სერიული ავტომობილების წარმოებისას. თუმცა თუ მისმა აგრეგატმაც ვერ იმუშავა, იაპონური კომპანიაც ატმოსფერულ ძრავებზე დაბრუნებას, ან მინიმუმ, გაყინვის წესის შერბილებას მიემხრობა.
„მერსედესის“ შეფი ნიკი ლაუდა კი ამბობს, რომ V8 ძრავების დაბრუნებას, სხვა სერიოზული პრობლემები მოჰყვება. და ამის გამო: „თუV8 ძრავებს დააბრუნებენ, „მერსედესი“ წავა!“

No comments:

Post a Comment