Motor racing-Toro Rosso raise eyebrows and
questions
27 იანვარი
ფორმულა ერთის ახალი ბოლიდების ცხვირები სახალისო
თემად იქცა. ჭიანჭველაჭამია (უილიამსი), სქელშუბლა (ფერარი), ბრჭყალი (მაკლარენი)
და ორკაპა (ლოტუსი) - ერთი შეხედვით, ეს ავტომობილები სწორედ მათს მეტსახელებს
მოგაგონებთ. და აი, ხერესის ტესტების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, „ტორო
როსომ“ თავისი შედევრი გვიჩვენა, რომლის ცხვირიც ალბათ ყველაზე მეტად, მტაცებელი
ფრინველის ნისკარტს მოგაგონებთ.
ყველაზე მეტად, STR9 ცხვირის კონსტრუქცია, „მაკლარენის“,
„უილიამსის“ და „ზაუბერისას“ ჰგავს. ეს ავტომობილი, გუნდის ახალი ტექნიკური დირექტორის,
ბრიტანელი ჯეიმს კის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ვინც ადრე ამავე თანამდბობაზე „ზაუბერსა“
და „ფორს ინდიაში“ მუშაობდა. მან განაცხადა, რომ STR9-ს შემუშავების პროცესში,
ძირითადი ყურადღება, აეროდინამიკას დაეთმო. სხვათა შორის, ამ მიმართულებით
გასაძიერებლად, „ტორო როსომ“ რამდენიმე ძიერი სპეციალისტი მოიზიდა.
მთავარი ინჟინერი ლუკა ფურბატო ამბობს, რომ ამ
მანქანის კონცეპციაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. ინჟინრებმა მარტო ძრავის
გაგრილების 17 ვარიანტი განიხილა, რა დროსაც მხედველობაში ღებულობდნენ არამხოლოდ სისტემის
ეფექტურობას, არამედ იმასაც, რომ მას ჰაერის შემხვედრი ნაკადისთვის ნაკლები წინააღმდეგობა
გაეწია. იმის გამო, რომ ახალ აგრეგატს გაცილებით ძლიერი გაგრილების სისტემა სჭირდება,
რადიატორების ჰაერის ამღებთა განივკვეთი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აეროდინამიკა
გააუარესა. საერთო ჯამში, გასული წლის ავტომობილთან შედარებით, ახალ ავტომობილს დეტალების
98 პროცენტი ახალი აქვს.
„ტორო როსო“ ახალ სეზონს ახალი ძრავებით იწყებს - „ფერარი“
„რენომ“ ჩაანაცვლა, რომელიც იტალიური გუნდის უფროსი ნათესავის, „რედ ბულის“
პარტნიორიცაა. გუნდს ერთი ახალი პარტნიორიც ჰყავს საინვესტიციო ჯგუფ „საპინდას“
სახით. სხვა მხრივ, ყველა ძირითადი სპონსორი შენარჩუნებულია. ესენია ნავთობკომპანია
„სეპსა“, ფარმაცევტული „ნოვა ქემიკალსი“ და სამრეწველო კონგლომერატი „სიმენსი“.
პილოტები არიან: ფრანგი ჟან-ერიკ ვერნი, რომელმაც
გასული სეზონიც „ტორო როსოში“ გაატარა და რუსი დანიილ კვიატი, ვინც გასულ სეზონში
სერია GP3 მოიგო.
სხვათა შორის, სხვა მანქანების ცხვირებზე
საუბრისას, კიმ განსაკუთრებით „ლოტუსის“ გადაწყვეტა გამოჰყო. „ეს ძალიან საინტერესო
იდეაა. მაგრამ იბადება კითხვა - შეესაბამება, თუ არა რეგლამენტს? ვნახოთ“, -
ამბობს კი და დასძენს, რომ მისმა გუნდმაც განიხილა მსგავსი ვარიანტი, თუმცა
საბოლოოდ მასზე უარი თქვეს: „თეორიულად, ასეთი ცხვირი კარგად იმუშავებს, მაგრამ
მასვე არაერთი უარყოფითი თვისებაც აქვს, რის გამოც, ასეთ ვარიანტზე უარი ვთქვით.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ ვარიანტს არ მივუბრუნდებით.
ამ საკითხს ტესტების შემდეგ განვიხილავთ“.
No comments:
Post a Comment