დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 5, 2014

როსბერგის ბრიტანული პოული

Motor racing-Rosberg takes pole in Britain
5 ივლისი
ბრიტანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლამ სიურპრიზები შემოგვთავაზა. ნიკო როსბერგის პოული სიურპრიზი ნამდვილად არაა - ჩემპიონატის ლიდერმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სტაბილურობის გარდა, სისწრაფეც არ აკლია. სხვანაირად ლიდერი ვერც იქნებოდა. მოულოდნელობა კი ის იყო, რომ „ფერარი“ და „უილიამსი“ კვალიფიკაციის პირველივე სექტორში სრული შემადგენლობით ჩარჩნენ. „მარუსიას“ პილოტებმა კი პელოტონის შუაგულში დაიკავეს ადგილები.
ყველაფრის მიზეზი კი რა თქმა უნდა, ალბიონის წვიმიანი ამინდია, რომელმაც პირდაპირი გავლენა იქონია არამხოლოდ „ფერარის“ და „უილიამსის“ ფიასკოზე, არამედ „მარუსიას“ პილოტების, ფრანგი ჟიულ ბიანკისა და ბრიტანელი მაქს ჩილტონის მე-12 და მე-13 შედგებზეც. სამაგიეროდ, მოწინავეთა რიგებს დაუბრუნდნენ სებასტიან ფეტელი და ჯენსონ ბატონი. ლუის ჰამილტონი კი კვლავ ჩრდილში აღმოჩნდა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მხოლოდ საკუთარი მცდარი გადაწყვეტილების გამო.
მან ეს თავად აღიარა. თურმე სწრაფი წრის დროს, რატომღაც უფიქრია, რომ თავისივე დროის გაუმჯობესებას ვეღარ შეძლებდა და გაზიდან ფეხი აიღო. არადა, შუალედური ტემპი პოულისთვის ბრძოლის იმედს იძლეოდა. მისგან განსხვავებით, როსბერგმა ბოლომდე შეინარჩუნა ტემპი და საბოლოოდ ფეტელს წამზე მეტით აჯობა. არადა, მის წინ მიმავალმა ჰამილტონმა კინაღამ ხელი შეუშალა, როცა თავად ტემპი შეანელა.
„გადაწყვეტილება ლუისმა მიიღო, რადგან თვლიდა, რომ თავისი დროის გაუმჯობესებას ვეღარ შეძლებდა. მაგრამ ნიკომ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება იყო სწრაფი“, - განაცხადა „მერსედესის“ არააღმასრულებელმა თავმჯდომარე ნიკი ლაუდამ. „ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ წრის დასრულებას აზრი არ ჰქონდა“, - თქვა დაღვრემილმა ჰამილტონმა.
სხვათა შორის, კვალიფიკაციის პირველი სექტორის მიწურულს, ხელის ჩაქნევას როსბერგიც აპირებდა. თანაც, ტრასაზე გამოსვლაც არ სურდა. მაგრამ შემდგ მაინც ჩათვალა, რომ ცდა ღირდა. და როგორც აღმოჩნდა, მართალიც ყოფილა. მან ხაზი გაუსვა, რომ პოული ბოლო სექტორში მოიგო, სადაც ტრასა საკმაოდ გამშრალიყო და ამან ტემპის გაზრდის საშუალება მისცა.
„ჩემპიონატის მიზნებიდან გამომდინარე, ჩემთვის კარგია, რომ ლუისი უკანაა. რაღაც დრო დასჭირდება, სანამ დამეწევა. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამას საკმაოდ სწრაფად იზამს. დიდი ალბათობით, ისევ ერთმანეთთან უშეღავათო პაექრობა მოგვიწევს. ამ ტრეკზე ძალიან სწრაფები ვართ. ეს ჩვენი მანქანის შესაფერისი ტრეკია. კარგი ბრძოლა გვექნება“, - განაცხადა როსბერგმა.
შეცდომების გამო მოეცარათ ხელი „უილიამსსა“ და „ფერარის“. წვიმის გამო, მათ ცუდ დროს გამოუშვეს პილოტები ტრასაზე, ბოლოს კი, როცა წვიმა გაძლიერდა, ფერნანდო ალონსომ და კიმი რაიკონენმა შეცდომები დაუშვეს. ანალოგიურ სიტუაციაში ფელიპე მასა და ვალტერი ბოტასიც აღმოჩნდნენ. მოკლედ, ეს მათი დღე არ იყო.

ბრიტანეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:35.766
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              1:37.386
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:38.200
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:38.329
5. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         1:38.417
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:39.232
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:40.457
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:40.606
9. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      1:40.707
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)            1:40.855
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:38.496
12. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:38.709
13. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:39.800
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:40.912
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:44.018
16. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    დროის გარეშე
- - - - - - - - - -
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:45.318
18. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:45.695
19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:45.935
20. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:46.684
21. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                1:49.421
22. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)      1:49.625

No comments:

Post a Comment