Gordon Murray: I’ve Got One More Supercar Left In
Me
26 თებერვალი
სახელოვანი სამხრეთაფრიკელი საავტომობილო ინჟინერი,
ფორმულა ერთის არაერთი გამორჩეული პროექტის და ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ „მაკლარენ
F1-ის“ ავტორი გორდონ მარი ამბობს, რომ მას კიდევ ერთი სუპერ ავტომობილის
შემუშავების სურვილი აქვს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ გრანდებს,
როგორებიცაა „ფერარის“ უახლესი „ლაფერარი“, „მაკლარენის“ P1 და „პორშეს“ „918 სპაიდერი“.
მარი თვლის, რომ ამ ავტომობილებში ელექტრულ სისტემებს დიდი ადგილი უკავია, ისინი
მანქანებს ამძიმებენ და „მძღოლისგან აშორებენ“.
„ჩემს გონებაში კიდევ ერთი სუპერ ავტომობილი მწიფდება.
მე მახალისებს ამ ახალი სუპერ ავტომობილების ტალღა. ეს ავტომობილები ერთნახევრიდან
ორ ტონამდე იწონიან, გაძეძგილებია ელექტრონიკით და ყველანაირი უსარგებლო
მოწყობილობებით. მე ამ ყველაფერზე უარს ვიტყვი და გავაკეთებ ავტომობილს, რომელიც ისევ
მძღოლზე იქნება ორიენტირებული“, - ამბობს მარი.
ის განმარტავს, რომ ახალ ავტომობილზე მუშაობისას, აქცენტს
მსუბუქი კონსტრუქციის შემუშავებაზე გააკეთებს. ამასთან, ავტომობილი აუცილებლად
მხოლოდ შიდაწვის ძრავით აღიჭურვება. მარი ამბობს, რომ მის კომპანია „გორდონ მარი დიზაინს“
არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უმაღლესი კლასის ავტომობილი აწარმოოს. თუმცა, იმის
უნარი კი შესწევს, რომ 100 სუპერ ავტომობილის დამზადება შეძლოს.
უფრო მეტიც, როგორც თავად ამბობს, მისი კომპანია ამჟამად
ცხრა სხვადასხვა ტიპის ავტომობილზე მუშაობს, რომელთა შორისაცაა საქალაქო
ავტომობილები, უგზოობის ავტომობილები და სპორტული ავტომობილი, რომლის დანიშნულებაც,
მძღოლისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭება იქნება. მისი თქმით, ეს ავტომობილი 2017
წელს იქნება მზად. შეგახსენებთ, რომ ახლახანს, ტოკიოს მოტორ შოუზე, რომელიც ნოემბერში
გაიმართა, მარიმ და მოტოციკლების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია „იამაჰამ“
კონცეპტუალური საქალაქო მინი ავტომობილი „მოტივი“ წარადგინეს, რომლის წარმოების
დაწყებაც მალე იგეგმება.
მარიმ ასევე განცხადა, რომ არ მოსწონს ფორმულა
ერთის მიერ აღებული განვითარების მიმართულება. ამასთან დასძენს, რომ „მაკლარენს“
საგზაო ავტომობილების წარმოების სტრატეგია დაუსახა, სანამ ამ კომპანიას დატოვებდა.
ამ სტრატეგიის შესაბამისად, F1-ის შემცვლელი, მასზე პატარა ავტომობილი უნდა ყოფილიყო,
რომელსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მზიდი სტრუქტურა და ატმოსფერული
ძრავი ექნებოდა.
დაბოლოს,
მარი ამბობს, რომ სიამოვნებით დაუბრუნდება მოტორსპორტს, ოღონდ ფორმულა ერთის ნაცვლად,
ახლა მისი პრიორიტეტი ლე მანია.
No comments:
Post a Comment