Mercedes-Benz Officially Launches F1 W05 Car at Jerez
28 იანვარი
სამქიმიანები, უფრო სწორედ, ვერცხლისფერ ისრებს,
როგორც მათ თავიანთ გუნდს ახალი ბოლიდის პრეზენტაციაზე ოდინდელი მეტსახელი
დაუბრუნეს, ამბიციების ნაკლებობას არც ადრე უჩიოდნენ, მაგრამ ახალ სეზონზე ისინი
განსაკუთრებულ იმედებს ამყარებენ - რეგლამენტის რადიკალური (და მრავალწერტილოვანი)
ცვლილება, მათ (ისევე როგორც სხვა, არანაკლებ ამბიციურ გუნდებს) იმის შანსს
აძლევს, რომ „რედ ბულის“ დაუსრულებელ ჰეგემონიას წერტილი დაუსვან. მოკლედ, ეს
ძველი სიმღერაა...
ახალი კი მანქანის ცხვირია, ოღონდ, თავისუფლად
შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ზომიერი. მას არც კლანჭისებრი წანაზარდი აქვს და არც
ნისკარტისებრი. არც ორკაპაა და არც „ფერარის“ მსგავსი სქელი შუბლით გამოირჩევა.
ახალ მანქანაზე მუშაობისას, ბრეკლიში კონსერვატიული მიდგომა აირჩიეს. ვნახოთ,
ამისგან რა გამოვა. სებასტიან ფეტელი დარწმუნებულია, რომ „ფერარის“ და ახლა უკვე
„მერსედესსაც“, სეზონამდე, ან სეზონის დაწყების შემდეგ, ამათ კლანჭებზე გადასვლა
მოუწევთ... იქნებ დანარჩენებს მოუწიოთ პლასტიკური ოპერაციების გაკეთება? სხვისი რა
გითხრათ, მაგრამ სებს ედრიან ნიუის იმედი აქვს - მან ხომ ოთხი ჩემპიონი მანქანა
შექმნა!
მაგრამ ფ1-ის გენიოსიც უკვე წუწუნებს - მას არ
მოსწონს წინა ანტი ფრთების სამაგრი ვერტიკალური ფირფიტები - ნორმალურ აეროდინამიკას
ხელს უშლისო. სხვათა შორის, ამ საკითხს ნიუისგან განსხვავებულად მიუდგნენ „მაკლარენში“
და „ფორს ინდიაში“...
ვერცხლისფერ ისრებს დავუბრუნდეთ. როგორც ისინი ამბობენ,
1954 წლის შემდეგ, W05 სრულიად ახალი ვერცხლისფერი ისარია. ეს მიგვანიშნებს იმაზე,
რომ აქამდე გუნდი ჩემპიონი „ბრაუნის“ კონცეპციის ევოლუციაზე მუშაობდა, რომელიც
თავის მხრივ, როს ბრაუნის გუნდს „ჰონდამ“ დაუტოვა. გუნდის განცხადებაში ნათქვამია,
რომ ამ მანქანის შექმნა, რამდენიმე სეზონის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების
შედეგია, მაგრამ ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთო.
გუნდის აღმასრულებელი დირექტორი (ბიზნესის სფეროში)
ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ნიკო როსბერგმა და ლუის ჰამილტონმა მცირე არდადეგების შემდეგ,
პრაქტიკულად მთელი ზამთარი ბრეკლიში გაატარეს და უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ახალი
ტექნოლოგიების ათვისებაში. მათ მიერ თავიანთ ინჟინრებთან ერთად შესრულებული
სამუშაო კი აუცილებლად გამოიღებს დადებით ნაყოფს.
რაც შეეხება ძრავს, სამქიმიანებმა მასზე მუშაობა 2011
წელს დაიწყეს, როგორც კი ძრავების ახალი რეგლამენტი დამტკიცდა. გავრცელებული
ინფორმაციით, „მერსედესმა“ ყველაზე ძლიერი ძრავი მოამზადა, თუმცა ამ შემთხვევაში,
სიმძლავრეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ამ აგრეგატების გამძლეობაა...
No comments:
Post a Comment