Nico Rosberg admits 'error of judgement' in Lewis Hamilton clash
29 აგვისტო
„მერსედესის“ პილოტებს შორის დაძაბულობა მოიხსნა,
ცოტა ხნით მაინც - სპა ფრანკორშანზე მომხდარი ინციდენტის გამო, ნიკო როსბერგმა
ლუის ჰამილტონს საჯაროდ მოუბოდიშა. სამქიმიანებმა თავიანთ პილოტებს შორის არსებულ
დაძაბულ ურთიერთობას სპეციალური შეხვედრა მიუძღვნეს, რომელშიც როსბერგის და
ჰამილტონის გარდა, გუნდის დირექტორები, ტოტო ვოლფი და პადი ლოუ მონაწილეობდნენ. რა
თქმა უნდა, განხილვის საგანი, სპაზე მომხდარი ავარია იყო, რომლის გამოც,
გერმანულმა გუნდმა დუბლის შესრულება ვერ შეძლო.
შეხვედრისას როსბერგმა აღიარა, რომ არასწორად
განსაჯა მომხდარი. თუმცაღა ნარბოლევს ამბობდა, ეს ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტი
იყოო. მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა, საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მომხდარზე
საკუთარი აზრი შეიცვალა, რაშიც მას მეტწილად ჰამილტონთან და გუნდის უფროსებთან შეხვედრა
დაეხმარა.
„სპაზე რბოლის შემდეგ, მოხდარზე ბევრი ვიფიქრე და ეს
ყველაფერი გუნდთან ერთადაც განვიხილე. მომხდარის გამო ჩემი წუხილი ადრეც
გამოვხატე, მაგრამ ტოტოსთან, პადისთან და ლუისთან შეხვედრის შემდეგ, მინდა ნაბიჯით
წინ წავიწიო და ჩემი ქმედება შეცდომად შევაფასო. თანაგუნდელებისთვის პირველი წესი
ისაა, რომ ჩვენს შორის შეჯახება არ უნდა მოხდეს. მაგრამ სწორედ ეს მოხდა.
მომხდარის და მისი მცდარი შეფასების გამო, ლუისს და გუნდს ბოდიშს ვუხდი. ასევე
მინდა ბოდიში ფანებს მოვუხადო, რომლებსაც ბელგიაში ჩვენი პაექრობის ხილვის
საშუალება წავართვი“, - წერს როსბერგი.
„მერსედესის“ ხელმძღვანელობამ ორივე მრბოლს მკაფიოდ
განუმარტა, რომ მსგავსი ინციდენტის გამეორებას ვერ შეეგუება. როსბერგმა კი იმედი
გამოთქვა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში, მასა და ჰამილტონს შორის არასპორტული გარჩევები
აღარ მოხდება. „მე და ლუისმა მკაფიო ინსტრუქციები მივიღეთ იმის შესახებ, თუ როგორ
უნდა მოვიქცეთ რბოლაში მეტოქეობისას. როგორც პილოტები, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ
გუნდის, ფანების და სპორტის, ჩვენი პარტნიორების და „მერსედეს-ბენცის“ წინაშე,
რათა სუფთა რბოლები ჩავატაროთ. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ძალიან სერიოზულად მივიღეთ.
ძალიან მინდა, სეზონი დაძაბულ და სამართლიან კონკურენციაში, აბუ დაბის რბოლის ბოლო
წრეზე დავასრულოთ“.
No comments:
Post a Comment