Motor racing-Australian Ricciardo wins dramatic
Hungarian Grand Prix
27 ივლისი
სამქიმიანთა გამარჯვებების სერია მეორედ დაირღვა და
მეორედაც ეს დანიელ რიკარდომ „იკადრა“, ვისი წყალობითაც, „რედ ბული“ ისევე უგებს „დანარჩენებს“,
როგორც თავად ჩამორჩება სხვა ლიგაში მოასპარეზე „მერსედესს“. რაც ასევე მნიშვნელოვანია,
ავსტრალიელმა ისევ აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, რომელიც ამ
სეზონში ვერაფრით ახერხებს თავისი ახალი თანაგუნდელის ჩრდილიდან თავის დაღწევას. „რედ
ბულს“ კი შეუძლია, მშვიდად იყოს - თუ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გაექცევა, მასზე
არანაკლებ სწრაფი „ადამიანი სიცილი“ ჰყავს, რომელმაც უკვე გასინჯა ჩემპიონების
დამარცხების და საკუთარი გამარჯვების გემო...
იყო ბევრი გასწრება, ავარიები, უსაფრთხოების მანქანის
ორი ვიზიტი და რა თქმა უნდა, წვიმა, რომელმაც სტარტამდევე შექმნა იმის წინაპირობა,
რომ სენსაციების მოლოდინში ვყოფილიყავით. რაც მთავარია, ამჯერად ცეცხლს თავისი
ალები არ გამოუჩენია და წვიმაც მეორედ აღარ მოვიდა, რითაც ქაოსი აგვარიდა თავიდან.
სხვათა შორის, ასე რომ მომხდარიყო, ახლა ალბათ „მაკლარენის“ პილოტების თავდადებასაც
აღვნიშნავდით, რომლებმაც გარისკეს და პირველ პიტსტოპზე ისევ საწვიმარი საბურავები
დააყენეს, რადგან გუნდმა შეატყობინა, მალე ისევ გაწვიმდებაო... არ გაუმართლათ,
მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, შეიძლება სენსაციაც მოეხდინათ.
„ისეთივე შეგრძნება მაქვს, როგორიც პირველი
გამარჯვების შემდეგ. უსაფრთხოების მანქანის პირველმა გამოსვლამ უპირატესობა
მოგვანიჭა. მაგრამ მეორედ ეს ჩვენს სასარგებლოდ არ მომხდარა. თუმცა, გადამწყვეტი
შეტევები ბოლოსთვის გადავდე და ამან კარგად იმუშავა“, - განაცხადა რიკარდომ, ვინც
ჰამილტონს ფინიშამდე სამი წრით ადრე გაასწრო და მალევე ალონსოც ზედ მიაყოლა, რის
შემდეგაც მისმა უპირატესობამ ხუთ წამს მიაღწია.
„ჩვენ იღბალს მივენდეთ, როცა რბოლის გამარჯვება
ვცადეთ, მაგრამ ძალიან ცოტა დაგვაკლდა. მოკლედ, გიჟური რბოლები გვჭირდება, რომ
კვარცხლბეკზე ასვლა შევძლოთ. დღეს სწორედ ასეთი რბოლა იყო და ჩვენ შანსების
გამოყენება შევძელით“, - განაცხადა ალონსომ, ვისთვისაც ეს ამ სეზონში მხოლოდ მეორე
კვარცხლბეკია.
ჰამილტონს ერთხელ კუდზე როსბერგი დააჯდა, რომელმაც
რადიოთი თავისიანების წინაშე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბრიტანელი მას
არ ატარებდა. მაგრამ ჰამილტონმაც რადიოთივე, თავისიანებს უპასუხა - თუ შეუძია
გამასწროს, ტყუილად გზა რატომ დავუთმოო. ცოტაც მოითმინა როსბერგმა და ბოქსებში
შეუხვია, საიდან გამოსულმაც საკვალიფიკაციო რეჟიმში გააგრძელა ასპარეზობა და ლამის
სასწაულიც მოახდინა. თუმცა, მხოლოდ ჰამილტონის დაწევა შეძლო და ფინიშამდე ორი წრით
ადრე, გაშმაგებითაც შეუტია, მაგრამ ჰამილტონმა ბრძოლითვე დაიცვა პოზიცია.
მოკლედ, არდადეგების წინ, შესანიშნავი რბოლა
ვიხილეთ და ახლა ერთი თვე იმის მოლოდინში ვიქნებით, რომ აგვისტოს მიწურულს,
ბელგაში უფრო დაძაბულ რბოლას ვიხილავთ.
უნგრეთის დიდი პრიზი
ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (4.381 კმ, 70
წრე)
1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:53:05.058
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +00:05.225
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:05.857
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:06.361
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:29.841
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:31.491
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 00:40.964
8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:41.344
9. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 00:58.527
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:07.280
11. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი) 01:08.169
12. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი) 01:18.465
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 01:24.024
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1 წრე
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1 წრე
16. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1 წრე
გ. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 37 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი) 46 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 56 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 60 წრე
გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 48 წრე
გ. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი) 62 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:25.724, 64-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 202 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 191;
3. დანიელ რიკარდო - 131; 4. ფერნანდო ალონსო - 115; 5. ვალტერი ბოტასი - 95; 6. სებასტიან
ფეტელი - 88; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 69; 8. ჯენსონ ბატონი - 60; 9. ფელიპე მასა - 40;
10. კევინ მაგნუსენი - 37; 11. სერხიო პერესი - 29; 12. კიმი რაიკონენი - 27; 13. ჟან-ერიკ
ვერნი - 11; 14. რომენ გროჟანი - 8; 15. დანილ კვიატი - 6; 16. ჟიულ ბიანკი - 2
კონსტრუქტორთა თასი
1.
მერსედესი - 393 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 219; 3. ფერარი - 142; 4. უილიამს-მერსედესი
- 135; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 98; 6. მაკლარენ-მერსედესი - 97; 7. ტორო როსო-რენო
- 17; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. კატერჰემ-რენო
- 0
No comments:
Post a Comment