დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 11, 2014

ჰამილტონი ჩემპინატის ლიდერი გახდა

Motor racing-Hamilton wins in Spain to take F1 overall lead
11 მაისი
ვინმეს გაუკვირდა ასეთი შედეგი? ალბათ არავის. ზედიზედ მეოთხე რბოლის მოგებით, ლუის ჰამილტონმა ჩემპიონატის ლიდერობაც ჩამოართვა თავის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელმაც ბოლო ორ წრეზე კი შეძლო მასთან წამზე ახლოს მისვლა, მაგრამ შეტევა აღარ გამოუვიდა და ისევ მეორე ადგილს დასჯერდა. ისე კი, ამ ორმა „მერსედესს“ ზედიზედ მეოთხე დუბლი მოუპოვა და ამჯერად ამ ტრიუმფს თვით „დაიმლერის“ მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშეც დაესწრო.
მართალია, მთელმა რბოლამ მონტონურად ჩაიარა, მაგრამ მისი ბოლო ძალიან საინტერესო გამოდგა - ბოლო წრეებზე ერთდროულად სამი დუელის მომსწრენი გავხდით და მათგან მხოლოდ ლიდერთა დაპირისპირებაში შეძლო წინ მყოფმა პილოტმა ადგილის შენარჩუნება. ფინიშამდე ორი წრით ადრე, მეექვსე ადგილისთვის ბრძოლაში, ფერნანდო ალონსომ კიმი რაიკონენს გაასწრო, სებასტიან ფეტელმა კი ვალტერი ბოტასს მეოთხე ადგილი დაათმობინა.
მოსალოდნელი იყო, რომ როსბერგიც შეძლებდა დაწინაურებას - მეორე პიტსტოპზე მან მედიუმ რეზინი დააყენა, ჰამილტონს კი ჰარდით უწევდა ასპარეზობა. ამასთან, ბრიტანელმა თანაგუნდელზე დაახლოებით 3%-ით ნაკლები საწვავი გამოიყენა, რაც თეორიულად იმას ნიშნავს, რომ მის ავზში ორი-სამი კილოგრამით მეტი საწვავი ესხა, ეს კი წრეზე წამის მეასედებს იძლევა. მაგრამ როსბერგმა რიგიანად შეტევაც ვერ მოასწრო.
„დღეს საკმარისად სწრაფი არ ვიყავი. ნიკო უფრო სწრაფი იყო. იღბლად, მისი უკან დატოვება შევძელი“, - ნარბოლევს განაცხადა გამარჯვებულმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 26-ე მოგებული რბოლაა, რითაც ის 2012 წლის შემდეგ, პირველად მოექცა კლასიფიკაციას სათავეში. ცნობისათვის, მაშინ ის „მაკლარენის“ წევრი იყო. დაკიდევ, ჰამილტონმა ესპანეთში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
როსბერგმა განაცხადა, რომ ერთი წრეც რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა გასწრება ეცადა, მაგრამ ასე არ მოხდა. ისე კი თანაგუნდელი შეაქო თქვა, რომ არც მეორე ადგილია ცუდი, რადგან ლუისს კლასიფიკაციაში მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება, წინ კი ჯერაც ბევრი რბოლაა.
კვარცხლბეკზე მესამე საფეხური დანიელ რიკარდომ დაიკავა, ვინც რბოლის პირველ ნაწილში ვერაფრით შეძლო ბოტასის უკან მოტოვება, თუმცა ეს პიტსტოპების პირველი სერიის შემდეგ მაინც მოახერხა და მისგან პრობლემაც აღარ შექმნია. ფინელმა საერთო ჯამში შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ რბოლის მიწურულს, ფეტელის უეცარი შეტევის მოგერიება ვერ მოახერხა.
რიკიარდომ თავის კარიერაში პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ავსტრალიაში მოპოვებული მეორე ადგილი არ ითვლება, რადგან ჩამოართვეს. სხვათა შორის, „რედ ბულმა“ დაადგინა მიზეზი, რის გამოც, მის ბოლიდებზე მწყობრიდან გამოდიოდა საწვავის ხარჯვის მზომი სენსორი. მიზეზი მარტივია - სენსორს „ტოტალის“ საწვავის დანამატი აზიანებდა. „ისეთი სიჩქარე არ გვაქვს, რომ „მერსედესთან“ კონკურენცია შევძლოთ. მაგრამ სასიამოვნოა, რომ კვარცხლბეკზე ასვლა შევძელი და იმედი მაქვს, ამჯერად მას აღარ ჩამომართმევენ“, - განაცხადა ავსტრალიელმა, ვინც ჯერჯერობით თავის ტიტულოვან თანაგუნდელს სჯობნის.
განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ფეტელი. ჯერ პირველი ორი პრაქტიკა გაუცდა, კვალიფიკაციაზე კი გადაცემათა კოლოფი დაუზიანდა, რის გამოც ის შესაცვლელი გახდა და ამიტომ, გერმანლი სასტარტო რიგში ხუთი ადგილით უკან დასწიეს. იმავე პრობლემის გამო, კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში ვერ იასპარეზა და მეათე შედეგი ჰქონდა. საბოლოოდ, სტარტზე მე-15 ადგილი დაიკავა. მოკლედ, კვარცხლბეკზე ვერ ავიდა, მაგრამ შესანიშნავი რბოლა კი ჩაატარა.
კვლავ საჯარიმო ქულა დაიმსახურა პასტორ მალდონადომ, ვინც კვალიფიკაცია ავარიის გამო ვერ გაიარა და ამიტომ, რბოლა ბოლო რიგიდან დაიწყო. პირველ წრეზე ის „კატერჰემის“ შვედ მარკუს ერიქსონს დაეჯახა, რის გამოც, რბოლისას ბოქსში ხუთი წამით გაჩერება დააკისრეს, რბოლის შემდეგ კი მის „ყულაბას“ მორიგი, მეოთხე საჯარიმო ქულა დაუმატეს. შეგახსენებთ, რომ თუ 12 თვეში ის 12 საჯარიმო ქულას „დააგროვებს“, ავტომატურად მოუწევს ერთი რბოლის გამოტოვება.

