McLaren May Race At Le Mans In 2016 With 650S
Racer
5 ივლისი
ის უფრო გასაკვირი იქნება, რომ არ დაბრუნდეს. ამ
ლეგენდარული 24-საათიანი რბოლის 1995 წლის ტრიუმფატორი (ლეგენდარული F1 GTR-ით) კომპანია,
1999 წლის შემდეგ, სარტეს ტრეკზე აღარ გამოჩენილა. ახლა კი, როცა უოკინგელებმა
ფორმულა ერთის გარდა, საგზაო სუპერ ავტომობილების წარმოებაშიც გაიდგეს ფესვები,
დღის წესრიგში ლე მანზე დაბრუნება დადგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლე მანზე მონაწილეობის
გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, დაბრუნების შემთხვევაში, უოკინგელები
არ აპირებენ (ჯერჯერობით მაინც) პროტოტიპების LMP1 კლასის სერიაში ჩართვას, სადაც „აუდი“,
„ტოიოტა“ და „პორშე“ ბატონობენ. მათ „GTE პრო“ კატეგორიაში გამოსვლა სურთ, სადაც „ასტონ
მარტინი“, „შევროლე“, „ფერარი“ და „პორშე“ დახვდებათ, რომლებიც საგზაო ავტომობილების
ბაზაზე შექმნილი სარბოლი ვერსიებით ასპარეზობენ. დაბრუნების შემთხვევაში, „მაკლარენი“
თავის უახლეს მოდელ 650S-ს ბაზაზე შექმნილ GT3 ვერსიის მოდიფიცირებულ ვარიანტს
გამოიყენებს, რომელიც პირველად ახლახანს, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე წარადგინა.
„ძალიან გამიკვირდება, თუ 650S-ს ლე მანის რბოლაზე
ვერ ვიხილავ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს 2016 წელს მოხდება. ყოველ შემთხვევაში,
ჩვენ ასე გვინდა, მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რეგლამენტი უნდა დავაზუსტოთ,
რათა მის შესაბამისად, მანქანის აგება დავიწყოთ“, - ჟურნალ „ავტოსპორტთან“
საუბრისას განაცხადა „მაკლარენის“ GT შტოს შეფმა ენდრიუ კირკალდიმ.
ის
გულისხმობს იმას, რომ ლე მანის რბოლისა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის
ორგანიზატორები, GTE კატეგორიის ტექნიკური რეგლამენტის გადახედვას აპირებენ.
ამიტომ, „მაკლარენი“ არ ჩქარობს 650S-ის ახლანდელი რეგლამენტის შესაბამისად მომზადებას.
არადა, 650S GT3 ძალიან ახლოსაა GTE-ს მოქმედ რეგლამენტთან და უოკინგელებს
თავისუფლად შეეძლოთ, რომ ამ სეზონში დაგვიანებით მაინც ჩართულიყვნენ ჩემპიონატში.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც ლე მანის გამოტოვება მოუწევდათ.
No comments:
Post a Comment