დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 27, 2014

სერია ინჯენიუმის ძრავები - „იაგუარ ლენდ როვერის“ ახალი კოზირი

ALL-NEW INGENIUM ENGINE WILL SLASH RUNNING COSTS
27 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ძრავების უახლეს ოჯახს ამზადებს, რომლების კონსტრუქციაშიც ყველა უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რისი წყალობითაც, ეს ძრავები სიმსუბუქით, ეკონომიურობით, კომპაქტურობით, სუფთა გამონაბოლქვით და რა თქმა უნდა, სიმძლავრით იქნება გამორჩეული. გარდა ამისა, მათი ექსპლუატაციაც გაცილებით იაფი დაჯდება.
ახალი ოჯახის პირველი ძრავი, კოდური სახელწოდებით AJ200D, 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელი იქნება, რომლითაც პირველი „იაგუარის“ უახლესი სედანი XE აღიჭურვება, შემდეგ კი ის ასევე უახლესი „ლენდ როვერ დისქავერი სპორტის“ კაპოტქვეშაც განლაგდება, სადაც ჯერ კიდევ „ფორდის“ დროიდან შემორჩენილ 2.2-ლიტრიან დიზელს შეცვლის. მასთან წყვილში კი სისტემა სტოპ-სტარტი იმუშავებს.
ახალი ძრავი, ვულვერჰემპტონის მახლობლად ახლახანს ამოქმედებული ძრავების ცენტრის პირველი პროდუქტია. AJ200D ალუმინის ბლოკზეა აწყობილი. მისი კონსტრუქცია და სამაგრი წერტილები იმის საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილზე გრძივადაც განლაგდეს და განივადაც. ამასთან, მისი გამოყენება შეიძლება როგორც წინა და უკანა, ასევე სრულ ამძრავიან ტრანსმისიებთან და ელექტრულ ჰიბრიდულ სისტემებშიც კი.
ინჯენიუმ სერიის ძრავებში, ზედა ნაწილში განლაგებული გამანაწილებელი ლილვები, მუხლა ლილვს ჯაჭვური გადაცემით უკავშირდება. ყოველ ცილინდრს 4 სარქველი ემსახურება. საწვავის მიწოდება უშუალოდ წვის კამერაში ხდება, შეშვების და გამოშვების ფაზები კი ცვალებადია. ძრავის სავარაუდო სიმძლავრე 250 ცხენის ძალაა, წონა კი მხოლოდ 80 კილოგრამი.
ძრავში ინტენსიურადაა გამოყენებული მცირე ხახუნის მქონე მასალები, რისი წყალობითაც, გაზრდილია მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი. ეს კი მეტ ლიტრულ სიმძლავრეს, საწვავის ნაკლებ ხარჯსა მცირე გამონაბოლქვში აისახება. გარდა ამისა, ძრავს კარგი მიმღებიანობა აქვს და მაქსიმალურ მომენტს ბრუნთა რიცხვების ფართო დიაპაზონში ავითარებს.
„იაგუარ ლენდ როვერი“ აცხადბს, რომ AJ200D-ს დინამომეტრულ სტენდზე 72 000 საათი აქვს ნამუშევარი, მისით აღჭურვილმა ავტომობილებმა კი საგზაო ტესტებისას 3 მილიონ კილომეტრზე მეტის გავლა მოასწრეს. ამ ტესტების დროს, ძრავი მუშაობდა როგორც მაღალი ხარისხის, ასევე უხარისხო საწვავზე.
სერია ინჯენიუმის ძრავებს მოდულური აგებულება აქვს. დიზელის და ბენზინის ძრავებს ბევრი საერთო კომპონენტი ექნება. პირველ რიგში, ესაა 0.5-ლიტრიანი ცილინდრები, ასევე დგუშების დიამეტრი და სვლა. საერთო კომპონენტების წყალობით, 1.5-ლიტრიან სამცილინდრიან, 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან, 2.5-ლიტრიან ხუთცილინდრიან და 3.0-ლიტრიან V6 ძრავებს მაკომპლექტებლების დიდი ნაწილი საერთო ექნება. ამგვარად, გამარტივდება და გაიაფდება როგორც მათი შემუშავება, ასევე წარმოება. შემცირდება შემუშავებისთვის და მოდიფიკაციისთვის საჭირო დრო.

No comments:

Post a Comment