დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 10, 2014

ფეტელი RB10-ის არასაიმედობამ დაღალა

Sebastian Vettel 'getting bored' with run of unreliability on his Red Bull RB10
10 მაისი
სებასტიან ფეტელი ესპანეთის დიდი პრიზის რბოლას მე-15 პოზიციიდან დაიწყებს - კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში რომ გაჩერდა, ამის მიზეზი გადაცემათა კოლოფის დაზიანება გახდა. ამის გამო, ის შეცვალეს, ეს კი რეგლამენტით, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაწევას მოასწავებს. მესამე სეგმენტში გასვლისთვის, ფეტელი ათეულში მოხვდა, მაგრამ რადგანაც სწრაფი წრის გავლა ვერ შეძლო, მეათეზე დარჩა. ამას კი ხუთი საჯარიმო ქულა დაემატა.
ეს უკვე მეორე პრობლემაა, რაც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ბარსელონაში ასპარეზობისას შეექმნა. პირველად ელექტროგაყვანილობაში მოკლე ჩართვა მოხდა, რის გამოც, ფეტელმა პირველ პრაქტიკაზე მხოლოდ ოთხი წრის გავლა მოასწრო, მეორეს კი ბოქსებიდან უყურა. კვალიფიკაციისას კი როცა მესამე სეგმენტი ახალი დაწყებული იყო, ბოქსებიდან ტრეკზე დაბრუნება ვერ შეძლო - ჯერ მეორე გადაცემა „დაკარგა“, თუმცა ტრეკზე მაინც გავიდა იმ იმედით, რომ მეორეს გარეშე შეძლებდა სწრაფი წრის გავლას. თუმცა მალე მთელმა კოლოფმ მუშაობაზე „უარი თქვა“.
არადა, ეს სრულიად ახალი შასია, რომელიც სწორედ ბარსელონას ეტაპის წინ მოამზადა „რედ ბულმა“. ჩინური ეტაპის შემდეგ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ პირველ შასის მცირე ბზარი ჰქონია. და გუნდმაც ივარაუდა, რომ პირველ ოთხ ეტაპზე ფეტელის არასასურველი შედეგები სწორედ ამის ბრალი იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ კვალიფიკაციის პირველ ორ სეგმენტში მანქანამ შესანიშნავად იმუშავა.
„ვერაფერს ვიზამ. რა თქმა უნდა, გაწბილებული ვარ და ეს ძალიან დამღლელია, რადგან ყოველთვის სხვადასხვა პრობლემას ვაწყდებით. ყოველივეს მიუხედავად, მესამე სეგმენტში გასვლა შევძელით და რბოლაშიც ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ კოლოფი ამჯერად კარგად იმუშავებს“, - ამბობს ფეტელი.
ასეა თუ ისე, ფეტელს კვლავ სჯობნის მისი ახალი თანაგუნდელი დანიელ რიკარდო, რომელმაც მესამე საუკეთესო დრო აჩვენა. მაგრამ როგორც თავად განაცხადა, სახტად დარჩა იმით, რომ ასეთი კარგი წრის მიუხედავად, ის მაინც წამით ჩამორჩა პოულის მფლობელ ლუის ჰამილტონს.
„რეალისტები თუ ვიქნებით, ამ ეტაპზე „მერსედესის“ დამწევი არავინაა. როცა მე ფინიშის ხაზი გადავკვეთე, გავიფიქრე, რომ კარგი დრო უნდა მქონოდა. ველოდი, რომ ლიდერებს წამზე ნაკლებით ჩამოვრჩებოდი. მერე კი აღმოჩნდა, რომ წამზე მეტი წავაგე და გაოგნებული დავრჩი“, - ყვება რიკარდო.
კვალიფიკაციამ აჩვენა, რომ სამქიმიანების უპირატესობა, შემცირების ნაცვლად, იზრდება. ამიტომ ავსტრალიელი მრბოლი თვლის, რომ ერთადერთი რეალური მიზანი, რისი მიღწევაც შეიძლება, კვარცხლბეკის ქვედა საფეხურის დაკავებაა. ამასთან, ამ ეტაპზე კმაყოფილია იმით, რომ დანარჩენებს შორის საუკეთესოა. „თუ მათთან პაექრობას ვერ შევძლებ, მაშინ ის მაინც უნდა მოვახერხო, რომ წინ სხვა არავინ გავუშვა“, - ამბობს რიკარდო.

No comments:

Post a Comment