New 542bhp Range Rover Sport SVR revealed
11 აგვისტო
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით თავისი უსწრაფესი და
უმძლავრესი ავტომობილის, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ ფოტოები და მცირე ინფორმაცია
ოფიციალურად გამოაქვეყნა. ეს არის „იაგუარ ლენდ როვერის“ უახლესი სატუნინგო შტოს, „სპეშლ
ვიიქლ ოპერეიშნზის“ პირველი უგზოობის ავტომობილი, რომელმაც უკვე მოასწრო
ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე, თავისი კლასის ავტომობილებისთვის რეკორდის (8 წთ
და 14 წმ) დაფიქსირება.
ახალი ავტომობილი, 5.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი,
რომლის სიმძლავრეც, მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 550 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური
მაბრუნი მომენტი კი 680 ნიუტონმეტრია. ძრავთან წყვილში ZF-ის
8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს, რომლიდანაც მამოძრავებელი ძალა ოთხივე
ბორბალს მიეწოდება. საფეხურების შესაცვლელად, საჭის რგოლზე მოთავსებული ბერკეტები
გამოიყენება. კოლოფის საფეხურების შეცვლის დრო 50 პროცენტით არის შემცირებული.
ამ წყვილის დახმარებით, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ს“
ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.5 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ს
აღწევს. ასეთი მახასიათებლების მიუხედავად, ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 10.64
ლიტრი საწვავი ჰყოფნის, მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი ყოველ
კილომეტრზე მხოლოდ 299 გრამია, როგორც სტანდარტული „რეინჯ როვერ სპორტის“
შემთხვევაში.
ავტომობილის ყველგანმავლის თვისებებს აძლიერებს სრულ
ამძრავიანი ტრანსმისია, ორსაფეხურიანი სატრანსფერო ყუთი და ელექტრონიკით მართვადი მრავალფენიანი
(დისკოიანი) ქურო, რომელიც ღერძებს შორისი დიფერენციალის სტრუქტურაში შედის. ასევე
თავიდანაა დაკალიბრებული უკანა დიფერენციალის ბლოკირების აქტიური სისტემა. ასევე
სპორტულ რეჟიმში მუშაობს მაბრუნი მომენტის განაწილების სისტემა, რომელიც მომენტის
განაწილების იმიტაციას, მუხრუჭებით ახერხებს. ასევე დაიხვეწა დინამიკური სტაბილურობის
კონტროლის სისტემა. გადაცემის საფეხურების ძალიან სწრაფად შეცვლის შემთხვევაში,
ელექტრონიკა საწვავის მიწოდბას ცვლის, რათა გადართვების დროს არ წარმოიქმნას ჩავარდნები.
შეცვლილია გამოსაბოლქვი სისტემა, რომელსაც უფრო
ფართო მილები აქვს და სპეციალური სარქველები ემსახურება, რომელთა დახმარებითაც,
სისტემა ორ საფეხურად მუშაობს. მათი დახმარებით, მცირე დატვირთვის და დაბალი
სიჩქარის დროს, ოთხიდან ორი გამოსაბოლქვი ჩაკეტილია. 3000 ბრ/წთ-ზე, ან დატვირთვის
გაზრდის შემთხვევაში, სარქველები იხსნება და ავტომობილიც უფრო ბოხ, აგრესიულ ხმას
გამოსცემს.
„რეინჯ როვერ სპორტ SVR-ის“ შასიც იმგვარადაა მოდიფიცირებული,
რომ ავტომობილის სპორტულ თვისებებზე გააკეთოს აქცენტი. პნევმო საკიდარის და
ადაპტირებადი ამორტიზატორების წყალობით, ის უფრო სხარტი გახდა და მაღალი სიჩქარით უკეთ
გადის მოსახვევებს. ავტომობილის დინამიურობას აუმჯობესებს დახრის მაკონტროლებელი
აქტიური სისტემა, რომელიც განივი მდგრადობის სტაბილიზატორს ცვლის. ჰიდრავლიკური
ტუმბოს დახმარებით, ის ორივე ღერძის დახრას აკონტროლებს და ავტომობილის საუკეთესო
დინამიკას უზრუნველყოფს.
სტანდარტულ ეკიპირებაში შედის ალუმინის 21-დუიმიანი
ბორბლები. ამასთან მყიდველს 22-დუიმიანი ბორბლების დაყენება შეუძლია, რომლებიც „კონტინენტალის“
275/45 R21 „სპორტ კონტაქტ5“ საბურავებით შეიმოსება. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას,
ისინი საუკეთესო ჩაჭიდებას უზრუნველყოფენ.
ორ
დღეში ამ ავტომობილს კამუფლაჟის გარეშე პირველად პებლ ბიჩის (კალიფორნია)
ელეგანტურობის კონკურსის დამსწრე საზოგადოება იხილავს. მასზე შეკვეთების მიღება კი
ოქტომბერში, პარიზის მოტორ შოუს შემდეგ დაიწყება. უმაღლესი კლასის უგზბის ავტომობილების
სეგმენტში, „რეინჯ როვერ სპორტ SVR-ი“ კონკურენციას „პორშე კაიენ ტურბო S-ს“, „მერსედეს-ბენც
ML63 AMG-ს“, ასევე „ბეემვე X5-ს“ და „ბეემვე X6-ს“ გაუწევს.
No comments:
Post a Comment