Marko yet to tell Sainz of plans for 2015
21 ოქტომბერი
შარშანდელი სეზონის შემდეგ, როცა „ტორო როსომ“ რუსი
დანილ კვიატი აიყვანა, „რედ ბულის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის კიდევ ერთმა მრბოლმა,
კარლოს საინს უმცროსმა განცხადა, რომ ამ ეტაპზე, ფ1-ში გადასვლა მის გეგმებში არც
შედიოდა და ნაადრევ დებიუტს, კიდევ ერთი სეზონით მოცდა ერჩივნა. ეს სეზონი მან ფორმულა
„რენო“ 3.5-ში გაატარა და მის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე, ჩემპიონის ტიტულიც
გაინაღდა.
მაგრამ „ტორო როსომ“ უფროს „რედ ბულში“ გადასული კვიატის
ადგილზე, კიდევ ერთი თინეიჯერი - ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი მიიწვია. უფრო
სწორედ, ფერსტაპენის მიწვევის გამოცხადებისას ითქვა, რომ ეს პილოტი ფრანგი ჟან-ერიკ
ვერნის ადგილს დაიკავებდა. ვერნის წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, მაგრამ
შემდეგ „რედ ბულიდან“ სებასტიან ფეტელი წავიდა და კვიატი მის ადგილზე მიიწვიეს...
თითქოს იტალიურ გუნდში ვაკანსია გაჩნდა, რომელიც
სწორედ რალის ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, კარლოს საინსის შვილმა უნდა დაიკავოს,
მაგრამ შესაძლოა, ასე მაინც არ მოხდს. საქმე ისაა, რომ „ტორო როსოს“ გუნდში ფ1-ის
ორი დებიუტანტი არ სურს. იტალიური საჯინიბოს შეფი ფრანც ტოსტი და „რედ ბულის“
მფლობელი დიტრიხ მატეშიცი თვლიან, რომ 17 წლის ფერსტაპენის გვერდზე გამოცდილი
პილოტის ყოლა სჯობს. ასეთი კი ვერნია, რომელიც ამ სეზონის მეორე ნახევარს ძალიან
კარგად ატარებს. მათ ეთანხმება მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ალენ პროსტი, ვინც თვლის,
რომ 20 წლის საინსი მეტისმეტად ახალგაზრდაა. საპირისპირო მოსაზრება აქვს ჰელმუტ
მარკოს, ვის გარეშეც „რედ ბულის“ ორივე საჯინიბოში არაფერი წყდება. ის რისკის
მომხრეა.
ყოველივეს მიუხედავად, მარკოს გადაწყვეტილება ჯერ
არ მიუღია. ყოველ შემთხვევაში, ამას საინსი ესპანურ გამოცემა „ელ მუნდოსთან“ საუბრისას
ამბობს: „ჯერ არაფერი ვიცი, რადგან ისინი არ დამკავშირებიან. მოთმინებით ველი.
იმედ მაქვს, ამ კითხვაზე მალე კის გიპასუხებთ. მაგრამ ჯერჯერობით ლოდინი მიწევს.
ერთხელაც ის (მარკო) დამიკავშირდება და ან ჰოს მეტყვის, ან - არას“.
საინსი ამბობს, რომ „ტორო როსოშ“ გადასვლა სურს.
მისი პრიორიტეტი „რედ ბულია“, რადგან სწორედ მისი წყალობით მიაღწია იმას, რასაც
მიაღწია: „ყველაფერი ღიადაა. იმედი მაქვს, რომ ფორმულა ერთში ჩემი დებიუტი „ტორო
როსოსთან“ ერთად შედგება, რადგან სწორედ „რედ ბულის“ წყალობით ვარ იქ, სადაც ვარ.
მე მათთან დავრჩები. მაგრამ თუ არა, მაშინ არჩევანს თავად გავაკეთებ. ნებისმიერ
შემთხვევაში მსურს, რომ მომავალ სეზონში ფ1-ში ვიყო“.
No comments:
Post a Comment