დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 22, 2014

როსბერგმა ავსტრიაში გაიმარჯვა და ლიდერობა განიმტკიცა

Motor racing-Rosberg wins in Austria to stretch F1 lead
22 ივნისი
„უილიამსმა“ და მისმა ბიჭებმა ცოტა ხნით გაიხარეს და ეყოფათ. მათთვის ვალტერი ბოტასის მესამე ადგილიც „საკმარისია“. სამქიმიანები კი ისევ იქ არიან, სადაც „უნდა იყვნენ“ - კვარცხლბეკის ორ უმაღლეს საფეხურზე. მასპინძელი „რედ ბული“ კი ყველას დაავიწყდა. აბა რა იქნებოდა - სებასტიან ფეტელს თავიდანვე უმუხთლა ტექნიკამ და მოგვიანებით იძულებული გახდა, მისი წვალება შეეწყვიტა. დანიელ რიკიარდოს კი, როგორც ჩანს, მონრეალიდან ეიფორია შორს გამოჰყვა - უხეიროდ დაიწყო და საბოლოოდ, ათეულში შესვლამაც გაახარა - ქულები არავის სწყენს.
არადა, მცირე შანსი „უილიამსებს“ მაინც ჰქონდათ. უფრო მეტად ბოტასს. მართალია, ფინელს სტარტზევე ნიკო როსბერგმა გაასწრო, მაგრამ ბოტასმა მალევე დაიბრუნა პოზიცია და პიტ სტოპების პირველ სერიამდე, მის წინ მხოლოდ ფელიპე მასა „გააჭაჭანა“. მერე კი ყველაფერი აირია. უფრო სწორედ, „მერსედესმა“ ორივე პილოტის პირველი პიტ სტოპი უფრო ადრე შეასრულა და ახალი რეზინის წყალობით, ბიჭებმა ის უპირატესობა მიიღეს, რომელიც დასაწინაურებლად საკმარისი იყო.
როსბერგის იქ ყოფნა რა გასაკვირია - მეორე რიგიდან აიღო სტარტი. ჰამილტონმა კი ბრწყინვალე რეიდი შეასრულა - მეცხრე სასტარტო ადგილიდან, პირველი წრის ბოლოს უკვე მეოთხე იყო. სხვათა შორის, პიტ სტოპის შემდეგ ჰამილტონმა ბოტასის უკან ამოჰყო თავი, მაგრამ იქვე შეუტია და ადვილადვე ჩამოიტოვა - ფინელის რეზინი ჯერაც გაუხურებელი იყო. მეორე პიტ სტოპზეც იგივე განმეორდა და აქედან მოყოლებული, პელოტონის მოწინავენი ისე განლაგდნენ, როგორც მიაღწიეს კიდეც ფინიშამდე. „უილიამსებს“ ბრძოლის შანსიც აღარ მისცემიათ.
„ეს არ იყო იოლი რბოლა. გარკვეული პრობლემების გამკლავება მიწევდა, მაგრამ ბოლოს მანქანა ძალიან სწრაფი იყო. ძალიან მიხარია, რომ მოგება შევძელი. ჩვენ ისევ დუბლით მოვიგეთ“, - განცხადა როსბერგმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მეექვსე გამარჯვება და ამ სეზონში ზედიზედ მერვე კვარცხლბეკია. ის ახლა უკვე 29 ქულას უგებს ჰამილტონს.
„ეს ის რბოლა იყო, რომელიც ჩვენს გუნდს ამ ეტაპზე ძალიან სჭირდებოდა. შარშან ძალიან ცუდი სეზონი გვქონდა და ვინ წარმოიდგენდა, თუ ამჯერად გამარჯვებისთვის ბრძოლას შევძლებდით. ყველაფერი გეგმის შესაბამისად გავაკეთეთ. მანქანამ ამის საშუალება მოგვცა და მე ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ბოტასმა, ვისთვისაც ეს პირველი კვარცხლბეკია ფ1-ში.

აღსანიშნავია, რომ როსბერგის და მასას გარდა, რბოლას სერხიო პერესი, ბოტასი და ფერნანდო ალონსოც ლიდერობდნენ. ოღონდ, ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა მოწინავეები პიტ სტოპს შეასრულებდნენ. 

ავსტრიის დიდი პრიზი
შპილბერგი, რედ ბულ რინგი, დისტანცია 307.020 კმ (4.326 კმ, 71 წრე)
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:27:54.976
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           +00:01.932
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:08.172
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:17.358
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    00:18.553
6. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      00:28.546
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                         00:32.031
8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:43.522
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            00:44.137
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           00:47.777
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:50.966
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
13. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       2 წრე
16. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                      2 წრე
17. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2 წრე
18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                2 წრე
19. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 2 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              12 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              37 წრე
გ. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                      47 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:12.142, 59-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი - 165 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 136; 3. დანიელ რიკარდო - 83; 4. ფერნანდო ალონსო 79; 5. სებასტიან ფეტელი - 60; 6. ნიკო ჰულკენბერგი - 59; 7. ვალტერი ბოტასი - 55; 8. ჯენსონ ბატონი - 43; 9. ფელიპე მასა - 30; 10. კევინ მაგნუსენი - 29; 11. სერხიო პერესი - 28; 12. კიმი რაიკონენი - 19; 13. რომენ გროჟანი - 8; 14. ჟან-ერიკ ვერნი - 8; 15. დანილ კვიატი - 4; 16. ჟიულ ბიანკი - 2

კონსტრუქტორთა პირველობა
1. მერსედესი - 301 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 143; 3. ფერარი - 98; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 87; 5. უილიამს-მერსედესი - 85; 6. მაკლარენ-მერსედესი - 72; 7. ტორო როსო-რენო - 12; 8. ლოტუს-რენო - 8; 9. მარუსია-ფერარი - 2

No comments:

Post a Comment