13 მარტი
სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ქართველი მრბოლი ნიკა
სურგულაძე ფორმულა ერთისკენ მიმავალ აღმართს შეუდგა. როგორც მის მენეჯერ სტივ
რობერტსონის მიერ დასახული გეგმის პირველი ეტაპი გულისხმობდა, ჩვენებური ამ გზას
ფორმულა რენო 2.0-ით იწყებს. ბარსელონაში ბაზირებულ ფინურ გუნდ „კოირანენ GP-სათან“
ერთად, ის უკვე შეუდგა წინასასეზონო ტესტირებას.
ჯერ, წარმოდგენა რომ გქონდეთ ამ გუნდზე, გეტყვით,
რომ მის ხელში გამოიარეს „უილიამსის“ ფინელმა პილოტმა ვალტერი ბოტასმა და „ტორო
როსოს“ რუსმა ახალწვეულმა დანიილ კვიატმა. ბოტასი 2007 წელს, ფორმულა რენო 2.0-ის
ჩრდილოევროპულ სერიაში მესამე ადგილზე გავიდა, კვიატმა კი 2012 წელს ფორმულა რენო
2.0-ის სერია ალპსის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ერთი წლით ადრე, ამავე სერიაში
ჩემპიონი ესპანელი კარლოს საინს უმცროსი (რალის ორგზის მსოფლიო ჩემპიონ კარლოს
საინსის შვილი) გახდა, ვინც „რედ ბულის“ იუნიორთა პროგრამის წევრია და მალე ფ1-ში
ვიხილავთ. 2010 წელს, ფორმულა რენო 2.0-ის ევროკაპის ჩემპიონი გახდა „კოირანენ GP-ს“
ესტონელი მრბოლი კევინ კორიუსი.
„კოირანენ GP-ს“ ახალ სეზონშიც ძალიან ძლიერი შემადგენლობა
ჰყავს. სურგულაძის თანაგუნდელები არიან „მაკლარენის“ ჰოლანდიელი ამომავალი
ვარსკვლავი, 19 წლის ნიკ დ ფრისი (უკვე ორწლიანი გამოცდილება აქვს ფორმულა რენო
2.0-ის სერიებში) და 19 წლის იტალიელი (ქალაქ ბარიდან) იგნაციო დ’აგოსტო, რომელსაც
ფორმულას კლასის რბოლებში (უმეტესად ფორმულა რენო 2.0-ის სერიებში) ასევე ორწლიანი
გამოცდილება აქვს.
ესპანეთის ტრეკ მოტორლენდსა და საფრანგეთის პოლ
რიკარზე, ნიკამ თავის გუნდთან ერთად, უკვე სამ-სამი დღე გაატარა ტესტებზე და გუნდის
ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კმაყოფილია თავად სურგულაძეც,
ვისთვისაც ეს ტესტები პირველ რიგში, სწავლის და ბოლიდთან მიჩვევის ეტაპია, რადგან ამ
კლასის ღიაბორბლიანი ავტომობილებით მას არასდროს უასპარეზია (საქართველოს ჩემპიონატში
ფორმულა ალფათი ორ-სამ რბოლაში მონაწილეობა ამინდს ვერ შექმნის).
„რთული
ტესტები იყო, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. ფორმულას ტიპის მანქანის მართვის დიდ
გამოცდილება არ მაქვს და მაინც, გამოცდილ პილოტებს შორის შუაში ვიყავი. და ძალიან
მიხარია, რომ თანგუნდელებად ნიკი და იგნაციო მყავს, რაც მათგან ბევრი რამის
სწავლის საშუალებას მომცემს“, - მოტორლენდის ტესტების შემდეგ განაცხადა 17 წლის
სურგულაძემ.
აღსანიშნავია, რომ ტესტებზე ნიკა სამხრეთ აფრიკის
დროშით გამოდის, მის ბოლიდზე ქართული დროშის გამოჩენა კი საქართველოს სპორტის
სამინისტროზეა დამოკიდებული, რომლისგანაც ქართველი მრბოლი ფინანსურ მხარდაჭერას
ელის.
ასევე ნახეთ:
No comments:
Post a Comment