2015 Ford Escort to Debut at Guangzhou Auto Show
11 ნოემბერი
ამ სახელით „ფორდი“ ავტომობილებს ათწლეულების
განმავლობაში აწარმოებდა, 2002 წელს კი ის ევროპაში „ფოკუსმა“ შეცვალა, მოგვიანებით
კი ამერიკაშიც შეიცვალა და ისტორიაში დარჩა. თუმცა არა სამუდამოდ - „ესკორტი“
ბრუნდება, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის. და მას ცისფერი ოვალის და მისი
ჩინელი პარტნიორის, „ჩანგანის“ ერთობლივი საწარმო გამოუშვებს.
სხვათა შორის, ამერიკულმა კომპანიამ, იმავე „ჩანგანთან“
ერთად, ახლახანს კიდევ ერთი ერთობლივი საწარმო და ქვებრენდი გახსნა, რომელიც „ძია
იუეს“ მუშაობს და მეორე თაობის სედან „ფოკუსს“ აწარმოებს. ეს ავტომობილი
ცისქვეშეთში ძალიან პოპულარულია და დიდწილად განაპირობებს მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე
ცისფერი ოვალის გაყიდვების სწრაფ ზრდას. ახალი „ესკორტი“ კი „ფორდის“ ხელში კიდევ
ერთი ჩინური კოზირი გახდება.
უახლესი „ესკორტის“ პრემიერა გუანჯოუს მოტორ შოუზე,
20 ნოემბერს ჩატარდება. ის იაფ, C1 პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც ამერიკულმა
კომპანიამ 13 წლის წინათ შეიმუშავა. ჩინური „ესკორტის“ საბაზო ფასი 90 000 იუანი (დაახლოებით
14 700 დოლარი) იქნება. ტოპ ვერსიის მაქსიმალური ფასი კი 130 000 იუანს (დაახლოებით
20 900 დოლარს) მისწვდება.
ახალი „ესკორტის“ ბორბლებს შორის ბაზა 2 687 მილიმეტრია,
რაც სალონში დიდ სივრცეს უზრუნველყოფს. ეს კი ჩინურ ბაზარზე პოპულარობისთვის
მთავარი პირობაა. სალონში თავისუფლად მოთავსდება ხუთი ზრდასრული ადამიანი.
ავტომობილს აქვს სოლიდური სილუეტი, რომელსაც ხაზს უსვამს „ასტონ მარტინის“ სტილის რადიატორის
ცხაური (რომელიც უკვე ფორდის ავტომობილების სტილიც გახდა) და საშუალო ზომის სედან „მონდეოს“
სტილში შესრულებული უკანა ნაწილი.
ახალი „ფორდ ესკორტი“ აღიჭურვება ბენზინის 1.5-ლიტრიანი
ოთხცილინდრიანი Ti-VCT ძრავით, რომელიც 115 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში მუშაობს 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა
კოლოფი, ამასთან მყიდველს 6-საფეხურიან ავტომატურსაც შესთავაზებენ. ამ ავტომობილის
გაყიდვები 20 იანვარს დაიწყება.
No comments:
Post a Comment