ესპანეთის დიდი პრიზი
ბარსელონა, ცირკვიტ კატალუნია, დისტანცია 307.104 კმ (4.655 კმ, 66 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:41:05.155
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                      +00:00.636
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            00:49.014
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              01:16.702
5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     01:19.293
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    01:27.743
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1 წრე
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1 წრე
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1 წრე
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1 წრე
11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1 წრე
12. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                       1 წრე
13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1 წრე
14. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1 წრე
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1 წრე
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1 წრე
17. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                    1 წრე
18. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                       2 წრე
19. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     2 წრე
20. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)                2 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                         32 წრე
გ. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              42 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: სებასტიან ფეტელი - 1:28.918, 55-ე წრე


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 100 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 97; 3. ფერნანდო ალონსო - 49; 4. სებასტიან ფეტელი - 45; 5. დანიელ რიკარდო - 39; 6. ნიკო ჰულკენბერგი - 37; 7. ვალტერი ბოტასი - 34; 8. ჯენსონ ბატონი - 23; 9. კევინ მაგნუსენი - 20; 10. სერხიო პერესი - 20; 11. კიმი რაიკონენი - 17; 12. ფელიპე მასა - 12; 13. რომენ გროჟანი - 4; 14. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 15. დანილ კვიატი - 4

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 197 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 84; 3. ფერარი - 66; 4. ფორს ინდია-მერსედესი - 57; 5. უილიამს-მერსედესი - 46; 6. მაკლარენ-მერსედესი - 43; 7. ტორო როსო-რენო - 8; 8. ლოტუს-რენო - 4

No comments:

Post a Comment